გია ვოლსკი: დივერსია ხორციელდება, საზოგადოების ახალ თაობაში წინააღმდეგობების შექმნა, ერთმანეთთან დაპირისპირება, ნარკოტიკი, იარაღი, ასაფეთქებელი, ეს არის დივერსია და კონსპირაცია
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საზოგადოების ახალ თაობაში წინააღმდეგობების შექმნით, ერთმანეთთან დაპირისპირებით, ნარკოტიკების, იარაღის და ასაფეთქებლების გამოყენებით დივერსია ხორციელდება.
როგორც ვოლსკიმ „ღამის კურიერის“ ეთერში აღნიშნა, „რუსული თემით გადარიეს ბავშვები და მათ ნაწილს დააჯერეს, რომ ქვეყანა კურსს იცვლის“.
„რაც შეეხება რუსულ თემას, რითაც გადარიეს ეს ბავშვები. რასაკვირველია იქ არიან სექტანტები და იმათ არ ეშველებათ არაფერი, შეპყრობილი ხალხია. მაგრამ, არიან იქ ადამიანები, ვისაც მართლა ჰგონია, რომ კურსს იცვლი. ან რაღაც წაიკითხონ, ან ახალი ამბები გაიგონ რა ხდება მსოფლიოში. ვინ ვინ დაბომბა, რა საფრთხეებს შეიცავს თუნდაც მოლაპარაკებას როგორ ცდილობს აშშ-ის ადმინისტრაცია, რა უპირისპირდება ამას და საქართველო რატომ არის ესოდენ მნიშვნელოვანი. რატომ უნდათ აქ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ხვალ ომში ჩაერთვება და სურათი ნათელია, ამ ნათელ სურათს რომ ვერ ხედავ, ლაპარაკობ იმაზე, რომ ეს რუსული კანონია, ეს ოჯახური სიწმინდის დაცვა სუფთა რუსულია. დივერსია ხორციელდება, საზოგადოების ახალ თაობაში წინააღმდეგობების შექმნა, ერთმანეთთან დაპირისპირება, ნარკოტიკი, იარაღი, ასაფეთქებელი – ეს არის დივერსია და ეს არის კონსპირაცია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.