ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ქრონიკული დაღლილობის სინდრომის (ME/CFS), გენეტიკურ საფუძველზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს. მათ რვა გენეტიკური რეგიონი გამოავლინეს, რომლებიც მკაფიოდ განსხვავდება სინდრომით დაავადებულ და ჯანმრთელ პირებს შორის,- ამის შესახებ “როიტერი” წერს.
როგორც მედია აღნიშნავს, კვლევა ჩატარდა ფართომასშტაბიანი პროექტის, DecodeME-ის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობდა 15,500-ზე მეტი პაციენტი და 250,000-ზე მეტი კონტროლის ჯგუფის წევრი. მეცნიერების თქმით, აღმოჩენილ გენებს აქვთ კავშირი იმუნურ და ნერვულ სისტემებთან, ქრონიკულ ტკივილთან და ინფექციებზე ორგანიზმის რეაქციასთან.
„ეს არის პირველი მტკიცებულება, რომ ME/CFS-ს შესაძლოა ჰქონდეს გენეტიკური საფუძველი“, – აცხადებენ მკვლევრები.
მათივე თქმით, ეს შედეგი მნიშვნელოვანია როგორც სამეცნიერო კვლევების გაგრძელებისთვის, ასევე პაციენტების დიაგნოზის, მკურნალობისა და სოციალური აღიარების თვალსაზრისით.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა სრულად რეცენზირებული ჯერ არ არის, მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს გარღვევა სინდრომის მიზეზების, ბიომარკერებისა და პოტენციური სამკურნალო მეთოდების გამოსაკვლევად ახალ გზებს გახსნის.
ცნობისთვის, ME/CFS წარმოადგენს რთულად დიაგნოზირებულ დაავადებას, რომელიც ხანგრძლივი დაღლილობით, კოგნიტიური და ფიზიკური ფუნქციების დაქვეითებით ხასიათდება და მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს.