“არჩევნებმა მშვიდ, გამართულ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა” – გიორგი კალანდარიშვილი

“არჩევნებმა მშვიდ, გამართულ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, საარჩევნო ადმინისტრაციამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო დღე წარმატებით დაასრულა.

“ახლა უკვე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში, ფართო მასშტაბით პირველად იქნა გამოყენებული საარჩევნო ელექტრონული აპარატები და არჩევნების მოდერნიზების ეს ეტაპიც შედგა.

მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ადმინისტრირების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური პროცესია, არჩევნებმა მშვიდ, გამართულ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. ის ფაქტი, რომ პროცესი ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე წარიმართა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დაგეგმვასა და ორგანიზებას მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს.

პროცესის წარმატებით წარმართვაში ადმინისტრაციასთან ერთად განსაკუთრებული წვლილი ამომრჩევლებმა შეიტანეს, რომლებმაც ტექნოლოგიების გამოყენებით, შეუფერხებლად, მარტივად გააკეთეს არჩევანი. მადლობას ვუხდი მათ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისა და აქტიურობისთვის, რაც ამ პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და ღირებულებაა.

“აქვე მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომპანია საერთაშორისო ვენდორ კომპანია „სმარტმატიკს“, რომელთან თანამშრომლობითაც წარმატებით გრძელდება არჩევნების მოდერნიზების პროცესი.

ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკულ კომპანია „Pro V&V”-ს, რომელმაც უკვე მეორედ, პროფესიულ დონეზე განახორციელა საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტი და არ დატოვა კითხვები არჩევნებში ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით.

მადლობას ვუხდი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებს, მედიას, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესში. თქვენმა ჩართულობამ, დაკვირვებამ და აქტიურობამ ხელი შეუწყო მოქალაქეების ინფორმირებას, პროცესის გაშუქებასა და მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.

და, რა თქმა უნდა, არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საარჩევნო მოხელეებს, როგორც საუბნო ასევე საოლქო დონეზე, რომლებმაც შეძლეს კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად წარმართვა. მათი თავდადება, მოთმინება, პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა იყო საიმედო საფუძველი, რომელზეც დაშენებულია დღევანდელი დღის წარმატება.

ყველა მონაწილე მხარის მიერ ერთობლივმა ძალისხმევამ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არჩევნები არა მხოლოდ ადმინისტრაციული პროცედურაა, არამედ პირველ რიგში არის საერთო საქმე.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება გვაძლევს საშუალებას, დღეს, კენჭისყრის დასრულებიდან საათსა და 25 წუთში გაგაცნოთ წინასწარი პირველადი შედეგები.

აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნებს საქმიანობა ჯერ არ დაუსრულებიათ, ვინაიდან აპარატების მიერ დათვლის გარდა, კომისიები ხელით დამატებით დაითვლიან შედეგებს, რის შემდგომაც შედგება შემაჯამებელი ოქმები. ახლა საარჩევნო უბნებზე სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, როგორც მოდერნიზებულ, ისე ტრადიციულ საარჩევნო უბნებზე, ისინი უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს, აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის,” – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები