აზერბაიჯანელების გენოციდი და დეპორტაცია

შესავალი

ისტორიას გააზრება სჭირდება. ის, შესაძლოა, სხვადასხვა ერს სხვადასხვანაირი, სუბიექტური და წინააღმდეგობრივი ჰქონდეს, მაშინაც კი, როდესაც მოვლენების ჯაჭვი ერთი და იგივე ამბავს ასახავს. როდესაც კონკრეტული ერი საკუთარი ისტორიის აღდგენაზე მუშაობს, მას წინასწარ აქვს მოლოდინი და სურვილი, რომ სწორედ მისი მხარე იქნება „მართალი“, გამარჯვებული და ა.შ.

ის, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრების მიერ ჩადენილი გმირობებით ვამაყობთ, ბუნებრივია – როგორც ამბობენ, ისტორიის გარეშე ცხოვრება მეხსიერების გარეშე ცხოვრებას ჰგავს. ის ჩვენი მთავარი ფესვი და ეთნიკური იდენტობის განმსაზღვრელია. აწმყო საძირკვლის გარეშე კი, აზრს მოკლებული იქნებოდა.

ცხოვრებისეულ გაკვეთილებს, რასაც ისტორია გვასწავლის, შეუძლიათ, დაგვეხმარონ იმაში, რომ წარსული შეცდომები აღარ გავიმეოროთ. ის გვაძლევს მნიშვნელოვან გამოცდილებას. მოკლედ, როგორც ერთი ფილოსოფოსი ამტკიცებდა, ის, ვინც ივიწყებს წარსულს, უცილობლად იმეორებს მას.

თუმცა, ისტორიას ფაქტები უყვარს, ფაქტებს შესაბამისი წყაროებით გამყარება სჭირდება და რა თქმა უნდა, სწორი ანალიზი.

როცა ანალიზზე ვსაუბრობთ, მოვლენების ობიექტურად გასააზრებლად, მნიშვნელოვანია, კონკრეტული ისტორიული მოვლენების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა მხრიდან (წყაროებიდან) შევკრიბოთ, თუნდაც ისინი ურთიერთგამომრიცხავ შინაარსს ატარებდნენ – გონიერი მკითხველი აუცილებლად გამოიტანს სწორ დასკვნებს.

კვლევა, რომელსაც ახლა გთავაზობთ, სწორედ ასეთი მცდელობაა და ისტორიის ერთი და იგივე მონაწილე, თუმცა რადიკალურად დაპირისპირებულ მხარეს მდგომი მკვლევრების, სპეციალისტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

კერძოდ, ამ სტატიაში მკითხველი გაეცნობა სამხრეთ კავკასიაში, მე-20 საუკუნის დასაწყისში განვითარებულ სისხლიან მოვლენებს, რომლებიც აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებს, მის დრამატულ მიმდინარეობასა და უმძიმეს შედეგებს ასახავს.  როგორც არ უნდა წარმოაჩინონ ორი დაპირისპირებული ქვეყნის ისტორიკოსებმა ამ პერიოდში განვითარებული მოვლენები, ფაქტია, მათ ორივე მხრიდან, საერთო ჯამში, ასი ათასობით ადამიანის მსხვერპლის შედეგი აქვთ, ამ ყველაფერს კი, ისტორიის უმძიმეს ფურცლებამდე მივყავართ.

მე, როგორც პროფესიონალ ჟურნალისტს, აღნიშნული თემის შესწავლა დღეს მნიშვნელოვნად მიმაჩნია. სხვადასხვა საარქივო მასალებთან თუ ცოცხალი წყაროებთან მუშაობისას მე გამოვავლინე მრავალი ფაქტი, რომელიც დეტალურად აღწერს მე-20 საუკუნის ამ ისტორიულ მოვლენებს, მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის, ჩადენილი სასტიკი დანაშაულებისა თუ მასობრივი დეპორტაციის ხშირ შემთხვევებს.

დღეს დანამდვილებით არავინ იცის,  აზერბაიჯანი-სომხეთის კონფლიქტის შედეგად თუ რამდენი ადამიანია ჯამში გარდაცვლილი 1905-1906 და 1918-1920 წლების პერიოდში.  მოდი, ვთქვათ, ასობით ათასი  და ეს ერთადერთი სიმართლეა, რაზეც ორივე ქვეყნის მკვლევრები თანხმდებიან. თუმცა, აზერბაიჯანელებს მიაჩნიათ, რომ გარდაცვლილთა უმეტესი ნაწილი სწორედ ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან, სომხები კი, თავის მხრივ, მათ მიმართ ჩადენილ მძიმე დანაშაულებზე საუბრობენ.

ჩვენი მიზანი ამ დამნაშავეების ძებნა არ არის, ჩვენი მიზანია ერთ სივრცეში წარმოვაჩინოთ კონფლიქტის მხარეების მიერ ისტორიის საკუთარი ვერსიები, რაც მკითხველს შესაძლებლობას მისცემს ობიექტური დასკვნები გამოიტანოს, რადგან ისტორიის  შავი ფურცლები, რომლებიც სამუდამოდ ჩაიბეჭდა მტრულად განწყობილი ორი ქვეყნის ­- აზერბაიჯანისა და სომხეთის საერთო ისტორიაში, დღემდე კავკასიის ამ მეზობელი ქვეყნების მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს.

ჩემი კვლევის მიზანი ამ გამოწვევების მიუკერძოებელი ანალიზია, რამაც, შესაძლოა, ისტორიული საჩივრების განხილვისა და დღემდე მწვავედ დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის გასაძლიერებლად, თუნდაც მცირე, მაგრამ ფაქტობრივი საფუძველი შექმნას.

კონფლიქტის ფესვები

სამი ქვეყნის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მკვლევრების წინააღმდეგობრივი მოსაზრებებით მკითხველი რომ არ დავაბნიო და ისტორიულ ლაბირინთებს ავარიდო,  შევეცდები მათი მონათხრობი ნაწილებად დავყო, უფრო სწორად, კავკასიის ზემოთ დასახელებულ ქვეყნებად.

მართლაც საინტერესოა, ერთი სიმართლის სხვადასხვა მხარეს მდგომი ადამიანები რა მთავარ მიზეზს ასახელებენ აზერბაიჯანისა და სომხეთის ამ  მრავალსაუკუნოვანი კონფლიქტის შესახებ?

ფესვები კი თითოეული მათგანის მონათხრობში ღრმაა და ყველა „ვერსიის“ შემთხვევაში, საფუძველს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისიდან, ზოგჯერ კი, მე-17 საუკუნიდანაც იღებს.

სომხური „ვერსია“

უნდა ითქვას, რომ სომეხი ისტორიკოსების დიდი ნაწილი კონფლიქტის ფესვებს მაშინდელ რუსულ პოლიტიკაში და მისი მართვის მთავარ პრინციპში – „დაყავი და იბატონეში“ ხედავს. ამ მხრივ, გამონაკლისი არც სომეხი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი რუბენ საჰაკიანია. ის აცხადებს, რომ რუსეთი გამუდმებით ამძაფრებდა წინააღმდეგობებს რეგიონში, რათა თავიდან აეცილებინა ეროვნული ერთიანობის შესაძლო მცდელობები. მისივე სიტყვებით, ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა ალექსანდრე III-ის  პერიოდში, რომელსაც განსაკუთრებულად ეშინოდა სომხების  განმათავისუფლებელი მისწრაფებების.

რუბენ საჰაკიანი

„როცა რეგიონი რუსეთის ბატონობის ქვეშ მოექცა, რუსები ქართველ და აზერბაიჯანელ დიდგვაროვნებს მფარველობდნენ. იმ პერიოდში ჩვენ ძალიან ცოტა დიდგვაროვანი გვყავდა. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ რუსული მხარე, ძირითადად, აზერბაიჯანელ დიდგვაროვნებს ეყრდნობოდა და მათ რეგიონში თავის მხარდაჭერად თვლიდა.

რუსეთს თავადაზნაურობა მართავდა. ის სომეხი აზნაურები, რომლებმაც თავიანთი იდენტობა გამოავლინეს, რუსმა მმართველობამ განზე გასწია, რადგან ისინი არ ენდობოდნენ სომეხ დიდგვაროვნებს, განსაკუთრებით კი, არცახელებს. ვფიქრობ, მიზეზი ის გახლდათ, რომ სომხების განმათავისუფლებელი მისწრაფებები უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ქართველების და მით უმეტეს, აზერბაიჯანელების. აზერბაიჯანელებს შორის თავადაზნაურები და სასულიერო პირები  ბატონობდნენ. თუკი მოლა რაიმეს იტყოდა, აზერბაიჯანული მოსახლეობა მას უსიტყვოდ ემორჩილებოდა.“ – აღნიშნავს რუბენ საჰაკიანი.

უფრო შორს მიდის სომეხი პოლიტიოლოგი სამველ მელიქსეტიანი. მისი აზრით, სანამ შედარებით ახალ მიზეზებამდე მივალთ, სწორედ კონფლიქტის საფუძვლების კონტექსტშია განსახლიველი ე.წ. იმამ ჯაფარის კანონი და სომხური მოსახლეობის მიერ ისლამის მიღების მასობრივი პროცესი, რაც მე-17 საუკუნეში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ჯერ ქონებრივი დავების, შემდეგ კი დისკრიმინაციის წინაპირობას წარმოადგენდა.

„მე-17 საუკუნეში სომხური მოსახლეობის მიერ ისლამის მიღების უამრავი მაგალითი არსებობდა და ამის საკანონმდებლო მოტივები უწყობდა ხელს. მაგალითად, ე.წ. იმამ ჯაფარის კანონი, რომლის მიხედვითაც გამაჰმადიანებულ ქრისტიანს უფლება ჰქონდა, მემკვიდრეობით მიეღო შორეული ნათესავების საკუთრება. არსებობს მრავალი საბუთი, სანოტარო სარჩელი გამაჰმადიანებულ სომხებს და მათ ქრისტიან ნათესავებს შორის, როდესაც ისინი თავიანთ ქრისტიან ნათესავებს ქონებას ედავებოდნენ, მაგრამ მე-18 საუკუნის დასაწყისამდე ასეთი სისტემატური და სერიოზული დისკრიმინაცია არ არსებობდა.

მე-18 საუკუნის დასაწყისიდან ეს უკვე დისკრიმინაცია ხდება. მთელ რეგიონებში, მაგალითად, შაქი-გაბალინის ზონაში 1723-1724 წლებში 40-მდე სომხურმა და უდინურმა სოფელმა ისლამი მიიღო. შემდეგი პერიოდი მთელი მე-18 საუკუნის განმავლობაში გაგრძელდა, სადაც ჩვენ ვიხილავთ დაღესტნელ მთიანელთა თარეშებს, რაც გამოწვეული იყო რუსეთის მიერ მათი სამხრეთისკენ განდევნით და ოსმალეთის იმპერიის წახალისებით. სომხური მოსახლეობის უფრო სერიოზული დეპოპულაცია ყარაბაღისა და ნახიჩევანის სახანოებში მოხდა, რაც მთიანი ყარაბაღის სომეხ მელიქებსა და ყარაბაღის ხანებს უკავშირდებოდა. მელიქები რუსებთანაც შევიდნენ ურთიერთობაში. ადმინისტრაციები მათთან მოკავშირეებს ეძებდნენ. ჩვენ გვაქვს ცნობები განძასარის კათალიკოს ავანეს მკვლელობისა და მელიქების დაპატიმრების, შემდეგ სომეხი მოსახლეობის სისტემატური გაქცევის შესახებ მთიანი ყარაბაღიდან საქართველოში, სადაც მათ დააარსეს კოლონიები, როგორიცაა: ბოლნის ხაჩენი, შულავერი და ა.შ. ისინი დასახლდნენ თბილისში, სიღნაღსა და თელავში.

მე-18 საუკუნის დასაწყისიდან სპარსეთის იმპერიაში ცენტრალური ძალაუფლება სუსტდება. სამხრეთ კავკასიის ქრისტიანული მოსახლეობისთვის, როგორც სომხებისთვის, ასევე ქართველებისთვის საკმაოდ სერიოზული კრიზისი ჩნდება. ეს პროცესი ემთხვევა ოსმალეთის იმპერიის შემოჭრას რეგიონში და რუსეთის ექსპანსიას სამხრეთით. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ პერიოდიდან იწყება მუსლიმი მოსახლეობის დამოკიდებულებების შეცვლა ქრისტიანების მიმართ. ისინი აღიქმებიან, როგორც რუსების მოკავშირეები და როგორც პოტენციური მეხუთე კოლონა.

XIX საუკუნის დასაწყისისთვის აქ რუსეთის ადმინისტრაციას საკმაოდ დაძაბული დამოკიდებულება დახვდა. სომეხი და მაჰმადიანი მოსახლეობა ძალიან დიდი იყო, რაც რუსი ოფიციალური პირების მოხსენებებშიც შეინიშნება. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთ-სპარსეთის ომების დროს სომხურ-ერევნის სახანოს მთელი დარჩენილი მოსახლეობა ხანებმა წაიყვანეს ბაიაზეტში და ხოიმაკაში, რათა რუსებისთვის დახმარება არ გაეწიათ და ნათესები დაწვეს.

რუსეთმა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ დაინტერესებული იყო ქრისტიანული მოსახლეობის მხარდაჭერით, ამ მოსახლეობას გარკვეული პრივილეგიის შესაძლებლობა მისცა. ამან, რა თქმა უნდა, მუსლიმი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. მაგალითად, შუშაში 1843 წელს მოხდა პირველი სომხური დარბევა, როდესაც ქალაქის ქვედა სომხური კვარტალი, რომელიც ქალაქის უპირატესად მუსულმანურ ნაწილში, იძულებული გახდა, გადასულიყო ზემო ნაწილში, ანუ ქალაქის უპირატესად სომხურ ნაწილში. ამის შემდეგ ქალაქი ორ ნაწილად გაიყო.

სომხურ-თურქულ-მუსულმანურ ურთიერთობებში კიდევ ერთი პრობლემა მომთაბარე მოსახლეობის საკითხია, იმ მრავალი მომთაბარე ტომის, რომლებიც სეზონური მიგრაციის დროს სომხური სოფლებით ადიოდნენ მთებში, ალპურ საძოვრებზე, შემდეგ კი, შემოდგომაზე ისევ ვაკეში ბრუნდებოდნენ.

ამ მიგრაციების დროს წარმოიშვა მრავალი კონფლიქტი, რომელიც გამოწვეული იყო არა ამ კონფლიქტის ეთნიკური ბუნებით, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოველების უზარმაზარი ნახირები და ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც სომხურ სოფლებში ამოდიოდნენ, მოსავალს აზიანებდნენ. ხშირად სხვადასხვა სოფლიდან ნახირები ერთმანეთში ირეოდნენ და ქალაქში მიჰყავდათ. ხანდახან სომეხი გლეხები ართმევდნენ ამ ნახირებს, ეს განსაკუთრებით დამახასიათებელი იყო მცირე კავკასიის, ანუ სიუნიქის, ზანგეზურის, მთიანი ყარაბაღის, განჯისა და თანამედროვე ტავუშის სომხებისთვის.

ეს გახლდათ წინაპირობები და სეგრეგაცია ამ ორ თემს შორის, რამაც შემდგომში ახალი, ეთნიკური ნიადაგის კონფლიქტი გამოიწვია. ეს მე-20 საუკუნის პირველ ხანებში დაიწყო და დაკავშირებულია რუსეთის იმპერიაში მიმდინარე პროცესებთან. ეს გახლავთ, რა თქმა უნდა, რუსეთის რევოლუცია, ანუ ცენტრალური ხელისუფლების შესუსტება და შიში იმისა, რომ ეს რევოლუცია კავკასიაშიც და სამხრეთ კავკასიის ხალხებზეც გავრცელდებოდა. ამ სოციალისტურ მოძრაობებში  ყველაზე აქტიურად სწორედ სომეხი და ქართველი სოციალისტები  იყვნენ ჩართული.

მეორე მხრივ, მე-19 საუკუნის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის იმპერია ოსმალეთის იმპერიაში სომხური საკითხების აქტიურ პროპაგანდას ეწეოდა, რუსეთის იმპერიაში მწვავე უნდობლობა წარმოიშვა სომხური ეროვნული მოძრაობის მიმართ. ამასთანავე, არსებობდა სომხური საეკლესიო სკოლები, რომლებიც ალექსანდრე III-ის რუსიფიკაციის პოლიტიკის დროს აღიქმებოდა როგორც კერები, სადაც სომხური ერის დამოუკიდებელი არსებობის იდეები ვრცელდებოდა. სომხური კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა, ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა, ასევე პოლონური და ფინური, რუსეთის იმპერიისთვის, ებრაელებთან ერთად, ყველაზე საშიშად განიხილებოდა, რადგან ამ თემებს, ამ ჯგუფებს ჰქონდათ მდიდარი ტრადიცია და ლიტერატურა ეროვნულ ენებზე. აქ არსებობდა პოლიტიკური ფაქტორიც – სომხეთის კავშირი ბრიტანეთის იმპერიასთან….

დღეს, რუსეთის თვალსაზრისით, ყველაფერში, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ხდება, დასავლეთის ხელი ურევია. იგივე მოხდა მაშინ, რასაც უმცირესობების ასიმილაციის პოლიტიკაც ემატებოდა. სწორედ ამიტომ დაიწყო სომხური საეკლესიო სკოლების დახურვა. 1885 წელს სომხური სკოლები ამას დაუპირისპირდნენ და ფარულად გახსნეს დაწესებულებები, რის შემდეგაც ისინი საბოლოოდ დაიხურა. 1886 და 1887 წელს დაიხურა საქველმოქმედო საზოგადოებებიც… 1903 წელს მიიღეს კანონი სომხური ეკლესიის ქონების ჩამორთმევის შესახებ, რამაც სომეხი მოსახლეობის უკმაყოფილება და წინააღმდეგობა გამოიწვია,“ – გვიყვება სამველ მელიქსეტიანი.

აზერბაიჯანული „ვერსია“                                                                                                   

აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი და ისტორიის ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე ფარჰად ჯაბაროვი ერთ-ერთია, ვისაც კონფლიქტის ფესვების შესახებ ვკითხეთ:

ფარჰად ჯაბაროვი

„ცნობილი ფაქტია, რომ ჯერ კიდევ 300 წლის წინ რუსეთის იმპერატორმა, პეტრე I-მა, იმპერიის სამომავლო კონტურებზე ფიქრით, სამხრეთში გაგზავნილ შიკრიკებს დაავალა:

„ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ შემოვიტყუოთ ისინი (სომხები) ჩვენს მიწებზე, რათა რუსეთს ჰქონდეს დასაყრდენი“.

მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ირანსა და თურქეთში მცხოვრები 300 ათასამდე სომეხი ჩამოასახლეს აზერბაიჯანში, ერივანში (დღევანდელი ერევანი), მთიან ყარაბაღში, ნახიჩევანში, ზანგეზურში, დარალაიაზში, ორდუბადში, ვედიბასარში და სხვა ტერიტორიებზე დაასახლეს. ამის შემდეგ ჩამოსახლებული სომხებისთვის თანდათან პირობების შექმნა დაიწყეს, რაც აზერბაიჯანელებისა და ქართველების შევიწროებას უწყობდა ხელს. მაგალითად, როდესაც ჯერ თბილისში, შემდეგ კი, ბაქოში შეიქმნა ქალაქის მმართველობითი ორგანოები (სათათბიროები), მათი დიდი ნაწილის წევრები სომხები იყვნენ. ეს პრივილეგიები მათ პირადი შემოსავლებისა და შესაძლებლობის ხარჯზე მიენიჭათ. იმ პერიოდში ქონების შესახებ ცენზი არსებობდა და არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერ პირებს შეეძლოთ. სომხები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ვაჭრობასა თუ მრეწველობაში, ამიტომ ბევრი ქალაქის სათავეში სწორედ ისინი მოგვევლინნენ.

იმის გამო, რომ ისინი ბევრი პრივილეგიით სარგებლობდნენ, დროთა განმავლობაში ეკონომიკურად უფრო გაძლიერდნენ. აქ რელიგიური ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ, რომელიც დიდ როლს თამაშობდა. მუსულმანები მეფის რუსეთის მხრიდან აღქმულნი იყვნენ, როგორც უცხოები და მტრები. მათ უნდა შეექმნათ ძალა, რომელიც ამ მტრებს დაუპირისპირდებოდა. მაშინ სომხებმა სწორედ ეს როლი შეასრულეს,“ – აღნიშნავს ფარჰად ჯაბაროვი.

ამ კონტექსტში საინტერესოა ერთი გარემოება — რელიგიური განსხვავების გათვალისწინებით, შესაძლოა, აღნიშნული როლი ქართველებსაც შეესრულებინათ, თუმცა რატომ მაინც და მაინც სომხები? ფილოსოფიისა და ისტორიის დოქტორს, ასოცირებულ პროფესორს, ელნურ ქელბიზადეს ამაზე შემდეგი პასუხი აქვს:

„მეფის რუსეთს კარგად ესმოდა, რომ ქართველები როგორც, კავკასიის ადგილობრივი, ძირძველი მოსახლეობა, ამაყი ხალხია, აქ გასათვალისწინებელია ქართველი ერის ხასიათის თავისებურებაც, შესაბამისად, ბრმა იარაღად ვერ იქცეოდნენ რუსეთის იმპერიის ხელში. ამიტომ აქცენტი გააკეთეს სომხებზე,“ – აცხადებს ის.

1810-1820-იან წლებში მიმდინარე ომებსა და საზავო ხელშეკრულებების კონტექსტში განიხილავს კონფლიქტის ისტორიულ საფუძვლებს აზერბაიჯანელი მეცნიერი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი სოლმაზ რუსტამოვა-ტოგიდი, რომელიც აზერბაიჯანის ერთ-ერთ ავტორიტეტულ მკვლევარად ითვლება. ის აზერბაიჯანი-სომხეთის კონფლიქტის თემატიკას მრავალი წელია იკვლევს და გახლავთ არაერთი წიგნის, კვლევისა თუ სტატიის ავტორია.

მისი განმარტებით, მე-19 საუკუნის დასაწყისში დაწყებული რუსეთ-ირანისა და რუსეთ-თურქეთის ომებისა და შემდგომი მოვლენების შედეგად სომხურ ეროვნულ ცნობიერებაში საუკუნეების მანძილზე დამალული იყო საკუთარი სახელმწიფოებრიობის იდეა, ამ მოვლენების ჯაჭვი კი, გულისტანის, თურქმენჩაისა და ადრიანოპოლის ხელშეკრულებების დადება (1813, 1828, 1829 წლები) გახლდათ, რაც მიზნად ისახავდა აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ისტორიული ტერიტორიების დაყოფას, ვრცელი ტერიტორიების ანექსიას და ძირძველი მოსახლეობის დეპორტაციას, სომხების გადმოსახლებას სპარსეთიდან, ასევე თურქეთიდან თავდაპირველ აზერბაიჯანულ (13 სახანოების ტერიტორია) და ქართულ (ახალციხე, ახალქალაქი) მიწებზე.  ეს იდეა სომხური ნაციონალისტური ძალების პოლიტიკურ დევიზად იმთავითვე იქცა.

„ე.წ. „დიდი სომხეთის “ „შემქმნელების“ გეგმის მიხედვით, მათი ახალი სახელმწიფო  ოსმალეთის თურქეთისა და რუსეთის იმპერიის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილში უნდა შექმნილიყო (კავკასიაში, უფრო ზუსტად, აზერბაიჯანისა  და საქართველოს ტერიტორიაზე), რამაც განსაზღვრა გარკვეული ურთიერთობების დასაწყისი ხელისუფლებასა და სომეხ მოსახლეობას შორის, რომელმაც გამოაცხადა თავისი სეპარატისტული ზრახვები.

ნიკოლოზ I-ის ბრძანებულების საფუძველზე, სომხებმა დაიწყეს მასობრივი და დაუბრკოლებლად მიგრაცია სპარსეთიდან და თურქეთიდან კავკასიაში, განსაკუთრებით ყარაბაღის, ნახიჩევანისა და ერევნის ტერიტორიებზე. 1828 წლის მარტში ირევნისა და ნახიჩევანის სახანოების ტერიტორიები რუსეთის მთავრობამ გააერთიანა ადმინისტრაციულ ერთეულად – „სომხეთის რეგიონი“.

მიუხედავად იმისა, რომ „სომხური რეგიონი“ ლიკვიდირებული იქნა 1840 წლის აპრილში, ამ ტერიტორიაზე აზერბაიჯანული მოსახლეობის ისტორიულად არსებობა ხელს არ უშლით სომხებს, რომ ეს მიწები „სომხურად“ მიეჩნიათ.

XIX საუკუნის შუა ხანებიდან ოსმალეთის იმპერიის შიდა და გარე პოლიტიკური  მდგომარეობა გართულდა. ევროპულმა ძალებმა და რუსეთმა, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ ძლიერი თურქეთის დასუსტებით, თურქეთის სრუტეების ხელში ჩაგდების მიზნით სომხების ანტითურქული გეგმების წახალისება დაიწყეს… და შემთხვევითი არ არის, რომ უკიდურესად ნაციონალისტური სომხური პარტიები –  “ჰნჩაკი” (1887), „დაშნაკცუთიუნი“ (1890), ასევე სხვა  რადიკალური ძალები სწორედ რუსეთსა და ევროპაში შეიქმნა. 1907 წელს სწორედ ამიერკავკასია გახდა სომხური ექსპანსიონიზმის ცენტრი,“ – აცხადებს პროფესორი სოლმაზ რუსტამოვა-ტოგიდი.

ქართული „ვერსია”

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ დიმიტრი შველიძის აზრით, დაპირისპირების საწინდარი, ერთი მხრივ, მართლაც იყო რუსეთის „დაყავი და იბატონეს“ პოლიტიკა, ასევე განსხვავება სარწმუნოებას შორის, თუმცა სხვა კონკრეტული საკითხებიც არსებობდა, მაგალითად: ნავთობის სარეწები და ფინანსური სარგებელი.

დიმიტრი შველიძე

„საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც ნავთობის მოპოვება-გადამუშავება დაიწყეს, ბაქო ძალიან დიდ სამრეწველო ქალაქად გადაიქცა. ბაქოში ნავთობის სარეწების დიდი ნაწილი სომხების ხელში აღმოჩნდა. სომხები საუკუნეების განმავლობაში გამრჯეობით, ფულის დაგროვებითა და საქმოსნობით იყვნენ ცნობილნი და ამ სარეწებთან დაკავშირებული ფინანსური ნაკადიც სომეხი ბიზნესმენების ჯიბეში მიდიოდა. ეს ასე იყო არა მხოლოდ ბაქოში, არამედ სხვა აზერბაიჯანულ ქალაქებშიც.

გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლება, რომელიც უკვე რევოლუციის პირზე იდგა, ცდილობდა, ხალხებს შორის განხეთქილების მარცვალი დაეთესა და გაეღვივებინა. საკუთარი სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის ეს კარგი მეთოდი გახლდათ. ასე რომ, დენთის კასრი სავსე იყო და მხოლოდ ასანთის ღერის ანთებაღა უნდოდა,“ – აღნიშნავს დიმიტრი შველიძე.

 

1905-1906 წლების სომხურ-თათრული ხოცვა-ჟლეტა; 1918-1920 წლების მოვლენები და მარტის გენოციდი; განსხვავება და მსგავსება

 

აზერბაიჯანული წყაროები ამბობენ, რომ სომხების მხრიდან ჩადენილმა სასტიკმა დანაშაულებმა განსაკუთრებული მასშტაბები სწორედ რუსეთის მთავრობის მფარველობითა და დახმარებით, XX საუკუნის დასაწყისში შეიძინა, კერძოდ, 1905-1906 წლებში. აზერბაიჯანის პროვინციებში, ზანგეზურში, ერივანში, ნახიჩევანში, ორდუბადში, ყაზახში და ყარაბაღში ასობით სოფელი დაიწვა, ხოლო მოსახლეობა, ბავშვების ჩათვლით —  უმოწყალოდ დახოცეს. დღევანდელი სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ტერიტორიებიდან აზერბაიჯანელთა მასობრივი გაძევების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობის შესახებ მკვლევრები, ისტორიკოსები თუ ექსპერტები დღემდე ძალიან ბევრს საუბრობენ და ამის გასამყარებლად უამრავი დოკუმენტური საარქივო მასალაც აქვთ.

აზერბაიჯანელი ისტორიკოსი ფარჰად ჯაბაროვი ფიქრობს, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში განხორციელებული 2 სისხლიანი მოვლენიდან ერთ-ერთი, კერძოდ, 1905 წელი მეცნიერების მიერ საკმარისად შესწავლილი არ არის. მისი თქმით, 1918 წლის მოვლენები სომხების მიერ დახოცილი მშვიდობიანი მოსახლეობის მასშტაბით, აღემატება გასული წლების მოვლენების დროს ჩადენილ დანაშაულებს, თუმცა აზერბაიჯანელი ხალხის რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დაწყებული ხოცვა-ჟლეტის არანაკლებ მძიმე შემთხვევები სწორედ აღნიშნული საუკუნის დასაწყისში არსებობდა.

„ეს ყველაფერი ერთი ჯაჭვია“ — ამბობს ჯაბაროვი და აცხადებს, რომ როგორც 1905, ისე 1918 წლის  აზერბაიჯანის მიმართ ჩადენილ ტერორად და გენოციდად მოხსენიება ამ მოვლენების სწორი შეფასება და ფორმულირებაა.

„1905 და 1918 წლებს შორის შემდეგი პარალელის გავლებაც შეიძლება: ორივე შემთხვევაში, სომხები დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ სისხლიანი აქციებისთვის; ისინი მიზანმიმართულად იარაღდებოდნენ, დაგეგმილ პროვოკაციებს აწყობდნენ, რათა აზერბაიჯანელები გამოეწვიათ; ასევე, ადგილი ჰქონდა მდიდარი სომხების უშუალო მონაწილეობას ძალადობრივ აქტებში. უცვლელი იყო სომხური პროპაგანდა, რომლის თანახმადაც, როგორც 1905, ისე 1918 წელს, ისინი მუდმივად ცდილობდნენ აზერბაიჯანელები თავდამსხმელებად, ხოლო სომხური მოსახლეობა მსხვერპლად წარმოეჩინათ.

თუმცა, ამ წლების მოვლენებს შორის იყო პრინციპული განსხვავებაც: 1905 წელს კონფლიქტი ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა, ხოლო 1918 წელს ეს მიზანმიმართული გენოციდი იყო.

საბჭოთა პერიოდში არსებობდა შემდეგი იდეოლოგია, თითქოს, აზერბაიჯანელები და სომხები მეგობრულად ცხოვრობდნენ, ხოლო მეფის რუსეთი მათ შორის კონფლიქტის გაღვივებას ცდილობდა, თუმცა  როდესაც ჩვენ მე-20 საუკუნის დასაწყისის ისტორიულ ფაქტებს ვაანალიზებთ და ვაფასებთ,  პირიქით, ჩვენსა და სომხებს შორის არანაირი მეგობრული ურთიერთობა არასდროს ყოფილა.  რყევები ამ ორ ერს შორის ყოველთვის არსებობდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაგროვდა.

სწორედ ამ ფონზე, 1904 წელს ბაქოში რამდენიმე მკვლელობა მოხდა, სენატორი კუზმინსკიც კი ჩამოვიდა, თავისი რევიზიით. ის წერდა, რომ 1904 წელს, როდესაც თოვლი დადნა, აღმოაჩინეს დასახიჩრებული აზერბაიჯანელების ცხედრები, მოჭრილი ყურებით, ამოთხრილი თვალებით, მოჭრილი ცხვირებით…

ამის შემდეგ  იყო 1905 წლის 6 თებერვლის მძიმე ფაქტიც, როდესაც  სომხურ ეკლესიასთან აზერბაიჯანის მოქალაქეები დახოცეს. სწორედ ეს გახდა ის ნაპერწკალი, რომელმაც სიტუაცია ძალიან გაართულა და აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა დაიწყო.

სომხები თავს ესხმოდნენ აზერბაიჯანელებს. ჩვენები, ცხადია, მათ პასუხობდნენ. 6-დან 9 თებერვლამდე დაიწყო ხალხთა შორის პირველი მასშტაბური კონფლიქტი.  სინამდვილეში, ეს ნამდვილი ომი იყო. სომხები არა მხოლოდ თოფებიდან ან პისტოლეტებიდან ისროდნენ, არამედ, მათ კარგად შეიარაღებული მებრძოლების ჯარი ჰყავდათ.

როდესაც  რუსეთმა ადგილობრივ ხელისუფლებაში მოადგილედ ვორონცოვი მოავლინა, კონფლიქტის მიმართ პოლიტიკა და მიდგომები შეიცვალა. 1905 წლის აგვისტოში  მთელი ის საეკლესიო ქონება, რაც თავის დროზე სომხებს წაართვეს, დაუბრუნეს, რამაც სომხებსა და რუსებს შორის მჭიდრო კავშირი კვლავ აღადგინა. სომხებმა კვლავ მყარი ზურგი და დასაყრდენი იგრძნეს. თუმცა, ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ  1905 წლის დასაწყისში რუსეთი სომხეთს  აზერბაიჯანელების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ მოქმედებებში მხარს უჭერდა.

თუ ჩვენ 1918 წლის გენოციდის მოვლენებს გადავხედავთ, ის ხშირად განიხილება, როგორც სომხების შურისძიება აზერბაიჯანელებზე 1905 წლის მოვლენების გამო. 1905 წელს აზერბაიჯანელებმა, რეალურად, არ მისცეს სომხებს შესაძლებლობა, მათ წინააღმდეგ მასობრივი ხოცვა-ჟლეტა განეხორციელებინათ. აზერბაიჯანელების მხრიდან წინააღმდეგობა დიდი იყო. ჩვენ მათ ძალადობრივ ქმედებებს ადეკვატურად ვპასუხობდით…  1918 წელს კი, აზერბაიჯანს ასეთი შესაძლებლობები აღარ ჰქონდა. 1905 წელს, ცუდად თუ კარგად, ჩვენი ხალხი შეიარაღებული იყო, ხოლო 1918 წელს დასუსტებული გახლდათ…მაგალითად, 1905 წელს ბაქოში, ერივანში, განჯაში აზერბაიჯანი იმარჯვებდა, მაგრამ, შუშაში სომხებს ერგოთ უპირატესობა — მათ მაშინ ჩვენი რამდენიმე სოფელი მთლიანად დაიკავეს და იქიდან აზერბაიჯანელი მოსახლეობა გამოყარეს. ასე რომ, ვერ ვიტყვით, თითქოს, 1905 წელს აზერბაიჯანელებმა სრული მარცხი განიცადეს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ სომხები 1918 წლის გენოციდს მოიაზრებენ, როგორ რევანშს, შურისძიებას 1905 წლის მოვლენების გამო.

ჩვენს ისტორიულ წყაროებს თუ გავაანალიზებთ, ამ დანაშაულების უკან  პარტია „დაშნაკცუთიუნი“ იდგა. მეფის რუსეთს მხოლოდ იმ ნაწილში ადანაშაულებენ, რომ თავის დროზე მათ ხელსაყრელი პირობები შეუქმნა სომხებს, რომელთაც კავკასიაში თავი ისე იგრძნეს, თითქოს, მისი ბატონ-პატრონები ყოფილიყვნენ.

ხშირად ჩნდება კითხვა, რატომ არ შეაკავა რუსეთმა მაშინ ეს კონფლიქტი. საქმე ისაა, რომ მაშინ პოლიციას არ ჰქონდა იარაღი. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია… .ეს ყველა ისტორიული წყაროთ დასტურდება. ამიტომაც, როდესაც დაპირისპირება იწყებოდა, პოლიციელები, უბრალოდ, ადგილიდან გარბოდნენ.

ჯერ კიდევ 1902 წელს კავკასიის მმართველობამ მიმართა პეტერბურგს, რათა მათ გაეღოთ სახსრები მილიციისთვის იარაღის შესაძენად, რაზეც უარი მიიღეს, რადგან ბიუჯეტში შესაბამისი სახსრები ვერ გამოინახა. შესაბამისად, გამოვიდა ისე, რომ მილიციას მაშინ თავისი ფუნქციის შესრულება საერთოდ არ შეეძლო.  ლოკალური კონფლიქტების მოგვარება მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ადგილობრივი ჯარის ჩარევით თუ ხერხდებოდა,“ – ამბობს ფარჰად ჯაბაროვი.

თუ ჯაბაროვი სომხურ-აზერბაიჯანული ხოცვა-ჟლეტის დაწყების მიზეზად 1905 წლის 6 თებერვალს სომხურ ეკლესიასთან აზერბაიჯანის მოქალაქეების დახოცვას ასახელებს, სომხურ მხარეს ამ მიზეზთან დაკავშირებით, საპირისპირო ვერსია აქვს. მათი ვერსიით, ყველაფერი პირიქით მოხდა და 1905 წლის 6 თებერვალს აზერბაიჯანელმა მოკლა სომეხი ჯარისკაცი.

„1905 წლის 6 თებერვალს სომხური ეკლესიის მახლობლად მოხდა ინციდენტი. თურქმა (როგორც სომხები აზერბაიჯანელებს უწოდებდნენ – ავტ.) ბაბაევმა პისტოლეტის გასროლით დაჭრა სომეხი ჯარისკაცი. სომხებმა ბაბაევი პოლიციას გადასცეს და  მისი ჩხრეკა მოითხოვეს, მაგრამ მან წინააღმდეგობა გაუწია, პისტოლეტიდან სროლა ატეხა  და პოლიციის მანქანიდან გადახტა, თუმცა კრივაიას ქუჩის მახლობლად მისი შეკავება განრისხებულმა მოსახლეობამ შეძლო და ბაბაევი ადგილზე მოკლეს. თანამორწმუნეებმა ბაბაევის ცხედარი ეტლზე დაასვენეს და თურქულ უბნებში გადაიტანეს. ფაქტმა თურქი მოსახლეობა სომხების მიმართ კიდევ უფრო წინააღმდეგობრივად განაწყო,“ — ვკითუხლობთ სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის ოფიციალურ გვერდზე.

1905-1906 და 1918-1920 წლებში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას სომეხი პოლიტოლოგი სამველ მელიქსეტიანი განმარტავს, რომ გარე ფაქტორი ყოველთვის ახდენდა გავლენას სომხურ და მეზობელ თურქ თუ მუსულმანურ მოსახლეობას შორის იმდროინდელ ურთიერთობებზე, ვინაიდან იდენტობა მე-20 საუკუნეში მნიშვნელოვანი იყო და თანამედროვე სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის საფუძველს წარმოადგენდა. მისივე თქმით, ამ დროის პირველი სომხურ-აზერბაიჯანული აზერბაიჯანული შეტაკებები წარმოიშვა ისეთი პროპაგანდისა და ჭორების ფონზე, თითქოს, სომეხი რევოლუციონერები სამხრეთ კავკასიაში ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, მუსლიმების დასამონებლად და საკუთარი სამეფოს შესაქმნელად ემზადებოდნენ.

„ცნობილია, რომ ამ დარბევების დროს გაისმოდა, თითქოს, სომეხი მეფე მოკლეს. ხდებოდა სხვა მსგავსი კურიოზული შემთხვევებიც. ბაქოში სომეხი მოსახლეობის დიდი ნაწილი იყრიდა თავს, რომელიც, ფაქტობრივად, 10 წელიწადში გაიზარდა და 15 ათასიდან, თითქმის, 90 ათასი გახდა. უკვე ბევრი სომეხი, რუსი თუ სხვა ჯგუფის წარმომადგენელი მოვიდა ნავთობის საბადოებზე. ესენი, ძირითადად, იყვნენ გლეხები მთიანი, მიწით ღარიბი რეგიონებიდან, რომლებიც ამ სფეროებში მუშაობდნენ. ქალაქში ახალი ხალხის ასეთი რაოდენობის კონცენტრაციამ, ამ აქტიურ ზრდასთან და ანტისომხური რუსული ადმინისტრაციის პროპაგანდასთან ერთად, გამოიწვია უნდობლობის ზრდა ამ ორ ჯგუფს შორის. თავის მხრივ, ასევე იყო შეზღუდვები, რომლებიც რუსეთის ადმინისტრაციამ მუსლიმ მოსახლეობას დაუწესა.

ებრაელები, მუსლიმები, ანუ „ურწმუნოები“ საკრებულოებში მანდატების ნახევარზე მეტს ვერ დაიკავებდნენ. ბაქოში მუსლიმებმა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქალაქში აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენდნენ, თავად საკრებულოს ნახევარზე მეტი ვერ დაიკავეს. ამავე დროს, საკრებულოში ადგილების, დაახლოებით, მეოთხედი სომხებს ეკავათ. ამან, ასევე, გამოიწვია მუსლიმი მოსახლეობის უკმაყოფილება, რომლებიც თვლიდნენ, რომ ეს მათი ქალაქი იყო და მათ ჰქონდათ თანამდებობის დაკავების უფლება. იგივე მოხდა თბილისში, მაგრამ იქ ეს დაკავშირებული იყო ქონების ცენზთან. ამის გამო მოხდა სომხურ-ქართული კონფლიქტიც, მაგრამ რადგან სომხურ-ქართული კონფლიქტი არ იყო დაფუძნებული რელიგიური სეგრეგაციაზე, რუსეთის მცდელობების მიუხედავად, რამ კონფლიქტის სხვა მონაკვეთები არ არსებობდა. ბაქოს და შემდეგ ერევნის შემთხვევაში, ახალი შეტაკებები დაიწყო: ნახიჩევანში სომხური დარბევა მოხდა, შემდეგ თანაბარი მასშტაბის ყველაზე სისხლიანი შეტაკებები მოხდა თანამედროვე სომხეთის სამხრეთში – ზანგეზურში და მთიან ყარაბაღში. ამ ორ რეგიონში ძალიან დიდი სოფლები განადგურდა.

გვაქვს სომხური სოფლის, მინკენის მაგალითი, სადაც ასობით ადამიანი დაიღუპა და მუსულმანური სოფელი დარპასი, ასევე ნაწილობრივ სომხური – ნაწილობრივ მუსულმანური, სადაც მთელი მუსლიმი მოსახლეობა დაიღუპა. ეს ძალიან სასტიკი ქმედებები ზემოხსენებულ ორ რეგიონს უკავშირდება, კონფლიქტის მთელი პერიოდის განმავლობაში ყველაზე გახანგრძლივებული შეტაკებები კი, ქალაქ შუშას.
მთიან ყარაბაღში, სადაც 1905 და 1906 წლებში ორი დარბევა მოხდა, უკანასკნელი მათგანი  10 დღე გაგრძელდა, დაიწვა 400-ზე მეტი სახლი და ქალაქის მთელი ცენტრალური ნაწილი, რომელიც სომხურ და მუსულმანურ ნაწილებს ესაზღვრებოდა. ზარალი უზარმაზარი იყო. ამიტომაც უნდა გვესმოდეს, რომ სწორედ მაშინ და ამ რეგიონებში, ანუ სომხეთის სამხრეთში, მთიან ყარაბაღში ჩამოყალიბდა ასეთი სასტიკი კონფლიქტის ტრადიცია, რომელიც უკვე 1918-1920 წლებში განმეორდა.

ეს ორი რეგიონი, ასევე ზანგეზური და მთიანი ყარაბაღი სომხურ-მაჰმადიანური შეტაკების ყველაზე ძალადობრივ ზონად იქცა. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, რუსეთის ადმინისტრაცია ბაქოს დარბევის დროს უმოქმედო იყო, ანუ უბრალოდ უყურებდა, რა ხდებოდა. სომხური წყაროები აღიქვამენ ამ მდგომარეობას, როგორც სომხების დასჯას მათი რევოლუციური საქმიანობისთვის. მათი არმონაწილეობა პირდაპირი მნიშვნელობისაა. ბევრმა თვითმხილველმა აღწერა, როგორ დადიოდა ბაქოს გუბერნატორი გენერალი ნაკაშიძე; უყურებდა, როგორ ესროდნენ სომხების სახლებს და არაფერს აკეთებდა. ამან გამოიწვია გენერალი ნაკაშიძის მოკვლა 1905 წლის მაისში დაშნაკი ტერორისტების მიერ.

ამავდროულად, რუსეთის ხელისუფლებამ გარკვეული დროის შემდეგ სომეხი და მუსლიმი მოსახლეობის დასჯაც დაიწყო. კაზაკთა რაზმები გაგზავნეს სომხურ ან მუსულმანურ სოფლებში, დაიწყეს სახლებისა და ქონების ძარცვა, რამდენიმე დღე დარჩნენ, გლეხებს ფული მოსთხოვეს და რამდენიმე დღის შემდეგ კი, წავიდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში, მათ ასევე ჩაიდინეს სხვა ძალადობრივი ქმედებები. მაგალითად, მთიანი ყარაბაღის სამხრეთ ნაწილში ბევრი სომხური სოფლის მაცხოვრებლებმა განიცადეს ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობა, რაც შეეხო როგორც ქალებსა და ბავშვებს, ისე მოხუცებს. ეს ყველაფერი დოკუმენტურად დაწერილი იყო და საჩივრის სახით გაეგზავნა კავკასიის მეფინსაცვალ გენერალ ვორონცოვ დაშკოვს.

1918 წელს, 1920 წელს აქ უკვე გაჩნდა ახალი – ოსმალეთის იმპერია, რომელიც ძალზედ აგრესიულად წყვეტდა ოსმალეთში მცხოვრები სომხების საკითხს, მათი გენოციდის სახით.

ოსმალეთის იმპერიის წინსვლამ სამხრეთ კავკასიაში და მისმა შემოჭრამ 1918 წელს გამოიწვია სომეხი ლტოლვილების ტალღა, რომელიც ასევე მუსლიმებით დასახლებულ რაიონებში შესვლისას ზოგჯერ შურისძიების და კოლექტიური მკვლელობის აქტებს სჩადიოდა. ოსმალეთის არმიის შემოსევამ, ერთი მხრივ, გამოიწვია მთელი სომეხი მოსახლეობის განდევნა მათ მიერ დაკავებული ტერიტორიიდან, მეორე მხრივ კი, სომეხი ლტოლვილებიც ძალიან სასტიკები გახდნენ თავიანთი მუსლიმი მეზობლების მიმართ.

შეტაკებებისა და ხოცვა-ჟლეტის ეს ჯაჭვი გაძლიერდა და 1918 წლის სექტემბერში ბაქომდე მიაღწია. 1918 წლის მარტის ბოლოს მოხდა ბაქოში მუსლიმი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა, ბაქოს შეტაკებები, რითიც ისარგებლეს ბოლშევიკებმა და დაიწყეს სომხური ძალების გამოყენება – ჯარისკაცების, რომლებიც ბაქოში დაგროვდნენ და ვერ შევიდნენ სომხეთის ტერიტორიაზე, რადგან მათ არ უშვებდა აზერბაიჯანის მთავრობა იმის შიშით, რომ გზაში შესაძლოა, ზიანი მიეყენებინათ მუსლიმი მოსახლეობისთვის ან შესაძლოა, სომხეთში აღმოჩენილიყვნენ და მნიშვნელოვანი ფაქტორი გამხდარიყვნენ მომავალ სამხედრო კონფლიქტებში.

თავის მხრივ, 1918 წლის სექტემბერში, როდესაც თურქულმა არმიამ ბაქო აიღო, მოხდა სომეხი მოსახლეობის ფართომასშტაბიანი ხოცვა-ჟლეტა, რამაც ათიათასობით ბაქოელი სომეხი შეიწირა. მოვლენების ეს სისხლიანი ჯაჭვი შემდეგ მთიან ყარაბაღში გავრცელდა.

უნდა ითქვას, რომ 1905-1907 წლებში არ ყოფილა სომხური დარბევები იქ, სადაც სუნიტი მუსლიმები ცხოვრობდნენ, ეს შეტაკებები მოხდა მხოლოდ იქ, სადაც შიიტი მუსლიმები ცხოვრობდნენ. მაგრამ, 1918 და 1920 წლებში, თანამედროვე შეკის რეგიონის ტერიტორიაზე, ოგუზის რეგიონში, გაბალას რეგიონში, შიმახას რაიონში, სადაც დაახლოებით 90 სომხური სოფელი იყო, ხოლო მუსულმანები სუნიტები იყვნენ, მოხდა ყველაზე სასტიკი შეტაკებები და ამ ტერიტორიის სომეხი მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ისევე როგორც ქალაქ შიმახას მუსლიმი მოსახლეობა, ამ ძალზე სასტიკი შეტაკებების დროს განადგურდა. ეს გახდა სომხურ-მაჰმადიანური, ასე ვთქვათ, კონფლიქტის ახალი გამოვლინება ამ რეგიონში,“ – აცხადებს სამველ მელიქსეტიანი.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ორმხრივი სისხლიანი დაპირისპირებისა, სომხები აზერბაიჯანელებს გენოციდის ბრალდებას არ უყენებენ; აღნიშნული ბრალდება, მათი მხრიდან, თურქეთის მისამართით ჟღერდება.

ქართული ვერსია

ზემოხსენებულ მოვლენებს ქართველი ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე შემდეგნაირად აღწერს:

„1906 წლის დასაწყისში შერიგებისაკენ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ამის მცდელობა მანამდეც იყო. სხვათა შორის, მაშინ ბაქოს გუბერნატორი მიხეილ ნაკაშიძე გახლდათ, რომელმაც ამ კონფლიქტის მოგვარება სცადა. 1905 წელს მან შეკრიბა სომეხი და აზერბაიჯანელი საეკლესიო მოღვაწეები და ბაქოში დიდი მსვლელობა მოაწყო, რომელსაც წინ თავად მიუძღოდა. ამ პროცესიამ საქმეს ვერ უშველა და ხოცვა-ჟლეტა გაგრძელდა, მიხეილ ნაკაშიძე კი, 1905 წლის აპრილში ააფეთქა „დაშნაკცუთიუნის“ წარმომადგენელმა, დრასტამატ კანაიანმა. ნაკაშიძის ბრალი, ცხადია, არაფერია, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენელი იყო და არმენოფობია დაბრალდა.

ხოცვა-ჟლეტა, თავის მხრივ, ნამდვილი საშინელება იყო. ერთმანეთს ჯგუფურად ესხმოდნენ თავს და განურჩევლად ყველას ხოცავდნენ. პირველ ხანებში სომხების მსხვერპლი ძალიან დიდი იყო, მაგრამ „დაშნაკცუთიუნის“ სამხედრო რაზმებმა თავდაცვის იმდენად კარგად ორგანიზება შეძლეს, რომ 2-3 თვის შემდეგ ეს სურათი შეცვალა — სომხების მსხვერპლთა რაოდენობამ იკლო, აზერბაიჯანელების კი, გაიზარდა.

ეს პროცესი მხოლოდ ბაქოში არ მიმდინარეობდა. იგივე ხდებოდა ერევანში, ნახჩევანში, განჯაში, მსხვილ სოფლებსა და მაზრებში. ერთი სიტყვით, დიდი უბედურება ტრიალებდა. ბუნებრივია, ამ ამბიდან სუფთად თბილისიც ვერ გამოვიდოდა. პირველ შეტაკებას 1905 წლის შემოდგომაზე პირველი მსხვერპლებიც მოჰყვა საქართველოს დედაქალაქში, მაშინდელი თათრის მოედანზე. შემდეგ ეს პროცესი სხვა უბნებშიც გავრცელდა, სადაც სომხური ან თათრული კომპაქტური დასახლებები იყო. თუმცა, ქართველები ბაქოში პირველივე შეტაკებიდან მალევე გამოფხიზლდნენ, პარტიები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რომ ზომები მიეღოთ. მეფისნაცვალმა 1000 თოფი გამოუყო ქართველ, თბილისელ მუშებს, რომლებმაც, ქალაქის მასშტაბით, პატრულირება დაიწყეს. ამ მობილიზების წყალობით, თბილისში მსხვერპლთა რიცხვი 120-მდე მერყეობდა, რაც აზერბაიჯანულ და სომხურ ქალაქებთან შედარებით, მინიმალური გახლდათ.

ნაწილობრივ, თბილისი ამ უბედურებისგან შუამავლის როლმაც იხსნა, რომელიც ჩვენს დედაქალაქს და ზოგადად, ქართველებს გვქონდა. პირველყოვლისა, თბილისი კავკასიის ადმინისტრაციული ცენტრი იყო და მეფისნაცვალი სწორედ აქ იჯდა; გარდა ამისა, ორივე მხარისთვის — სომხებისა და აზერბაიჯანელებისთვის — მისაღები ისევ ქართველები იყვნენ და ყველაზე მეტად ჩვენ გვენდობოდნენ.

სომეხ-აზერბაიჯანელთა ეს დაპირისპირება ბუნებრივია, სხვადასხვა ფორმით, მერეც გაგრძელდა. როცა 1918 წელს ოსმალები თავს დაესხნენ სომხეთს და სომხეთის დიდი ნაწილის ოკუპირება მოახდინეს, აზერბაიჯანელებმა, რომლებიც თურქების მოძმეებად ითვლებოდნენ, ოსმალეთიდან კავკასიის მიმართულებით გამოქცეული ასიათასობით სომეხი თავიანთ ტერიტორიაზე არ შეიფარეს. 1916-17-18 წლებში საქართველოში სომეხი მოსახლეობის ძალიან დიდი მასა შემოვიდა,“ – განმარტავს დიმიტრი შველიძე.

აღსანიშნავია, რომ კვლევის მომზადებისას, საარქივო მასალა მოვიპოვე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდანაც, სადაც მრავლად ვნახეთ ძველი პრესა, რომელიც ამ პერიოდის მოვლენებს  სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტსა და მომხდარ მასობრივ მკვლელობებს აღწერდა. მაგალითად, გაზეთ „ივერიის“ 1905 წლის 28 მაისის ნომერში ვკითხულობთ:

„„კავკ.“-ს ერევნიდან შემდეგის შინაარსის დეპეშა მიუღია: გუშინ, მთელი დღე და ღამე ქალაქში თოფის სროლა იყო. ორჯელ დააპირეს ბაზრის გადაწვა, მაგრამ დროზე შეაჩერეს. დღეს სომხებმა ერთის მაჰმადიანის სახლს ორი ყუმბარა ესროლეს, სახლი დააზიანეს, შესცვივდნენ და დახოცეს ათი მაჰმადიანი – კაცი, ქალი და ბავშვი. ამას გარდა, მძიმედ დაჭრეს სამი, სახლი გაძარცვეს და, ყაზახები რომ მივიდნენ, გაიქც-გამოიქცნენ. მოკლულია სტრაჟნიკი. გუბერნატორმა წესიერების აღდგენა გარნიზონის უფროსს, გენერალ შვედოვს ჩააბარა.“

შენიშვნა: კვლევის ფარგლებში მოპოვებული პრესის ამონარიდები დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია ამ ბმულზე იხილოს: ქართული პრესა

 

ადამიანური ტრაგედიები და მძიმე შედეგები

 

გუბა ერთ-ერთია აზერბაიჯანის იმ რეგიონიდან, სადაც 1918 წლის მარტის მოვლენების შემდგომ განსაკუთრებული სისასტიკით უამრავი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი, მათ შორის ქალები, ბავშვები და უმწეო მოხუცები ჯერ დახოცეს, შემდეგ კი, ცხედრები ჭასა და ზღვაში ჩაყარეს. ამიტომ, მათი დიდი ნაწილის საფლავები არ არსებობს.

აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, ეროვნული მოძრაობის ჩასახშობად და ძალაუფლების დასამყარებლად, როგორც ბაქოს პროვინციის სხვა რაიონებში, ბაქოს საბჭოს ბოლშევიკურ-დაშნაკთა ხელმძღვანელობამ გუბაშიც გაგზავნა სადამსჯელო რაზმი, რომელიც მხოლოდ სომხებისგან შედგებოდა. სანამ გუბამდე მივიდოდნენ, სომხურმა რაზმმა გზად მშვიდობიანი სოფლების დაწვა და განადგურება დაიწყო. სადამსჯელო რაზმს ხელმძღვანელობდა ჰამაზაპსი, რომლის თანაშემწეები ნიკოლაი და არუტუნ ხაირაპეტოვები იყვნენ – ადგილობრივი სომხები. 1-ელ მაისს ბოლშევიკების სახელით ქალაქში სამი მხრიდან შემოსულმა სომეხმა „დაშნაკებმა“ მაშინვე დაიწყეს ძარცვა და მკვლელობა. პირველ დღეს ქალაქის ქვედა ნაწილში 715 მუსლიმი, ძირითადად, ქალები და ბავშვები მოკლეს, დაანგრიეს ქუჩები და ბაზარი. მეორე დღეს 1012 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ქალაქის მოსახლეობის წარმომადგენელმა, ალიბეკოვმა სთხოვა ჰამაზაპსს, მიცვალებულების დაკრძალვის ნება მიეცა, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მიზანი აშკარა იყო – მოსახლეობის დაშინება.

სომხებმა გუბას ცენტრში მდებარე აბდურაჰიმ ეფენდის მედრესე დაწვეს და გაანადგურეს, დაახლოებით, 1300 წიგნი. 1918 წლის დეკემბერში გუბაში თავის თანაშემწესთან ერთად ჩავიდა განჯის რაიონული სასამართლოს წევრი ანდრეი ნოვაცკი და გამოძიება დაიწყო. 1918 წლის აპრილ-მაისში გუბაში განვითარებული მოვლენების საგამოძიებო ჯგუფმა რამდენიმე თვის განმავლობაში მოისმინა ათობით მოწმე, გამოიკვლია ადგილები და მოამზადა დოკუმენტების სამტომიანი კრებული, რომელიც 451 გვერდისგან შედგება. ნოვაცკიმ კომისიის თავმჯდომარეს წარუდგინა მოხსენება ქალაქ გუბის, ასევე გუბის რაიონის სოფლების დანგრევისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობის შესახებ.

„ამაზასპის სომხური ჯარების გამოსვლის შემდეგ, ქალაქს არანაკლებ საფრთხე – ეპიდემიის დაწყება შეექმნა. ქალაქის ქუჩები და კვარტალი, სახლები და ეზოები სავსე იყო ათასობით დასახიჩრებული და დანაწევრებული კაცების, ქალებისა და ბავშვების ცხედრებით. ისინი უკონტროლოდ ეყარნენ ქუჩებსა და შენობებში. სასულიერო პირებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა თითოეული მათგანის დაკრძალვისას რიტუალები შეესრულებინათ, რითაც აიხსნება მასობრივი სასაფლაოების არსებობა. ამაზე მოწმობს საგამოძიებო კომისიის მასალებში დაცული მოლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩვენებებიც. ქალაქ გუბას სასულიერო ლიდერები წერდნენ, რომ მხოლოდ მათ დასახლებაში 2800 ცხედარი ერთდროულად დაკრძალეს,“ – გვიყვება სოლმაზ რუსტამოვა.

სოლმაზ რუსტამოვა.

თუმცა, აღნიშნული მოვლენები, რომელსაც წლებია, აზერბაიჯანელები გენოციდად მოიხსენიებენ, ერთადერთი სისხლიანი მოვლენა არ არის, რომელიც მე-20 საუკუნეში კავკასიის რეგიონში მოხდა,  აზერბაიჯანის ოფიციალური წყაროების ცნობით, მხოლოდ 1918 წლის აპრილ-მაისში გამართული ხოცვა-ჟლეტის დროს და მხოლოდ ამ რეგიონში მხარეებს შორის დაპირისპირებას 16 000 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

სისასტიკის მასშტაბისა და მსხვერპლთა რაოდენობის მხრივ, ასევე, გამოირჩევა, ყარაბაღის რაიონი, განსაკუთრებით კი, შუშა.

კვლევის მომზადებისას ყარაბაღსაც ვესტუმრეთ. ომის შემდეგ ორი წლის თავზე, რა თქმა უნდა, ჯერ ისევ ამ ომის შედეგებს ებრძვიან. აქ ჯერ კიდევ გხვდება თვალში სანგრებისა და ტანკსაწინააღმდეგო თხრილების სიმრავლე, დანაღმული ადგილები…. თითქმის, ყველა ქალაქის შესასვლელთან სპეციალური საკონტროლო-გამშვები პუნქტია მოწყობილი.

განაღმვითი სამუშაოები უდიდესი სიფრთხილით მიმდინარეობს, რომელსაც აზერბაიჯანის მიერ ამ მიზნით შექმნილი სპეციალური სამსახური აწარმოებს.

ის, რაც ყარაბაღში დაგვხვდა, მძიმე სანახავია. ადამიანი უემოციოდ ვერ უყურებ ათასობით დანგრეულ სახლს. ყველა მათგანში, ალბათ, თაობები ცხოვრობდნენ და თავისი ისტორიაც აქვს. თუმცა, ახლა ისინი მხოლოდ ქვების გორებად არიან ქცეული. დანგრეული გზები, სრულად განადგურებული ინფრასტრუქტურა, მოშლილი კავშირგაბმულობა, უსიცოცხლო სოფლები… აქ თვალნათლივ ჩანს, რომ ყარაბაღის მეორე ომამდეც შეწყვეტილი იყო სიცოცხლე.

თუმცა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა დაკარგული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიბრუნა, აღდგენითი სამუშაოებიც მალევე დაიწყო. ნასოფლარ ადგილებს ახლიდან უბრუნდებათ სიცოცხლის ნიშანწყალი. შუშა, რომელიც ყარაბაღის ისტორიული და კულტურული ცენტრია — აზერბაიჯანმა თავის კულტურულ დედაქალაქად გამოაცხადა. აღდგენის შემდეგ იგი ქალაქი-მუზეუმი იქნება, ამასთან, ადგილმდებარეობიდან და ბუნებიდან გამომდინარე, ტურისტული დატვირთვაც ექნება.

„1905 წელს ყველაზე მძიმე მძიმე ფაქტები სწორედ შუშაში მოხდა, რაკი თქვენ ადგილზე იყავით, ნახავდით, რომ იქ ერთადერთი ძირითადი გზა გადის. იმ პერიოდში სომხებმა ამ გზის ბლოკირება მოახდინეს. იცით, როგორ იყო? სომხური და აზერბაიჯანული დასახლებები ცალ-ცალკე არსებობდა. სომხები თავის კვარტალში ცხოვრობდნენ და მუსულმანები – ცალკე. შუშა მთიან რეგიონშია. ზედა დასახლებებში სომხები ცხოვრობდნენ, რაც მათ უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა, რადგან ისინი დაბლობს აკონტროლებდნენ. ყველა ის გზა, რომელიც შუშამდე მიდიოდა, სომხებს ჰქონდათ დაკავებული — ისინი მაღლობიდან ისროდნენ. 1905-06 წლებში შუშა ბლოკადაში მოექცა. აზერბაიჯანელი ხალხი იღუპებოდა არა მხოლოდ სომხური ტერორის შედეგად, არამედ — შიმშილითა და სიცივით.

ჩვენთან 1906 წელს პირველი პოლიტიკური პარტიის შექმნა სწორედ ყარაბაღის მოვლენებს უკავშირდება. მათ უნდა დაეცვათ აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოსახლეობა. რა სისასტიკეებსაც სომხები იმ წლებში ამ რეგიონში სჩადიოდნენ, მსგავსი მძიმე შემთხვევები არსად ყოფილა…“ – გვიყვება ფარჰად ჯაბაროვი.

აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, მხოლოდ 1918-1920 წლებში ყარაბაღის მთიან ნაწილში 150 სოფელი დაარბიეს, რომელთა მოსახლეობაც მთლიანად განადგურდა. იმავე წყაროების თანახმად, მარტის სისხლისღვრის დროს ქალაქ ბაქოს მხოლოდ ერთ რაიონში იპოვეს 57 აზერბაიჯანელი ქალის ცხედარი მოჭრილი ყურებითა და ცხვირით, გაფატრული მუცლებით. ამ საზარელ ფაქტებს შორის შედის, ასევე, ახალგაზრდა ქალების კედელზე ცოცხლად გაკვრა და ქალაქის საავადმყოფოს დაწვა, სადაც ორი ათასი ადამიანი ცდილობდა სომხური დარბევისგან თავის დაღწევას.

1918 წლის მარტ-აპრილში შემახში 8 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ბევრი კულტურული ძეგლი, მათ შორის, შემახას ჯუმა მეჩეთი განადგურდა და დაიწვა. მთლიანად დაიწვა ჯავანშირის რაიონის 28 სოფელი, ჯებრაილის რაიონის 17 სოფელი და განადგურდა მათი მოსახლეობა. 1918 წლის 29 აპრილს გუმრუს მახლობლად სომხებმა მოკლეს სამი ათასი აზერბაიჯანელი, ქალი, ბავშვი და მოხუცი.
სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა გადაწვეს ნახიჩევანის რაიონის რამდენიმე სოფელი, გაანადგურეს 115 აზერბაიჯანული სოფელი ზანგეზურის რაიონში და მოკლეს 3257 მამაკაცი, 2276 ქალი და 2196 ბავშვი. ჯამში, ამ რაიონში 10 068 აზერბაიჯანელი დაიღუპა ან დასახიჩრდა, 50 000 აზერბაიჯანელი ლტოლვილი გახდა.

ერივანის პროვინციაში, 199 სოფელში მცხოვრები 135 ათასი აზერბაიჯანელი დაიღუპა, სოფლები კი, აღგავეს პირისაგან მიწისა.

1920 წლის მაისში, სომხებისა და XI წითელი არმიის მონაწილეობით, განჯაში 12 ათასზე მეტი აზერბაიჯანელი დაიღუპა.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი, ბელაევი აიდინ ჰუსეინაგა ოღლი თავის წიგნში — „თებერვლის რევოლუცია და ეროვნული გარეუბნები: 1918 წლის მარტის მოვლენები აზერბაიჯანში“ წერს:
„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს დაჯგუფებები, თითქმის, ყოველთვის ერთი და იგივე სცენარით მოქმედებდნენ. პირველ რიგში, ისინი აზერბაიჯანელთა სახლებს ესროდნენ, რათა იქ მაცხოვრებლები გარეთ გამოეყარათ. მერე ტეხდნენ კარებს, შედიოდნენ ოთახებში და ყველაფერს ჩხრეკდნენ. ფული და ძვირფასეულობა სახლებიდან გაჰქონდათ. იმ აზერბაიჯანელებს, რომლებიც საცხოვრებლის დატოვებას ვერ ასწრებდნენ, ადგილზე ხვრეტდნენ, პირდაპირ ოთახებში, კართან ან ჭიშკართან…

1918 წლის მარტის მოვლენების შესახებ ა. ბელაევი საკუთარ წიგნში წერს:

„31 მარტი – ბოლშევიკურ-დაშნაკთა შენაერთები აზერბაიჯანელებს შესაძლებლობას არ აძლევდნენ, თავიანთი მოკლული ნათესავები და ახლობლები დაეკრძალათ, მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმური კანონის თანახმად, გარდაცვლილის ცხედარი იმავე დღეს უნდა მიაბარონ მიწას, მზის ჩასვლამდე. თვითმხილველების თქმით, სისხლიანი ბაკქანალიის დასრულების შემდეგ ბაქოს ქუჩებში ასობით აზერბაიჯანელის დასახიჩრებული გვამი ეგდო….ასევე იყო ქალებისა და ბავშვების ცხედრები, რომლებსაც მუცლები ჰქონდათ გამოფატრული, ხელები და ფეხები კი — მოჭრილი…. გვამების რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ ქალაქის ქუჩებიდან მათი გატანის პროცესი მხოლოდ 12 აპრილისთვის დასრულდა. ამის გამო, დიდი ხნის განმავლობაში, ბაქოს ქუჩებში საშინელი სუნი იდგა….“

ამავე წიგნში ვკითხულობთ:

„ბაქოს ცნობილ აბანოში (ფანტაზია) აზერბაიჯანელები ცოცხლად ჩაყარეს მდუღარე წყალში. მოგვიანებით, ავზებში დამწვარი ცხედრები დამწვარი აღმოჩინეს, რომელთა ძვლებსაც რბილი ქსოვილი გაცლილი ჰქონდა. ბაქოში ცნობილი მაილოვის თეატრი იმპროვიზებულ ციხედ გადაიქცა, სადაც ასობით აზერბაიჯანელი დატყვევებული მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. „დაშნაკები“ ამ შენობაში ხალხის ნაკადს მიერეკებოდნენ, ხშირად კი, გზაში მასობრივად ხოცავდნენ.“

აზერბაიჯანულ წყაროებში მსგავსი სასტიკი დანაშაულების შესახებ დოკუმენტური მასალა მრავლადაა.

საგამოძიებო კომისია

აზერბაიჯანელებს მარტის მოვლენების ობიექტური პოლიტიკური შეფასების პირველი მცდელობა ჯერ კიდევ 1918 წელს ჰქონდათ, მალევე, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

1918 წლის 15 ივნისს აზერბაიჯანის მთავრობამ  საგანგებო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. კომისიას უნდა გამოეძიებინა ბოლშევიკურ-დაშნაკთა ბანდების მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულები. რიგგარეშე საგამოძიებო კომისიამ უზარმაზარი სამუშაო ჩაატარა: საგულდაგულოდ შეისწავლეს  აზერბაიჯანელების მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტები,  აღრიცხეს ისინი, შეისწავლეს მათი ჩადენის გარემოებები, გამოკითხეს მოწმეები….

1920 წლის აპრილის მოვლენების შემდეგ, როდესაც ბოლშევიკური ჯარების მიერ აზერბაიჯანის ოკუპაცია მოხდა, ქვეყანამ კი დამოუკიდებლობა დაკარგა, კომისიამ მუშაობა ვეღარ განაგრძო. მას შემდეგ, რაც ბოლშევიკებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, მათ არამხოლოდ შეაჩერეს დანაშაულების გამოძიება, არამედ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიული მეხსიერებიდან მარტის ტრაგიკული ისტორიის ფურცლები ამოშლილიყო.

„კომისია მრავალეროვანი იყო“, – გვიყვება კამრან ისმაილოვი, ფილოსოფიის დოქტორი ისტორიაში:

კამრან ისმაილოვი

„აქ მხოლოდ თავმჯდომარე იყო აზერბაიჯანელი. რაც შეეხება წევრებს, აქ გაერთიანდნენ: ქართველები, პოლონელები, ებრაელები… არამუსულმანური ქვეყნების წარმომადგენლები. დახურვამდე წელიწად-ნახევარი იმუშავა კომისიამ. შემდეგ მიღებული იქნა ამნისტიის შესახებ კანონი, რომლის თანახმადაც, აღძრული საქმეები დაიხურა. რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა აზერბაიჯანში უკმაყოფილებაც გამოიწვია, რადგან ჩადენელი დანაშაულების გამოძიების პროცესი არ იყო დასრულებული,  თუმცა საბჭოთა ხელისუფლებამ ასე გადაწყვიტა. ამ თემას ტაბუ დაედო. საბჭოთა კავშირს  „ერთიანი და მეგობრული“ სისტემის შექმნისთვის ამ მტკივნეულ თემასთან შეხება, ცხადია, აღარ აწყობდა. თუმცა, ყველა ეს ძველი მასალა ინახება ჩვენს არქივებში. საკმარისი მასალა გვაქვს – ჩანაწერები, ფოტოარქივები, დოკუმენტები…“, – ამბობს ისმაილოვი.

ამ საკითხს განსხვავებულად ხედავს ისტორიკოსი ფარჰად ჯაბაროვი. როგორც ის გვიყვება, 1920 წლის იანვარში აზერბაიჯანი მიწვეული იყო პარიზის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც მიიღეს ამნისტიის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც იმ პირებსაც კი შეეხოთ, ვინც ჩადენილი დანაშაულების უშუალო მონაწილეები იყვნენ. ისინი უპირობოდ გაათავისუფლეს.

„მაშინდელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კომისიამ მუშაობა შეაჩერა, თუმცა, მანამდე, კვლევის პერიოდში არაერთი დოკუმენტური მასალის შეგროვება მოახერხეს. ჩემი აზრით, ეს მაშინდელი ჩვენი ხელისუფლების ძალიან დიდი შეცდომა იყო.

ასევე, საინტერესო ფაქტია, თუ როგორ გადარჩა ეს დოკუმენტები, რატომ ვერ მოხერხდა მათი განადგურება მიუხედავად იმისა, რომ ისინი საიდუმლო დოკუმენტებად ინახებოდა, არქივები დახურული იყო და მათზე წვდომა შეზღუდული გახლდათ. ეს მასალები პარიზში აზერბაიჯანის პარლამენტის პირველი თავმჯდომარის, აზერბაიჯანელი სოციალური და პოლიტიკური მოღვაწის, ალიმარდან ბეი თოფჩიბაშევის პირადი არქივში აღმოჩნდა,“ — აღნიშნავს ფარჰად ჯაბაროვი.

სწორედ ამ საგამოძიებო კომისიის მასალებს გადააწყდა წლების შემდგომ სოლმაზ რუსტამოვა-ტოგიდი, რომელიც, როგორც აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სპეციალისტი,  პარიზში მუშაობდა. ეს გახდა მისი მომავალი ახალი კვლევების საფუძველი.

სოლმაზ რუსტამოვა ამბობს, რომ  თოფჩიბაშევის არქივები აზერბაიჯანის ისტორიის ამ მონაკვეთის გასააზრებლად უდიდეს განძს წარმოადგენს, რადგან საგამოძიებო კომისიის  ოქმები და უზარმაზარი მასალა სწორედ აქ ინახებოდა.

თავად საგამოძიებო კომისიის მუშაობის შესახებ რუსტამოვა გვიყვება:

„1918 წლის 15 ივლისის სხდომაზე მინისტრთა საბჭომ მიიღო რეზოლუცია საგანგებო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ „ევროპის ომის დაწყებიდან მოყოლებული მუსლიმებისა და მათი საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის შესახებ სამხრეთ კავკასიაში“.

მოწმეების ძებნა-დაკითხვისა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადებისას კოლოსალური სამუშაო ჩატარდა, რის შედეგადაც კომისიამ 1919 წლის მაისის ბოლოს თითქმის დაასრულა საგამოძიებო სამუშაოები. 1919 წლის აგვისტოსთვის კომისიის მიერ შეგროვებული მასალები 36 ტომს და 3500 გვერდს შეადგენდა. 6 ტომიდან 740 გვერდი ასახავდა აზერბაიჯანის მთიან ნაწილში მუსლიმი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს, ასევე ბაქოსა და მის შემოგარენში. საგამოძიებო მასალების სხვა ტომებში ასახულია სომხების მიერ შემახასა და გუბის რაიონებში, განჯაში, ნუხაში, ყარაბაღში, ზანგეზურსა და აზერბაიჯანის სხვა რაიონებში ჩადენილ სასტიკ დანაშაულებს.

1919 წლის ბოლოს საგანგებო საგამოძიებო კომისიამ დაასრულა მუშაობის საგამოძიებო ნაწილი და შეიმუშავა დადგენილებები, რომლის საფუძველზეც საქმეები სასამართლო პალატას გადასცა.

 ამ დროისთვის ბაქოსა და შემახაში მარტის მოვლენების მონაწილე მრავალი დამნაშავე, 100-მდე სომეხი და „მალაკნელი“ უკვე დაპატიმრებული იყო. საგანგებო საგამოძიებო კომისიის სასამართლო და საგამოძიებო საქმიანობამ  დიდი აღშფოთება გამოიწვია სომხეთში. ის ფართოდ განიხილებოდა სომხურ საზოგადოებრივ წრეებში, პრესაში, რომ აღარაფერი ვთქვათ, პარტია დაშნაკცუთიუნზე, რომლის საპარლამენტო ფრაქციამ მთელი კამპანია დაიწყო საგანგებო საგამოძიებო კომისიის წინააღმდეგ.

როგორც ცნობილია, 1920 წლის 11 იანვარს  აზერბაიჯანისთვის  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – მოკავშირეთა უზენაესმა საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება აზერბაიჯანის დე ფაქტო დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ. ამ მართლაც ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით,  აზერბაიჯანის პარლამენტმა 1920 წლის 9 თებერვალს ამნისტიის კანონი  მიიღო. ამ კანონის მე-2 პუნქტის მიხედვით, ყველა პირი, ვინც ამ კანონის გამოქვეყნების მომენტისთვის ჩაიდინა „ეროვნული სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებრივი ქმედებები“, გათავისუფლდა  დევნისა და სასჯელისაგან, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, „რიგგარეშე საგამოძიებო კომისიის წარმოებაში“ არსებული ყველა სისხლის სამართლის საქმე სამუდამოდ შეწყდა. იმავე, 1920 წლის ბოლოს, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებით, 1920 წლის 9 თებერვლის კანონის საფუძველზე „ქალაქ გუბისა და გუბის რაიონის სოფლების განადგურების საქმე“ შეწყდა და მასალები არქივში გააგზავნეს,“ – ამბობს რუსტამოვა.

მხოლოდ 80 წლის შემდეგ, 1998 წლის 26 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის მიერ ხელმოწერილ ბრძანებულებაში „აზერბაიჯანელების გენოციდის შესახებ“ ამ ტრაგიკულ მოვლენებს მიენიჭა პოლიტიკური შეფასება და 31 მარტი „აზერბაიჯანელების გენოციდის“ დღედ გამოცხადდა.

ისტორიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი ნატიკ მემედზადე ამბობს:

ნატიკ მემედზადე

„1991 წელს, როდესაც აზერბაიჯანში დამოუკიდებლობა აღდგა და ქვეყანა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოვიდა, მე-20 საუკუნის მოვლენების ხელახალი გადახედვა დაიწყო, ყველაფერი იმის, რაც მიჩქმალული იყო საბჭოთა პერიოდში, გაიხსნა არქივები და განახლდა მეცნიერული კვლევები.“

აზერბაიჯანელების დეპორტაცია სომხეთიდან

აზერბაიჯანული წყაროების თანახმად, 1948-1953 წლებში და 1988-1989 წლებში სომხეთიდან აზერბაიჯანელების მასობრივი დეპორტაცია მოხდა. პირველ შემთხვევაში, ეს პროცესი სტალინმა წამოიწყო. ამ პროცესში სომხების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკურად, სოციალურად და კულტურულად განვითარებული აზერბაიჯანული დასახლებების განთავისუფლება. ვინაიდან დეპორტირებული მოსახლეობის ნაწილი სომხეთის მთიან რაიონებში ცხოვრობდა, მათთვის რთული იყო მტკვარ-არაქსის დაბლობის კლიმატურ პირობებთან შეგუება. ამ მიზეზით, მტკვარ-არაქსის დაბლობზე გადასახლებულ ათიათასობით აზერბაიჯანელს შორის მასობრივი სიკვდილის შემთხვევები დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ სომხეთიდან ჩამოსახლებული აზერბაიჯანელები არ შეუშვეს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. მეტიც, 1949 წელს მთიანი ყარაბაღიდან 132 ოჯახი (549 ადამიანი) ჩამოასახლეს აზერბაიჯანის ხანლარის მხარეში.

1988 წლის იანვრიდან დაიწყო „სომხეთი თურქულენოვანი ხალხის გარეშე“ სისტემატური პოლიტიკის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც სომხეთში 185 დასახლება გაათავისუფლეს, 250 ათასზე მეტი აზერბაიჯანელი და 18 ათასი ქურთი იძულებით გააძევეს სახლებიდან, 217 აზერბაიჯანელი სომხებმა მოკლეს. აქედან სომხებისგან გაქცეული 49 ადამიანი გარდაიცვალა მთაში, 41 ადამიანი დაიღუპა სასტიკი ცემის შედეგად, 35 ადამიანი დაიღუპა წამებით, 115 დაწვეს, 16 დახვრიტეს, 10 გარდაიცვალა გულის შეტევით. ვინც წამებას ვერ გაუძლო, ორ საავადმყოფოში ექიმებმა მოკლეს, დანარჩენები დაახრჩვეს, ჩამოახრჩვეს, ელექტროშოკით მოკლეს ან თავი მოკვეთეს.

დასკვნა

კვლევის მასალების საფუძველზე  თვალნათლივ ვხედავთ ომის იმ სისასტიკეს, რომელიც გადაიტანეს და რომელსაც დღემდე განიცდიან კონფლიქტში ჩართული მხარეები. ამ მოვლენებმა მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და წლების განმავლობაში, საერთაშორისო ჩართულობის მიუხედავადაც კი ამ პროცესს ბოლო ჯერ კიდევ არ უჩანს.

არის თუ არა გამოსავალი თაობების ცვლა? იმისთვის, რომ ადამიანების მეხსიერებიდან ამოიშალოს ისტორიის ეს სისხლიანი გვერდები?
ჩემი პასუხია – არა! მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი, მით უფრო, რომ დღემდე დაპირისპირებული ქვეყნების მთელი საგანმანათლებლო სისტემა, ისტორიის სახელმძღვანელოები, რითაც ეს ორივე ქვეყანა თავის მოზარდებს ზრდის, მხოლოდ ამ თავის “ვერსიებს” წარმოაჩენს… ეს ისტორია კი პარალელურ რეალობებს ჰგავს და არავინ იცის, სინამდვილეში სად არის სიმართლე.

ჩემი აზრით, აქ ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფო პოლიტიკის როლი, ის “დაკვეთა”, რომელზეც მთელი იდეოლოგიური მანქანა უნდა დაშენდეს და რაც განსაზღვრავს ამ ქვეყნებს შორის მეგობრული თუ მტრული პოლიტიკის გაგრძელებას.  და აქ მთავარია ამ ორივე ქვეყანამ ამდენი სისხლის, უდანაშაულო მსხვერპლის შემდეგ სწორედ მშვიდობა აირჩიოს…
თუკი ამას ორივე დაპირისპირებული მხარე გააცნობიერებს, ამ მშვიდობის მისაღწევად კი რთული, გრძელი, მაგრამ შედეგის მომტანი შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს.

ისტორიას ვერ დაივიწყებ, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ დიდი სურვილისა და ძალისხმევის შემთხვევაში, მომავლის შეცვლა მაინც შესაძლებელია.


გამოყენებული ლიტერატურა, ცოცხალი და საარქივო მასალა:

„თებერვლის რევოლუცია და ეროვნული გარეუბნები: 1918 წლის მარტის მოვლენები აზერბაიჯანში“ — აიდინ ბელაევი;

გაზეთი „ივერია“ 1905 წელი, N86;

„კონფლიქტი და მეხსიერება: წარსული აწმყოში“ — ბრედი ვაგონერი და იგნასიო ბრესკო დე ლუნა;

გუბას გენოციდის მემორიალური კომპლექსი;

სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტი;

ცოცხალი წყაროები:

კამრან ისმაილოვი — აზერბაიჯანელი ისტორიკოსი, პროფესორი;
ნატიქ მემედზადე — ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი;
რუბენ საჰაკიანი — სომეხი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დიქტორი;
სამველ მელიქსეტიანი — სომეხი პოლიტოლოგი;
ფარჰად ჯაბაროვთან — ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აზერბაიჯანის ისტორიის მუზეუმის დირექტორის მოადგილე;
ელნურ ქელბიზადე — ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
სოლმაზ რუსტამოვა-ტოგიდი — აზერბაიჯანელი მეცნიერი, ისტორიკოსი და აღმოსავლეთმცოდნე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
დიმიტრი შველიძე — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები