საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის მაჟილისის თავმჯდომარეს, იერლან კოშანოვს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის მაჟილისის თავმჯდომარეს, იერლან კოშანოვს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ მეგობრულ კავშირებსა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო და ყაზახეთი სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან და ბოლო პერიოდში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა სწრაფი ტემპით იზრდება.

შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით გაამახვილა ყურადღება. ამასთან, მიხეილ ყაველაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის მაჟილისის თავმჯდომარეს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ გვჯერა, რომ გვაქვს შესანიშნავი შესაძლებლობა, გავაფართოოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მეგობრობა და პარტნიორობა, რათა თანამშრომლობის ახალ სიმაღლეებს მივაღწიოთ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მზად ვართ ყველა ღონე ვიხმაროთ ორმხრივ თანამშრომლობაში ახალი პერსპექტიული სფეროების გამოსავლენად და უკვე არსებულის გასავითარებლად. ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ გავაღრმაოთ და განვამტკიცოთ ორმხრივი თანამშრომლობა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით და ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების პოტენციალის უკეთ ათვისებასა და ჩვენი ქვეყნებისთვის მეტი კეთილდღეობის შექმნაში. ჩვენ ქვეყნებსა და ხალხებს კარგად ესმით გეოპოლიტიკური ტურბულენტურობის დროს მშვიდობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის მნიშვნელობა, ამიტომ ჩვენი ურთიერთობები ორიენტირებული უნდა იყოს სამშვიდობო ინიციატივების მხარდაჭერასა და ეკონომიკურ პრაგმატიზმზე”,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები