„ჯორჯიან ეარვეისი“ მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის თითქოსდა „გატაცების საქმეში“ ავიაკომპანიის მონაწილეობის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

„ჯორჯიან ეარვეისი“ ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დეზინფორმაციულ განცხადებას მსჯავრდადებულ გიორგი ბაჩიაშვილის თითქოსდა „გატაცების საქმეში“ ავიაკომპანიის მონაწილეობის შესახებ.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და მედიასივრცეში გავრცელებული არასწორი ინფორმაციიდან გამომდინარე, ავიაკომპანიამ უკვე არაერთხელ ამომწურავად უპასუხა ცრუ ბრალდებებს, ასევე დეტალურად განმარტა პროცედურები ჩარტერული რეისის შესრულებასთან დაკავშირებით.

ამის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” დღეს გაავრცელა სრულიად დეზინფორმაციული, ავიაკომპანიის დისკრედიტაციისკენ მიმართული, მანიპულაციებითა და სიცრუით გაჯერებული განცხადება.

“ჯორჯიან ეარვეისი” არ არის სახელმწიფო კომპანია, არც სამხედრო ან რომელიმე სპეცსამსახურის დანაყოფი. “ჯორჯიან ეარვეისი” კერძო კომპანიაა, მისი დამფუძნებლები ფიზიკური პირები არიან. ავიაკომპანია ასრულებს კომერციულ რეისებს ფიზიკური და იურიდიული პირების დაკვეთით.

კომპანია ადასტურებს (არც არასდროს უარუყვია), რომ თბილისი-აბუ დაბი-თბილისის კომერციული რეისი კერძო პირის შეკვეთით შესრულდა.

როგორც უკვე არაერთხელ განვმარტეთ, მგზავრს, რომელსაც აქვს შეკვეთილი და ანაზღაურებული ჩარტერული რეისი, აქვს უფლება უკანა გზაზე გამოამგზავროს მისთვის სასურველი პირი ან პირები. აღნიშნულთან დაკავშირებით ავიაკომპანიას ის ინფორმაციას არ უთანხმებს. ამაზე პასუხისმგებელია აბუ-დაბის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტები და იქ მოქმედი უსაფრთხოების სამსახურები, შეუძლებელია მოხდეს პირის უკანონოდ გამომგზავრება. ასევე, წარმოუდგენელია და აზრს მოკლებულია რაიმე სპეცოპერაცია ტარდებოდეს და ამის შესახებ კერძო კომპანია იყოს ინფორმირებული.

აბსურდია საუბარი გამორთულ ნავიგაციასა და რადარზე, ყველა ქვეყნის რადარი აფიქსირებს ყველა საჰაერო ობიექტის გადაადგილებას, ასეთი რამ შეუძლებელია. ამის მტკიცება ნიშნავს, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ ამოუცნობი მფრინავი ობიექტით ასრულებდა რეისს და „ჯორჯიან ეარვეისს“ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები (UFO) ავიაპარკში არ გააჩნია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადების სიცრუეზე მეტყველებს, თუნდაც ის პასაჟიც, რომ „2022 წელს საქართველოს მთავრობამ „ჯორჯიან ეარვეისს” ათობით მილიონი ლარის ვალი აპატია”, რაც ცრუ ინფორმაციაა. სინამდვილეში, კრედიტორებთან (მევალეებთან) შეთანხმების შედეგად, შედგა კომპანიის სარეაბილიტაციო გეგმა, რომელიც დამტკიცებულია სასამართლოს მიერ.

ავიაკომპანია მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება იმ მიზანმიმართული, დისკრედიტაციული კამპანიის ნაწილია, რომელიც უკვე მრავალი წელია “ჯორჯიან ეარვეისის” წინააღმდეგ მიმდინარეობს.

„ჯორჯიან ეარვეისი“ ერთადერთი ავიაკომპანიაა, რომელიც 32 წელია არსებობს და დასანანია, რომ ამ წლების განმავლობაში, პერიოდულად მის გასანადგურებლად ხდება თავდასხმები ხან ხელისუფლების, ხან ოპოზიციის მხრიდან. აღნიშნული კამპანიის შედეგი იყო, მათ შორის, 2021-22 წლებში ავიაკომპანიის გაკოტრების რეჟიმში გადასვლა.

დღემდე გრძელდება ავიაკომპანიის წინააღმდეგ სხვადასხვა საკითხზე ცრუ ბრალდებებისა და დეზინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება. ამჯერად, აღნიშნულ კამპანიაში არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ჩაერთო და სრულიად აბსურდული ბრალდებები გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ განცხადების ავტორი ალექსანდრე ბარამიძეა, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც თანამდებობის დატოვების შემდეგ ოპოზიციაში გადავიდა და განაწყენებული პოზიციიდან, პოლიტიკურად ანგაჟირებული საქმიანობით არის დაკავებული ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციაში გადაუმოწმებელ ფაქტებზე დაყრდნობით.

“ჯორჯიან ეარვეისის” მენეჯმენტი სრული პასუხისმგებლობით კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ავიაკომპანიის მხრიდან არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. თუკი ნებისმიერი ქვეყნის გამოძიებას ან სხვა ორგანიზაციას (მათ შორის აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციას) ექნება რაიმე კითხვები, მზად ვართ მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია.

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ სრულიად უსაფუძვლო, აზრს მოკლებულ და ცრუ ბრალდებების გავრცელებისგან, რომლის მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და კომპანიისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში “ჯორჯიან ეარვეისი” არ გამორიცხავს გამოიყენოს შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები, მათ შორის ევროსასამართლო”,- წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები