სოლომონ პავლიაშვილი, სოფელ ცანაში, დარიშხანშემცველი ნარჩენების სარკოფაგის მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანთან ერთად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცანას ტერიტორიაზე მიმდინარე დარიშხანის შემცველი ნარჩენების სარკოფაგის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 50 500 კუბური მეტრის მოცულობის სარკოფაგის მშენებლობა 2026 წლისთვის დასრულდება, რაც მრავალწლიანი ეკოლოგიური პრობლემის გადაწყვეტას უზრუნველყოფს.

„სარკოფაგის მშენებლობა არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც კლიმატური პირობების გათვალისწინებით ეტაპობრივად ხორციელდება. გასულ წელს შესრულდა ნაპირდამცავი სამუშაოები და წყალარინების სისტემის მოწყობა, ხოლო წელს მიმდინარეობს უშუალოდ სარკოფაგის მშენებლობა. ამ ეტაპზე დაგეგმილია დარიშხანით დაბინძურებული ნარჩენების სარკოფაგში გადატანა ცანა 3-დან, ხოლო მომავალ წელს – ცანა 1-დან და ცანა 2-დან“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

დარიშხანის შემცველი ნარჩენების საცავის მოწყობის მიზნით, კომპლექსური კვლევები ჩატარდა და შესაბამისი ანგარიშები მომზადდა. ექსპერტებისა და მოსახლეობის მონაწილეობით, გაიმართა არაერთი საჯარო განხილვა, პრიორიტეტები განისაზღვრა უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად.

„წარსულში ამ ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა დარიშხანის ქარხანა, რის შედეგადაც დაგროვდა დარიშხანის შემცველი სახიფათო ნარჩენები, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ტურისტებს. სარკოფაგის მოწყობა სრულად უზრუნველყოფს ამ ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას“, – აღნიშნა ბერდია ჩანქსელიანმა.

აღსანიშნავია, რომ უკვე დასრულებულია სარკოფაგის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მდინარე ყორულდაშის მონოლითური რკინაბეტონის ნაპირსამაგრი ჯებირის, წყალგამტარი არხისა და სალექარის მოწყობა; აშენდა 224 მეტრი სიგრძის დამცავი ჯებირი, ხოლო დასავლეთ ნაწილში – 350 მეტრის სიგრძის არხი, რომელიც სარკოფაგის ტერიტორიას დატბორვისა და დაჭაობებისგან დაიცავს.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში დარიშხანშემცველი ნარჩენებით გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემა 1990-იანი წლებიდან არსებობს, მას შემდეგ, რაც ყოფილი სამთო-ქიმიური ქარხნები დაიხურა და სახიფათო ნარჩენები ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე დარჩა.

სოფელ ცანაში მიმდინარე შეხვედრას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ნინო უტიაშვილი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები