პროკურატურა სააკაშვილ-მერაბიშვილ-კოდუასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ერეკლე კოდუასა და გია სირაძის სისხლის სამართლებრივ დევნაზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პროკურატურის მიერ მოწვეულ უცხოელ სისხლის სამართლის პრაქტიკოს სპეციალისტთა ჯგუფის დასკვნის თანახმად, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისია იმისათვის, რომ ვალერი გელაშვილის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ერეკლე კოდუასა და გია სირაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გაგრძელდეს.
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურატურის მოწვევით, 22 ივლისს თბილისში ჩამოვიდა მსოფლიოში აღიარებული სისხლის სამართლის პრაქტიკოს სპეციალისტთა ჯგუფი – იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი პოლ კაფი. მთავარი პროკურატურის ინიციატივით, მოწვეული სპეციალისტებისგან შეიქმნა პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ქართველი პროკურორებისთვის მათი გამოცდილებისა და სამართლის სფეროში არსებული მსოფლიო პრაქტიკის გაზიარება, რაც მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების წარმოების და პროცესის გამჭვირვალობისთვის. პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა დაასრულა მუშაობა 2005 წლის 14 ივლისს ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით და მოამზადა დასკვნა. საქმის შესწავლის პროცესში უცხოელ სპეციალისტებს პროკურატურის მიერ მიეწოდათ საგამოძიებო მასალები, მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებები”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ საქმეზე მომზადდა წინასწარი დასკვნა. “გამოძიების მიერ მოპოვეული მტკიცებულებები და მასალები სამართლებრივად და ფაქტობრივად საკმარისია იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ერეკლე კოდუასა და გია სირაძის მიმართ გაგრძელდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, ვალერი გელაშვილის მიმართ 2005 წლის 14 ივლისს განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით და საქმე წარმართულ იქნას სასამართლოში. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ უცხოელი პროკურორები ქართველი კოლეგების მიმართ ვალერი გელაშვილის საქმის გამოძიების წარმოებასთან დაკავშირებით კმაყოფილებას გამოთქვამენ და აღნიშნავენ, რომ საგამოძიებო პროცესი კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს და შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან”,- ნათქვამია განცხადებაში. მათივე განცხადებით, პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნა გასაჯაროვდება და როგორც ორიგინალის, ასევე ქართული ვერსიის ნახვა შესაძლებელი იქნება მთავარი პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე. “საქართველოს მთავარი პროკურატურა მადლობას უხდის მოწვეულ სპეციალისტებს თანამშრომლობისთვის და მათთან მუშაობას მომავალშიც განაგრძობს“,- აცხადებენ საგამოძიებო უწყებაში.