დავით ქართველიშვილი – რადიკალების მხარდამჭერ ევროპელ ლიბერალებზე: საქართველო მათ „დაბალ ღობედ” მიაჩნიათ და ამიტომაც გვიბედავენ
„ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი იმ უცხოელ აქტორებზე სოციალურ ქსელში წერს, რომლებმაც რადიკალური ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას მხარი დაუჭირეს.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც არეულობას სხვა ქვეყნებშიც ისურვებდნენ და რომლებიც არიან გურამ შარაძის, რობერტ ფიცოს, დონალდ ტრამპის თუ ჩარლი კირკის შემდგარი და ვერშემდგარი მკვლელობების დამკვეთები.
„მიხაელ როთი, რასა იუკნევიჩიენე, მაია სანდუ, ანა ფოტიგა, მარკო მიჰკელსონი, ნატალი ლუაზო, ჟიგიმანტას პავილიონისი და სხვა უცხოელი აქტორები, რადიკალური ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას, რომლის მიზანიც, თავად აქციის ორგანიზატორების განცხადებითვე, ხელისუფლების დამხობა იყო, სოციალურ ქსელში მთელი დღის განმავლობაში ეხმიანებოდნენ და აქციას ღიად უჭერდნენ მხარს.
მათ ვირტუალურ გასაგონად მინდა წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როცა დაახლოებით ათასი აგრესიული ადამიანი ვაშინგტონში იწყებს თეთრი სახლის გარშემო აღმართული ღობის ჩამოშლას და ცდილობს ძალით შეიჭრას ტერიტორიაზე, რათა იქედან პრეზიდენტი გამოათრიოს. ასეთი ქმედება ამერიკის კანონმდებლობით ჩაითვლებოდა არა ერთ უბრალო სამართალდარღვევად, არამედ მთელი რიგი მძიმე ფედერალური დანაშაულების ერთობლიობად.
პროკურატურა ამ შემთხვევაში წარადგენდა რამდენიმე ბრალდებას ერთდროულად – დაწყებული უკანონო შეჭრითა და სახელმწიფო ქონების დაზიანებით, დამთავრებული სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ან პრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობით. სასჯელი ასეთ შემთხვევაში შეიძლება მერყეობდეს რამდენიმე თვიდან მრავალ ათწლეულამდე, ხოლო გარკვეულ ვითარებაში – სამუდამო პატიმრობამდეც. არ დავიზაროთ და ჩამოვთვალოთ ეს ძირითადი ფედერალური მუხლები და სასჯელები:
უკანონო შეჭრა ან შეღწევა დაცულ ტერიტორიაზე: 18 U.S.C. § 1752 კრძალავს შესვლას ან დარჩენას სპეციალურად დაცულ ზონებში, მათ შორის პრეზიდენტის რეზიდენციაში. თუ გამოყენებულია იარაღი ან ძალადობა, სასჯელი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 10 წელი; მარტივი შეჭრისას – 6 თვიდან 1 წლამდე;
ფედერალური ქონების განზრახ დაზიანება: 18 U.S.C. § 1361 სახელმწიფო საკუთრების განადგურება ან დაზიანება 1 000 დოლარზე მეტი ზარალით ისჯება 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
შეთქმულება ხელისუფლების ძალით დამხობის მიზნით: 18 U.S.C. § 2384 (seditious conspiracy) – თუ ორი ან მეტი პირი გეგმავს აშშ-ის მთავრობის ძალით დამხობას ან კანონების შესრულების ჩაშლას, სასჯელია მაქსიმუმ 20 წელი ციხეში. ათასობით ადამიანის ორგანიზებული მცდელობა პრეზიდენტის ძალით გამოყვანისა – ამ მუხლის ქვემდებარეა;
ამბოხი ან აჯანყება: 18 U.S.C. § 2383 (insurrection) – ვინც აწყობს ან მონაწილეობს აჯანყებაში აშშ-ის ხელისუფლების წინააღმდეგ, ისჯება 10 წლამდე პატიმრობით და სამუდამოდ კარგავს სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლებას;
პრეზიდენტზე თავდასხმა ან მისი გატაცება: 18 U.S.C. § 1751 ძალადობრივი ქმედება პრეზიდენტის მიმართ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დანაშაულად. სასჯელი შეიძლება იყოს სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა, განსაკუთრებით თუ შედეგად დადგა პრეზიდენტის სიცოცხლის საფრთხე ან სიკვდილი;
ჩამოვთვალოთ სხვა შესაძლო ბრალდებებიც: თავდასხმა ფედერალურ ოფიცერზე (18 U.S.C. § 111); შეთქმულება დანაშაულის ჩასადენად (18 U.S.C. § 371); კანონიერი პროცესის ჩაშლა ან მართლმსაჯულების ხელის შეშლა (18 U.S.C. § 1512).
თავში ჩამოთვლილ ჩვენთვის სამწუხაროდ კარგად ნაცნობ პირს – სძულს იგივე დონალდ ტრამპი და ორბელიანის მოედანზე გუშინ განვითარებულ სცენარს ისინი, რა თქმა უნდა, ისურვებდნენ თეთრი სახლის შემთხვევაშიც, რომ არა ყველასთვის გასაგები ერთი „მაგრამ”. საქართველო კი, მათ „დაბალ ღობედ” მიაჩნიათ და ამიტომაც გვიბედავენ. მიხაელ როთი, რასა იუკნევიჩიენე, მაია სანდუ, ანა ფოტიგა, მარკო მიჰკელსონი, ნატალი ლუაზო, ჟიგიმანტას პავილიონისი – ესენი არიან გურამ შარაძის, რობერტ ფიცოს, დონალდ ტრამპის თუ ჩარლი კირკის შემდგარი და ვერშემდგარი მკვლელობების კულუარული დამკვეთები და როგორც მინიმუმ მათი ნაწილის მიმართ მაინც, გუშინდელ მოწოდებებზე დაუსწრებლად უნდა იქნეს წაყენებული ბრალი,” – წერს დავით ქართველიშვილი.