ისტორიაში პირველად – ქართველი ხუთჭიდელი გიორგი ცხადაძე მსოფლიოს თასის ფინალში იასპარეზებს

პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში – ქართველი ხუთჭიდელი გიორგი ცხადაძე მსოფლიოს თასის ფინალში იასპარეზებს. ამის შესახებ ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მსოფლიოს თასის ფინალში მოსახვედრად ცხადაძემ წარმატებით იასპარეზა ეგვიპტის, უნგრეთისა და ბულგარეთის ეტაპებზე. ის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ხუთჭიდელია, რომელიც მსოფლიოს თასის ფინალში იასპარეზებს.

„ბოლო ეტაპის დასრულების შემდეგ ხუთჭიდის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა 36 საუკეთესო ქალი და 36 საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენის სია, რომლებიც მსოფლიოს თასის ფინალში იასპარეზებენ. ამ სიაშია გიორგი ცხადაძეც, რომელიც 25-ე ადგილს იკავებს.

ფინალური ეტაპი 4-6 ივლისს ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ჯერ კიდევ იუნიორია და 20 წლის ასაკში იასპარეზებს ამ უდიდეს ღონისძიებაზე. თასის ფინალამდე გიორგი ასევე იასპარეზებს იუნიორების მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ივნისის ბოლოს გაიმართება უნგრეთში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები