აშშ ევროპელ მოკავშირეებთან უკრაინაზე მოლაპარაკებებს გამართავს
დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ევროპელ კოლეგებთან პარიზში მოლაპარაკებებს გამართავენ, რათა განიხილონ ძალისხმევა უკრაინაში ომის დასრულებაზე,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
მედიის ცნობით, საფრანგეთის დედაქალაქში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ.
ევროპელმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ისინი მოუწოდებენ აშშ-ს, მეტი ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რათა ცეცხლის უპირობო შეწყვეტას დათანხმდეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ როგორ უნდა დასრულდეს ბრძოლები უკრაინაში და უიტკოფი კოლეგებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გასულ კვირას შეხვედრის შედეგებს მოახსენებს.