თეთრ სახლში განაცხადეს, რომ რუსეთ-უკრაინას შორის მუდმივი ზავი სურთ
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტა სურს და ამ ფონზე, როცა სიტუაცია არ სტაბილურდება, პუტინისა და ზელენსკისადმი ტრამპის იმედგაცრუება იზრდება.
თეთრი სახლის პრესმდივანი, კეროლაინ ლივიტი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას მაისში, სამდღიანი ზავის გამოცხადების შესახებ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ტრამპს სურს ცეცხლის მუდმივად შეწყვეტა, რათა სისხლისღვრა დასრულდეს.
“იზრდება ტრამპის იმედგაცრუება ორივე ქვეყნის ლიდერის მიმართ. მესმის, რომ პუტინმა ცეცხლის დროებითი შეწყვეტა შემოგვთავაზა. პრეზიდენტმა ტრამპმა გარკვევით გაგვაგებინა, რომ ცეცხლის სრული შეწყვეტა სურს. პირველ რიგში იმისთვის, რომ შეწყდეს მკვლელობები და სისხლის ღვრა”,- აღნიშნა ლივიტმა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინის მორიგი ზავი ისევ მანიპულაციის მცდელობაა.
“უკრაინა აფასებს ადამიანების სიცოცხლეს და არა აღლუმებს, ამიტომ 8 მაისს არ უნდა დაველოდოთ და საჭიროა ცეცხლის დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ შეწყვეტა, სულ მცირე, 30 დღით, რაც რეალური დიპლომატიისთვის საფუძველს შექმნის”,- განაცხადა ზელენსკიმ.