ყანდაღარის ბაზაზე ქართველი სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

ISAF-ის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროები ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე განხორციელებული წარმატებული ოპერაციისთვის დაჯილდოვდნენ. ბაზის დაცვის ამოცანებში შეტანილი წვლილისთვის ქართველ სამხედროებს სპეციალური “კოინები” ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჯოზეფ ანდერსონმა გადასცა. დაჯილდოების ცერემონიალი ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წარმატებული სამხედრო საქმიანობისთვის ასევე, ჯილდო მიიღო სამთო სადაზვერვო ბატალიონის მეკავშირე ოფიცერმა. მაიორ იმედა ღვინჯილიას სერტიფიკატი რეგიონალური სარდლობა სამხრეთის შტაბის, მომავალი ოპერაციების დაგეგმვის ჯგუფის მეთაურმა პოლკოვნიკმა ენდრიუ ჰეიბიკმა გადასცა.
ბოლო პერიოდში ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა რამდენიმე წარმატებული ოპერაცია განახორციელეს და მოწინააღმდეგის ქმედებები აღკვეთეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონი მისიის დასკვნით ეტაპზეა. რამდენიმე კვირაში ბატალიონი სრულად დაბრუნდება საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები