დავით ქართველიშვილი: საქართველოში, ე.წ. “მწვანეები”, რეალურად კი, “დიფ სთეითის” აგენტურა, იაფი ენერგორესურსის, ჰესების წინააღმდეგ აამხედრეს – ოლიგარქიული ოჯახების ინტერესებში შედის, რომ იაფი ენერგია ჩვენს ქვეყანას არ ჰქონოდა და სწორედ ევროკომისიის ხელით აფინანსებდნენ ჰესების წინააღმდეგ გამომსვლელ აგენტურას
მიზანმიმართულად დაანგრიეს ევროპის ეკონომიკა, რიგ ქვეყნებს ასევე შემოგდებული „კლიმატის დაცვის“ ეგიდით უარი ათქმევინეს ატომურ ენერგიაზე, ხოლო რუსეთთან ასევე ხელოვნურად გამოწვეული კონფლიქტებით გადაუკეტეს ხელმისაწვდომი ენერგორესურსები, ბოლოს კი საკვანძო მილსადენიც ააფეთქეს, რომელსაც ევროპის კონტინენტი ენერგო მომარაგებით უნდა უზრუნველეყო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ზემოთ აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს რამდენიმე დღის წინ მედიაში გამოჟონილი დოკუმენტებიც, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია იყო ჩართული იმ აგენტურის დაფინანსებაში, რომლებიც „მწვანეებად“ და „კლიმატის დამცველებად“ გვევლინებოდნენ.
„ამ ფაქტის სამტკიცად, შეგვიძლია მოვიყვანოთ ორი დღის წინ მედიაში გამოჟონილი ევროკომისიის სკანდალური დოკუმენტები, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ სწორედ ევროკომისია იყო ჩართული იმ აგენტურის ფარულ დაფინანსებაში, რომლებიც “მწვანეებად”, “კლიმატის დამცველებად” გვევლინებოდნენ და ევროპაში იაფი ენერგიის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, აპროტესტებდნენ ქვა-ნახშირსა და ატომურ ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურებს და საბოლოოდ, დავალება ზედმიწევნით შეასრულეს – ევროპის ქვეყნების უდიდეს ნაწილს, მათ შორის ეკონომიკის მამოძრავებელ გერმანიას, მათივე მოგონილი მიზეზებით უარი ათქმევინეს იაფ, მარტივად ხელმისაწვდომ ენერგორესურსზე.“ – წერს ქართველიშვილი.
როგორც ის აღნიშნავს, ამავე სქემით მოქმედებდა „დიფ სთეითი“ საქართველოშიც და ვინაიდან ჩვენს ქვეყანას ატომურ ენერგიასთან კავშირი არ აქვს, ოლიგარქიულმა ოჯახებმა ე.წ. მწვანეები, სინამდვილეში კი, მათი აგენტურა, ჰესების წინააღმდეგ გამოიყენეს, რის შედეგადაც, ქვეყნის დაზიანება მოხერხდა.
„ზუსტად ანალოგიური სქემით მოქმედებდა “დიფ სთეითი” საქართველოშიც და რადგან ჩვენ ატომურ ენერგიასთან კავშირი არ გვქონია – ოლიგარქებმა ეგრეთ წოდებული “მწვანეები”, რეალურად კი, მათი აგენტურა, სხვა იაფი ენერგორესურსის, ჰესების წინააღმდეგ აამხედრეს. გვახსენდება ხუდონჰესი, ნამოხვანი, ნენსკრა და ცნობილი მოვლენები ლაფანყურში „ლოპოტა 1“-ის მშენებლობის წინააღმდეგ – ჰესები, რომელთა განახლებადი, სუფთა ენერგია, უარგუმენტოდ აღიზიანებდა გაურკვეველ ხალხს, რომლებმაც დიდი კამპანია აწარმოეს, ქვეყნის დაზიანებაც მოახერხეს და ბევრი ჰესის მშენებლობა რამდენიმე წლით შეაფერხეს.
ახლა კი გასაგებია – ოლიგარქიული ოჯახების ინტერესებში შედის, რომ იაფი ენერგია ჩვენს ქვეყანას არ ჰქონოდა და სწორედ ევროკომისიის ხელით აფინანსებდნენ ჰესების წინააღმდეგ გამომსვლელ აგენტურას, რადგან გაღარიბებული და დანგრეული ეკონომიკაა იმის საწინდარი, რომ „ბლექ როკის“ სახით, კორპორაციული მმართველობა დამყარდეს ქვეყანაში.“ – წერს დავით ქართველიშვილი.