ნანა კაკაბაძე: ვფიქრობ, ხელისუფლებამ თვალებში უნდა ჩახედოს რეალობას და ჯერ გახსნას საჯარო დისკუსია საკითხზე – „ნატო თუ ნეიტრალიტეტი“, ხოლო შემდეგ ამ თემაზე ჩაატაროს რეფერენდუმი და იმოქმედოს იმის მიხედვით, რასაც იტყვის ჩვენი ხალხი
ვფიქრობ, ხელისუფლებამ თვალებში უნდა ჩახედოს რეალობას და ჯერ გახსნას საჯარო დისკუსია საკითხზე – „ნატო თუ ნეიტრალიტეტი“, ხოლო შემდეგ ამ თემაზე ჩაატაროს რეფერენდუმი და იმოქმედოს იმის მიხედვით, რასაც იტყვის ჩვენი ხალხი, – წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე.
„ნატო თუ ნეიტრალიტეტი?
მალე ოთხი ათეული წელი გახდება, რაც საქართველოს საზოგადოებრივი აზრი შეჯერდა, რომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და განვითარება მხოლოდ დასავლურ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსებში ინტეგრაციით არის შესაძლებელი. ამ წლების მანძილზე დასავლეთის დახმარების იმედით ჩვენ რამდენიმე ომი გადავიტანეთ რუსეთთან, რომელთაგან ზოგი ჩვენი ინიციატივით დავიწყეთ, ზოგი რუსეთის პროვოცირებით და ზოგიც დასავლეთის წაქეზებით. მთავარი კი ის არის, რომ დასავლეთიდან ჯერ ნატოში გაწევრიანების ოფიციალურად გაცხადებული დაპირება („მაპზე უფრო მეტი“) მივიღეთ, რასაც წლების შემდეგ კონსტიტუციაში სპეციალური ჩანაწერიც დავამატეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მიზანი დასავლეთის სტრუქტურებში გაწევრიანებაა ამის შემდეგ უკვე ჩვენი ყველა ხელისუფლება შეზღუდულია ამ ჩანაწერით, რადგან ამ ჩანაწერისგან განსხვავებული სხვა პოზიციის დაფიქსირება ანტი¬კონსტიტუციური იქნება.
საქართველოში 2008 წლის დასაწყისში საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩაატარა გამოკითხვა (პლებისციტი) ნატოში გაწევრიანების საკითხზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1 760 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა, რომელთაგან დაახლოებით 1 356 000 ათასმა ხმა მისცა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, ხოლო დაახლოებით 405 000-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. ანუ 2008 წელს საქართველოს მოქალაქეთა 77% იყო ნატოში გაწევრიანების მომხრე, ხოლო 23% – წინააღმდეგი. მართალია, პლებისციტი არ არის რეფერენდუმი და ხელისუფლება არ არის ვალდებული, რომ მისი შედეგები კანონად აქციოს, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინ ნატოს მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის იყო სწორედ ასეთი თანაფარდობა (77/23-ზე), რის გამოც მუდმივად ხდებოდა აპელირება ამაზე.
მაგრამ უკვე 18 წელი გადის საქართველოს მოსახლეობის მიერ ამ პოზიციის დაფიქსირებიდან და ამ ხნის განმავლობაში იმდენი რამ მოხდა მსოფლიოშიც და საქართველოშიც, რომ აუცილებლად საჭიროა კიდევ ერთხელ გაიზომოს საქართველოს მოქალაქეების განწყობა ნატოში და ევროსტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მთავარი ცვლილება, რომელიც გასული 18 წლის განმავლობაში მოხდა, არის ის, რომ აშკარად გამოჩნდა ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის ილუზორულობა. ჩვენ მუდამ გვატყუებდნენ, რომ თითქოს ჩვენთვის ნატოს და ევროკავშირის კარები ღიაა, მაგრამ იქ შესასვლელად გადაულახავ ბარიერებს გვიშენებენ, შიგადაშიგ კი აცხადებენ, რომ ჩვენ იქ ვერ შევალთ. ან პირდაპირ გვეუბნებიან, ევროკავშირში შესვლის პერსპექტივა რომ დაგიბრუნოთ, ისეთი ხელისუფლება უნდა აირჩიოთ, რომელიც ჩვენ მოგვეწონება და არა თქვენო. ნატოზე კი ამ ბოლო დროს საერთოდ პირდაპირ აცხადებენ, რუსეთისთვის პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ნატოში გაწევრიანება წითელი ხაზია და მათი ეს პოზიცია სავსებით ლეგიტიმურიაო.
გასული 18 წლის მანძილზე ისიც გამოჩნდა, რომ ნატო-ნატოს ძახილით ჩვენც და უკრაინამაც ისე დავკარგეთ ტერიტორიების საუკეთესო და მნიშვნელოვანი ნაწილები, რომ ვერც ნატომ და ვერც დასავლეთმა ქმედითი დახმარება ვერ აღმოგვიჩინეს. აი, ასეთი რეალობის გათვალისწინებით, უნდა ვუპასუხოთ კითხვას: დღეის მდგომარეობით საქართველოს დაჟინებული, თავშეუკავებელი და ანგარიშმიუცემელი მისწრაფება ნატოში გაწევრიანებისკენ ჩვენი ქვეყნისათვის უსაფრთხოების გარანტიაა თუ საფრთხის მომტანი?
ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღევანდელ ვითარებაში საქართველოსთვის ნატოსკენ სწრაფვა სწორედაც რომ სერიოზული ხიფათის მომტანია, მით უმეტეს, როდესაც ამას ის ქვეყნები აცხადებენ (პირველი რიგში აშშ), ვინც უნდა გადაწყვიტოს ნატოში ჩვენი გაწევრიანების საკითხი. ასევე მიგვაჩნია, რომ ნეიტრალიტეტის პოლიტიკის გატარება ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გზა იქნებოდა უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების გზაზე.
ვფიქრობ, ხელისუფლებამ თვალებში უნდა ჩახედოს რეალობას და ჯერ გახსნას საჯარო დისკუსია საკითხზე – „ნატო თუ ნეიტრალიტეტი“, ხოლო შემდეგ ამ თემაზე ჩაატაროს რეფერენდუმი და იმოქმედოს იმის მიხედვით, რასაც იტყვის ჩვენი ხალხი. თუ ხალხმა ნეიტრალიტეტი აირჩია, მაშინ ის ვალდებული იქნება კონსტიტუციიდან ამოიღოს 78-ე მუხლი და შეასრულოს ხალხის ნება.
ეს იქნება ილუზიებიდან რეალობაში ქვეყნის დაბრუნების ერთადერთი სწორი გზა. რაც შეეხება ნეიტრალიტეტის გზის არჩევის პლუსებს და მინუსებს, მისი მომხრეები და მოწინააღმდეგეები ამ თემაზე გახსნილი დისკუსიის ფარგლებში დააფიქსირებენ და მოსალოდნელი რეფერენდუმის წინ ყველას ექნება გაცნობიერებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა“, – წერს კაკაბაძე.