უკანასკნელი გზავნილი „ტიტანიკიდან“ — 19 წლის ჯერემია ბარკის ისტორია
ტიტანიკის კატასტროფა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენად რჩება, რომელმაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თუმცა, ზოგიერთი მათგანის უკანასკნელი წუთები დღემდე გულწრფელი ემოციებისა და მარადიული სიყვარულის სიმბოლოდ ინახება. ერთ-ერთი ასეთი შემძვრელი ამბავი 19 წლის ირლანდიელ ემიგრანტს, ჯერემია ბარკს, უკავშირდება, რომელიც კატასტროფის დროს მინის ბოთლში ჩადებული წერილით ეცადა საყვარელ ადამიანებთან კავშირის შენარჩუნებას.
ჯერემიას წერილი მოკრძალებული, თუმცა ემოციური იყო: „From Titanic, goodbye all. Burke of Glanmire, Cork.“ ეს უბრალო სიტყვები მისი ოჯახისადმი უსაზღვრო სიყვარულისა და ერთგულების გამოხატულება გახდა.
ჯერემია ბარკი 1893 წელს, ირლანდიაში, ბალინოეში დაიბადა. ის რვა შვილიდან ერთ-ერთი იყო და ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი ოჯახურ ფერმაში გაატარა. ამერიკაში გადასვლის გადაწყვეტილება მან მისივე დების დასახმარებლად მიიღო, რომლებმაც იქ ახალი ცხოვრება დაიწყეს. მისი ბილეთის ნომერი გახლდათ 365222, რომლის ღირებულებაც £6-ზე ოდნავ მეტს შეადგენდა.
ტიტანიკის ჩაძირვიდან, დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ, მინის ბოთლი, რომელშიც ჯერემიას წერილი ინახებოდა, კორკის სანაპიროზე იპოვეს. ის შემთხვევით აღმოაჩინა ადამიანმა, რომელიც ძაღლთან ერთად სეირნობდა. ბოთლი პოლიციას გადაეცა, რომელმაც ის ოჯახს დაუბრუნა.
ახალგაზრდა მამაკაცის დედამ, ქეით ბარკმა, შვილის ხელწერა მაშინვე იცნო და დაადასტურა, რომ წერილი მისი ბიჭის დაწერილი გახლდათ. ეს იყო უკანასკნელი გზავნილი შვილისგან. ამ შემზარავმა ამბავმა და შვილის დაკარგვის ტკივილმა ქეით ბარკი რამდენიმე დღეში შეიწირა.
2011 წელს წერილი და მინის ბოთლი ტიტანიკის მემორიალურ ცენტრში გამოიფინა, სადაც დღემდე ინახება.