„თუ რომელიმე რეგიონში ანტიამერიკული რეჟიმი ან ხელისუფლება არსებობს, რა თქმა უნდა, ამერიკას ექნება მათზე რეაგირება, თუმცა საქართველოში ასეთი ხელისუფლება არ არის,”- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ჰყავს პროდასავლური ხელისუფლება.
“თუ რომელიმე რეგიონში არსებობს ანტიამერიკული რეჟიმი ან ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ამერიკას ექნება მათზე რეაგირება. ჩვენი ხელისუფლება მოწადინებულია, რომ ყველა პარტნიორ ქვეყანასთან და ორგანიზაციასთან გვქონდეს თანაბარი, სწორ უფლებიანი ურთიერთობა. პროვოკაციული კითხვა, რომელიც დასვა ბატონმა ჯო უილსონმა, რომელიც საქართველოს მიმართ ზიზღით და სიძულვილით არის გამსჭვალული, გამოიხატება საქართველოს საწინააღმდეგო მტრული აქტის დაინიცირებით და არა მხოლოდ ამით. კითხვა იყო ძალიან პროვოკაციული, რომელზეც დიპლომატს შეიძლებოდა გაეცა მხოლოდ ისეთი პასუხი, როგორიც გასცა. თუ ასეთი არსებობს ნებისმიერ სხვა რეგიონში, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი რეაგირება, მაგრამ ასეთი ხელისუფლება საქართველოში არ არის, პირიქით, საქართველოს ჰყავს პროდასავლური ხელისუფლება”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, 21 მაისს წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა: „შეერთებული შტატების მიზანია ჩვენი ეროვნული ინტერესები. ამიტომ ჩვენ შევხედავთ და ვიტყვით, არის თუ არა ჩვენი ეროვნული ინტერესი ანტიამერიკული მთავრობის არსებობა მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში და თუ არა, მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს“.