რუსთავის ცენტრალურ პარკში ,,ქართულის” საფესტივალო სივრცე გაიხსნა
რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი “ქართული” დაიწყო. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
საფესტივალო სივრცე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან და საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად გახსნა.
,,რუსთავის ცენტრალურ პარკში სულ რამდენიმე საათში დაიწყება კონცერტი, რომელიც ფესტივალ ,,ქართულის”გახსნას ეძღვნება. საფესტივალო სივრცე უკვე გახსნილია და 10 დღის განმავლობაში ყველას შეუძლია გვესტუმროს, დაისვენოს, გაერთოს და მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში. ფესტივალი ,,ქართული” მნიშვნელოვანია ჩვენთვის გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ქორეოგრაფიის ხელშეწყობისთვის ძალიან ბევრ კარგ საქმეს ემსახურება და მასში მონაწილეობას წელს უკვე 3000 ახალგაზრდა მიიღებს”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილ საფესტივალო სივრცეში, ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, კალიგრაფიის, კერამიკისა და ხალიჩის ქსოვის მასტერკლასები იმართება, მოწყობილია კულინარიული კუთხეები.
,,უმნიშვნელოვანესია,, რომ ეს ფესტივალი რუსთავში დაფუძნდა და ის არ არის მხოლოდ ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის, არამედ ყველა თაობისთვისაა. ჩვენი მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა უმნიშვნელოვანესია და მსგავსი ფესტივალების ჩატარება ხელს უწყობს ამას. დიდი მადლობა რუსთავის მერს ასეთი არაჩვეულებრივი და მნიშვნელოვანი ფესტივალის ორგანიზებისთვის. იმედი მაქვს, რომ ეს ფესტივალი წლებთან ერთად ტრადიციად იქცევა “, – განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.
ქორეოგრაფიულ კონკურს-ფესტივალ ,,,ქართულის” საზეიმო გახსნის ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება, გაიმართება ანსამბლ ,,სალხინოსა” და ,,კახაბერი და ხანუმების” კონცერტი. საკონკურსო დღეები კი ხვალ 27 აპრილს დაიწყება და 5 მაისს გრანდიოზული ღონისძიებითა და გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებით დასრულდება.
,,რუსთავის ცენტრალური პარკი მზად არის ფესტივალ ,,ქართულის” მასპინძლობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალში წელს ორჯერ უფრო მეტი მონაწილეა. სწორედ ქართული კულტურა და ხელოვნება არის ჩვენი თვითმყოფადობისა და ქართველობის მაიდენტიფიცირებელი მთელს მსოფლიოში”, – განაცხადა პარლამენტარმა ირაკლი შატაკიშვილმა.
კონკურს-ფესტივალი ,,ქართული” რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით 2024 წელს დაარსდა. ფესტივალისათვის ექსკლუზიურად დამზადდა ლოგო და მუსიკა. ,,ქართული” წელს უფრო მასშტაბური იქნება და მასში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით მოქმედი 26 ქორეოგრაფიული ანსამბლის 3000-ზე მეტი მოცეკვავე მიიღებს. კონკურს-ფესტივალი “ქართული” რუსთავის მერიის ორგანიზებით უკვე მეორედ ტარდება.