ირაკლი კობახიძე – ქვეყნის განვითარების ახალი სტრატეგია მომზადდება 2026-2035 წლებისთვის – დოკუმენტში ზუსტად განისაზღვრება ის შედეგები, რომელსაც უნდა მიაღწიოს ქვეყანამ 10-წლიან პერსპექტივაში
ქვეყნის განვითარების მოქმედი სტრატეგია იყო შედგენილი 2030 წლის ჩათვლით, რაც შეეხება ახალ სტრატეგიას, ის მომზადდება მომდევნო ათწლიანი პერიოდისთვის 2026-2035 წლებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, დოკუმენტში კომპაქტურად უნდა იყოს წარმოდგენილი თითოეული პრიორიტეტი.
„ქვეყნის განვითარების მოქმედი სტრატეგია იყო შედგენილი 2030 წლის ჩათვლით. რაც შეეხება ახალ სტრატეგიას, ის მომზადდება მომდევნო ათწლიანი პერიოდისთვის 2026-2035 წლებისთვის. შესაბამისად, აქ იქნება შემდეგი ათი წლისთვის ასახული პრიორიტეტები. რაც შეეხება თვითონ დოკუმენტის შინაარსს, ამაზე გვექნება საუბარი მინისტრებთან ერთდ. ეს უნდა იყოს ძალიან ლაკონური დოკუმენტი, კომპაქტურად უნდა იყოს წარმოდგენილი თითოეული პრიორიტეტი. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, დღევანდელი დღიდან რა შედეგზე უნდა გავიდეთ 10 წელიწადში. ამას კონკრეტული ვადებით დაერთვება სამოქმედო გეგმა. ეს ძალიან ლაკონური, კომპაქტური დოკუმენტი იქნება, სადაც ზუსტად განისაზღვრება ის შედეგები, რომელსაც უნდა მიაღწიოს ქვეყანამ 10-წლიან პერსპექტივაში”, – განაცხადა პრემიერმა.
