მოსამართლემ ბაჩო ახალაიას პროცესის დამსწრეთა უმრავლესობას დარბაზი დაატოვებინა
საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების საქმის მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დღევანდელი განაჩენის გამოცხადებისას პროცესის დამსწრეთა უმრავლესობას დარბაზი დაატოვებინა. ამის მიზეზი ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენის ნაწილში დარბაზის ოვაციები გახდა.
რაც შეეხება, გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებას, დარბაზის იმ ნაწილმა, რომელიც გამოცხადებას ესწრებოდა, აღნიშნული გააპროტესტა და სასამართლო დარბაზი დატოვა. სასამართლოს დერეფანში მობილიზებული არიან როგორც საპატრულო პოლიცია, ასევე სასამართლოს მანდატურის სამსახური.
შეგახსენებთ, რომ ე.წ.ნავთლუღის სპეცოპრაციის საქმეზე ბაჩო ახალაია 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს, გამართლდა. 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 144-ე მუხლის (წამება) საფუძველზე კი მას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.