დავით ქართველიშვილი: ვაშინგტონი აღარ მალავს – რუსეთ-უკრაინის ომში მისი მიზანია მოლაპარაკება, კიევისთვის კი აშშ-ის მხარდაჭერას თან ახლავს ტერიტორიულ დათმობების აუცილებლობის მოთხოვნა
„ამასობაში, ბუდაპეშტის სამიტის წინ, აშშ-ს პრეზიდენტისა და უკრაინის ლიდერის შეხვედრა თეთრ სახლში გამორჩეულად მკაცრ ტონში წარიმართა. დასავლური სააგენტოების ცნობით, დიალოგი შორს იყო დიპლომატიური თავაზიანობისგან – მხარეებმა ერთმანეთს მყარი შენიშვნები გაუცვალეს, ხოლო მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი წერს.
მისი თქმით, ვაშინგტონი აღარ მალავს – რუსეთ-უკრაინის ომში მისი მიზანია მოლაპარაკება, კიევისთვის კი აშშ-ის მხარდაჭერას თან ახლავს ტერიტორიულ დათმობების აუცილებლობის მოთხოვნა.
„შეხვედრის მთავარი თემა იყო უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების, მათ შორის, შორი დისტანციური Tomahawk-ის ტიპის რაკეტებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების შესაძლო გადაცემის საკითხი. თუმცა ტრამპმა მხარდაჭერის დაპირების ნაცვლად ხაზგასმით აღნიშნა: „გაჩერდით იქ, სადაც ხართ”, რაც ბევრი დამკვირვებლის აზრით, მიუთითებს ფრონტის გაყინვის, ან საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შეთავაზებაზე.
Reuters-ისა და AP News-ის ინფორმაციით, ტრამპმა პირდაპირ თქვა, რომ უკრაინამ უნდა განიხილოს ტერიტორიული დათმობების შესაძლებლობა მშვიდობის მიღწევის სანაცვლოდ. საუბარი შესაძლოა შეეხებოდა იმ რეგიონებს, რომლებიც ამჟამად რუსეთის კონტროლს ექვემდებარება, ან სადავო ზონად ითვლება.
ზელენსკიმ, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობას და უარყო დათმობების შესაძლებლობა. შეხვედრის დროს, წყაროთა ცნობით, ტრამპმა იგი დაადანაშაულა „მილიონობით სიცოცხლით თამაშში” და „მშვიდობისადმი მოუმზადებლობაში”, რაც უკრაინულ დელეგაციაში აშკარა დაძაბულობას იწვევდა.
რამდენიმე წყარომ (რომლებმაც ანონიმურობა შეინარჩუნეს), დაადასტურა, რომ დიალოგი მაღალი ტონით წარიმართა. ტრამპი მკვეთრად, ზოგჯერ შეუვალი ტონით საუბრობდა, მოითხოვდა კიევისგან „მშვიდობისკენ გადადგულ რეალურ ნაბიჯებს”. უკრაინული დელეგაცია ელოდა უფრო კონკრეტულ გადაწყვეტილებებს შეიარაღების მიწოდებაზე, თუმცა Tomahawk-ების, ან სხვა ახალი პაკეტის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ ყოფილა.
მოსალოდნელი იყო, რომ ევროპელი პარტნიორები შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ ვაშინგტონის ახალი მიდგომა შესაძლოა უკრაინის პოზიციას დააზიანოს მომავალ მოლაპარაკებებში მოსკოვთან. ანალიტიკოსთა შეფასებით, ტრამპის ადმინისტრაცია მკაფიოდ მიანიშნებს პოლიტიკის ცვლილებაზე – სამხედრო მხარდაჭერიდან „დიპლომატიურ გარიგებებზე” გადასვლით.
აშშ ამჟამად დაუფარავ მიზნად ისახავს მშვიდობას, რის ფასადაც მოითხოვს უკრაინისგან კომპრომისისთვის მზადყოფნას. შესაძლოა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრამ კონკრეტული შედეგები არ გამოიღო, თუმცა გახდა გარდამტეხი მომენტი ამერიკულ-უკრაინულ ურთიერთობებში. ვაშინგტონი აღარ მალავს – მისი მიზანია არა ხანგრძლივი ომი, არამედ მოლაპარაკება ნებისმიერ ფასად. კიევისთვის კი ეს ახალი ეპოქის დასაწყისია – როცა მთავარი მოკავშირის მხარდაჭერას თან ახლავს ტერიტორიულ დათმობებზე აუცილებლობის მკაცრი მოთხოვნა”, – წერს დავით ქართველიშვილი.