ალექსანდრე წულაძემ კახეთის რეგიონის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, ამჯერად, შეხვედრა კახეთის რეგიონის მასწავლებლებთან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა პედაგოგებს ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული სიახლეები გააცნო და მათთან ერთად ზოგადი განათლების სისტემის გაუმჯობესების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა. ამასთან, სკოლებში არსებულ საჭიროებებზე მოსაზრებები, თავად შეხვედრის მონაწილეებისგან მოისმინა.

ალექსანდრე წულაძემ საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მასწავლებელთა კარიერული განვითარების მხარდასაჭერად გატარებულ ღონისძიებებზე. მინისტრის თქმით, თითოეული პედაგოგი ემსახურება უმნიშვნელოვანეს საქმეს, რასაც მომავალი თაობის აღზრდა ჰქვია. შესაბამისად, მათთვის უკეთესი პირობების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს მთელი გუნდი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და პედაგოგებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით პირადად მინისტრისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ მინისტრს კამპუსი დაათვალიერებინა.

შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები