გრიგოლ გეგელია: ოპოზიციურ პარტიებს ვთავაზობთ, ვიმსჯელოთ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ხომ არ იქნება სწორი იდეა

,,საზოგადოებას ვამცნობთ ჩვენს საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ სხვა ოპოზიციურ პარტიებს ვთავაზობთ, ვიმსჯელოთ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება ხომ არ იქნება სწორი იდეა”, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას დიდი სიფხიზლე და ყურადღება მართებს.

„ეს არის გარემოება, შესაძლებლობა, რომელზეც ერთიანი ფრონტით უნდა ვიმსჯელოთ. ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, როდესაც გვმართებს დიდი სიფხიზლე, ყურადღება. ჩვენ ვიცით, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, ჩანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, მათ სურთ, რუსული სპეცოპერაციის მეორე ფაზა ჩაატარონ, რომელშიც მიიღებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას და დაარტყან კონსტიტუციის მუხლებს, რომლებიც ჯერ კიდევ ფორმალურად აკავებს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს. ეს არის მათი მიზანი. ამიტომ ყველამ ერთად, როგორც პარტნიორებმა, ძალებმა ამ ქვეყნის გადარჩენისთვის უნდა განვსაჯოთ, რომელ მოდელში და სცენარში რა ტიპის შანსები, შესაძლებლობები, ბოლოები იკვეთება. ეს არის ჩვენი გზავნილი. ყველას გვმართებს კრიტიკული სიფხიზლე, ერთიანი ფრონტი, მათ შორის პოტენციურ შეტევაზე ფიქრი. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მოწმობს, რომ უფრო მეტის განწყობა მიმართულია ჩართულობისა და მონაწილეობისკენ. საზოგადოებას ვამცნობთ ჩვენს საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ ამასობაში კოლეგებს ვუწვდით ხელს და ვეუბნებით, რომ დროა, ვიმსჯელოთ ერთიან ფორმატში, რა სჯობს ამ ბრძოლის გაგრძელებისა და მეტი ეფექტის კუთხით. სხვა ოპოზიციურ პარტიებს ვთავაზობთ, ვიმსჯელოთ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება ხომ არ იქნება სწორი იდეა“, – განაცხადა გეგელიამ.

კითხვაზე – როგორ უპასუხებდა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების კრიტიკას „ლელოს“ მიმართ, გეგელია ასე პასუხობს:

„ყველას აქვს თავისი სუბიექტური შეხედულება, მთავარია, რა ჯობია ამ ქვეყნისთვის. არ მაინტერესებს არავის სუბიექტური შეხედულება, მაინტერესებს, რას ამბობს კვლევები და რა ჯობია ამ ქვეყნისთვის. ჩემი და ჩვენი გუნდის ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და არა ის, რომ რომელიღაც პარტიის ლიდერს უფრო მეტად მოვწონდე ან უფრო ნაკლებად. ყველას მოვუწოდებდი, ბავშვებს არ დაემსგავსონ, ცოტა მეტი იფიქრონ ტვინის გამოყენებით და რეალურად ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები