საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ სამინისტროში უქმდება ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, უწყებაში აღნიშნავენ, რომ, რეფორმის შედეგად, შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, რაც გააერთიანებს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს.
„თავის მხრივ, ევროინტეგრაციის დეპარტამენტში შეიქმნება ოთხი სამმართველო, რომელიც მოემსახურება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს. დირექტორატის შექმნა დამატებით შეუწყობს ხელს ხსენებული ამოცანების შესასრულებლად ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების ეფექტიან კოორდინაციას“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.