ირაკლი ალასანია აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს შეხვდა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი ფილიპ ბრიდლავი იმყოფება.
ნატოს სამხედრო მაღალჩინოსანი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს და საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო მისიებში.
განსაკუთრებული ყურადღება უელსის სამიტის შემდეგ საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხებს დაეთმო. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზეც იმსჯელეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.
შეხვედრას ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი დაესწრნენ. ქართულ მხარეს საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, ასევე, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები წარმოადგენდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, გენერალი ფილიპ ბრიდლავი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრება.
ნატოს სამხედრო მაღალჩინოსანი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის ლექციას წაიკითხავს და მათ კითხვებს უპასუხებს.
ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების (SHAPE) უმაღლესი მთავარსარდალი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი ფილიპ ბრიდლავი საქართველოდან დღეს გაემგზავრება.