ირაკლი კობახიძე – კორუფცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას, შესაბამისად, კორუფციასთან ბრძოლა რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად, გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ ევროპის სამეულში შევიდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით

ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვებრძოლოთ კორუფციას, კორუფცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას, შესაბამისად, ეს უნდა დარჩეს ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს რომეო მიქაუტაძის დაკავების საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი, რომ ქვეყანა ევროპის სამეულში შევიდეს კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით და ამ კუთხით, ხელისუფლებაში ბევრი ცვლილება განხორციელდა.

„კონკრეტულის საქმის დეტალებში მე ვერ შევალ, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენცია და ისინი შეისწავლიან ასეთ საკითხებს, ისინი რეაგირებენ ასეთ საკითხებზე. უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. კორუფციასთან ბრძოლა რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად. ჩვენ გვაქვს გაჟღერებული ამბიციური მიზანი, რომ გვინდა, ევროპის სამეულში შევიდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამ კუთხით, ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა საქართველოს მთავრობაში, ზოგადად ხელისუფლებაში. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვებრძოლოთ კორუფციას, კორუფცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას, შესაბამისად, ეს უნდა დარჩეს ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტად,”- განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, რომელიც რომეო მიქაუტაძის საქმეზე, დაკავებულის ყოფილი ხელმძღვანელების სახით, კახა კალაძისა და ლევან დავითაშვილის გამოკითხვას შეეხებოდა, პრემიერმა აღნიშნა, რომ გამოძიება უკავშირდება მის საქმიანობას ეკონომიკის სამინისტროში.

„გამოძიება უკავშირდება ეკონომიკის სამინისტროში კონკრეტული პირის საქმიანობას. რაც შეეხება ლევან დავითაშვილს, მის კეთილსინდისიერებაში არავის ეპარება ეჭვი. დეტალებზე მე ვერ გიპასუხებთ, ეს არის შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურების საქმე. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ღრმად ეძიება ასეთ საქმეებში, საქმეების ბოლომდე მიყვანაც არის სამართალდამცავი უწყებების საქმე,”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები