გიორგი ცუცქირიძე: ბოლო 3 წელია, ჩვენ გვაქვს ორნიშნასთან ახლოს მყოფი, მაღალი ეკონომიკური ზრდა, მიმდინარე წლის პროგნოზიც საკმაოდ დამაიმედებელია

ბოლო 3 წელია, ჩვენ გვაქვს ორნიშნასთან ახლოს მყოფი, მაღალი ეკონომიკური ზრდა, მიმდინარე წლის პროგნოზიც საკმაოდ დამაიმედებელია, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რამდენიმე ასეული პროტესტანტის მხრიდან რუსთაველის ყოველდღიური, რამდენიმე საათიანი გადაკეტვა საინვესტიციო ბარომეტრად ნაკლებად გამოდგება.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სხვა დროსაც გამხდარა სპეკულირების და ინტერპრეტაციების საგანი. როდესაც ჯამურ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების მოცულობაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ იგი შედგება სამი კომპოზიტისაგან: ინვესტიციები კომპანიათა სააქციო კაპიტალში, რეინვესტიციის მაჩვენებელი ანუ სხვაობა მოგება-ზარალსა და დივიდენდებს შორის და რეინვესტიცია – სხვაობა მოგება-ზარალსა და დივიდენდებს შორის, ხოლო სავალო ვალდებულებებში აისახება სავაჭრო კრედიტები და სესხები. უფრო რომ დავკონკრეტდეთ, ყოფილა შემთხვევები, როდესაც მაღალი ყოფილა ინვესტიციები კაპიტალში რეინვესტირების მაჩვენებელთან ერთად, თუმცა ჯამური მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირებულა სავაჭრო კრედიტების და სესხების იმ კონკრეტულ პერიოდში გასტუმრების გამო. ასე მაგალითად, თუ 2023 წელს მე-3 კვარტალში საკმაოდ მაღალი იყო ინვესტიციები კაპიტალში და რეინვესტირების ჯამური მაჩვენებელი 985 მლნ აშშ დოლარი (შესაბამისად 592 მლნ აშშ დოლარი და 393 მლნ აშშ დოლარი) თუმცა ჯამური მოცულობა ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა 316 მლნ აშშ დოლარამდე, იგივე პერიოდში 603 მლნ აშშ დოლარის სავაჭრო კრედიტების და სესხების გადახდის გამო.

გარდა ამისა, ინვესტიციების ჯამურ მოცულობაზე ზეგავლენას ახდენს კვარტალური მაჩვენებლებიც. მხოლოდ პირველი კვარტლის მონაცემები არ იძლევა რაიმე სერიოზული დასკვნების საფუძველს. თუ გასულ, 2024 წელს 1 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 194 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც ახლოსაა მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგთან, უკვე მე-2 კვარტალში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 574 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თუ პოლიტიკური რისკების ზეგავლენაზე ვსაუბრობთ, არ დაგვავიწყდეს, რომ 2024 წელი არანაკლებ პოლიტიკურად აქტიური იყო გაზაფხულზე და შემოდგომაზე მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების გამო.

საპროტესტო აქტივობების ტრენდი წელს გაცილებით დაბალია, ვიდრე 2024 წელს გვქონდა. რამდენიმე ასეული პროტესტანტის მხრიდან რუსთაველის ყოველდღიური, რამდენიმე საათიანი გადაკეტვა, ისიც საღამოს საათებში საინვესტიციო ბარომეტრად ნაკლებად გამოდგება.

არის კიდევ ერთი არანაკლებ საინტერესო ფაქტორი. ზოგადად ინვესტიციების ციკლებს ახასიათებს როგორც მაღალი აქტივობის, ისე შედარებით  დაბალი აქტივობის პერიოდები. რეინვესტირება იგივე მიმდინარე წლის 1 კვარტალში გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 2.5 ჯერ, ხოლო უცხოური ვალდებულებების დაფარვა ბოლო წლებში თანმდევია კიდევ ერთი საინტერესო ტენდენციისა, როდესაც ხდება არა უცხოური ინვესტიციების ქვეყნიდან გატანა, რაც ახასიათებს ხოლმე კრიზისულ ტენდენციებს, არამედ უცხოური მესაკუთრეთა წილის ადგილობრივი მესაკუთრეებით ჩანაცვლება, რაც მთლიანობაში მხოლოდ პოზიტიურად მოქმედებს ფინანსურ სტაბილურობაზე. სტაბილური სავალუტო კურსი, გაუმჯობესებული საგადამხდელო ბალანსი და მარტო აპრილის მიხედვით 208 მლნ აშშ დოლარით გაზრდილი საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ამის კარგი ინდიკატორია.

ბოლო 3 წელია, ჩვენ გვაქვს ორნიშნასთან ახლოს მყოფი, მაღალი ეკონომიკური ზრდა, მიმდინარე წლის პროგნოზიც საკმაოდ დამაიმედებელია, რაზეც იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, ცოტა ხნის წინ ზრდის პროგნოზის 6%-დან 7.3 %-მდე გადასინჯვაც ადასტურებს. საქართველომ ფაქტიურად უკან მოიტოვა ის მყიფე მდგომარეობა, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადები განსაზღვრავდა ეკონომიკურ ზრდას და რაც შედარებით ჩამორჩენილ კოლონიალური მემკვიდრეობის ქვეშ მყოფი ქვეყნების შემთხვევებში ხდება. მაგალითად აფრიკის ქვეყნებში. სამწუხაროდ, დღეს ამაზე ექსპერტები ნაკლებად საუბრობენ და ძირითადი აქცენტები მხოლოდ ციფრობრივ მაჩვენებლებზე გადააქვთ.

ქვეყნის ეკონომიკა, რომ გაცილებით დივერსიფიცირებულია, ხოლო საგარეო მოწყვლადობა შემცირებული ამაზე თბილისში ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ, წარმომადგენლობით საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც ლარის მიმოქცევაში გაშვების 30 წლის თავს მიეძღვნა, ისრაელის ცენტრალური ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა და G 30 ის თავმჯდომარემ იოსეფ ფრენკელმაც ისაუბრა, როდესაც ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას, ლარიზაციას და მთლიანობაში საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივას მაღალი შეფასება მისცა“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები