ფრიდრიხ მერცი – ვფიქრობ, ომი დიდხანს გაგრძელდება – ვცდილობთ, ის მალე დავასრულოთ, თუმცა არა უკრაინის კაპიტულაციის ფასად

გერმანიის ლიდერი ფრიდრიხ მერცი, გერმანულ მედიასთან აცხადებს, რომ ომი უკრაინაში კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ასევე ამბობს, რომ კიევის პარტნიორები ომის რაც შეიძლება მალე დასრულებას ცდილობენ, თუმცა, მისივე თქმით, მშვიდობა უკრაინის კაპიტულაციის ხარჯზე არ უნდა დამყარდეს.

როგორც კანცლერი აცხადებს, უკრაინის დანებების შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებები მყისიერად დასრულდებოდა, თუმცა ეს მიუღებელია, რადგან უკრაინის კაპიტულაციის შემდეგ ევროპის ქვეყნები რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან.

გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელ ZDF-თან ინტერვიუში, როდესაც მერცს ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა წელს ცეცხლის შეწყვეტა, მან თქვა: „მე არ დამიკარგავს იმედი, რომ ჩვენ ამის მიღწევას შევძლებთ, თუმცა ილუზიებიც არ მაქვს“.

ის ასევე აცხადებს, რომ „ნომერ პირველი პრიორიტეტი უკრაინის არმიის მხარდაჭერაა, რათა მათ შეძლონ ამ ქვეყნის დაცვა გრძელვადიან პერსპექტივაში“.

რაც შეეხება უკრაინაში ჯარების გაგზავნას, მერცმა აღნიშნა, რომ ეს არ განიხილება.

„ვაშინგტონში ჩვენი ვიზიტი წარმატებული იყო. გვაქვს წინსვლა, თუმცა არ უნდა ველოდოთ, რომ ყველაფერი მყისვე დასრულდება და მეორე დღესვე ყველაფერი კარგად იქნება. უსაფრთხოების გარანტიების განხილვისას პრიორიტეტი უკრაინის არმიის მხარდაჭერაა, რომ ის იყოს თავდაცვისუნარიანი. ეს აბსოლუტური პრიორიტეტია. ჩვენ არ განვიხილავთ გერმანელი სამხედროების უკრაინაში მუდმივ განთავსებას. ასე არ მოხდება. ჩვენ ვცდილობთ, ის რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ. მაგრამ რა თქმა უნდა, არა უკრაინის კაპიტულაციის გზით. ყოველთვის შეიძლება ომი ხვალვე დაასრულო, თუ უკრაინა დანებდება და უარს იტყვის დამოუკიდებლობაზე. მაშინ შემდეგი ქვეყანა ზეგ რისკის ქვეშ აღმოჩნდება. ხოლო შემდეგ კი ჩვენი ქვეყნის ჯერი იქნება, ეს არ არის ვარიანტი“, – თქვა კანცლერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები