შალვა პაპუაშვილი: თავდასხმები, სანქციები და შეზღუდვები ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრების ჰიბრიდული ინსტრუმენტებია – რაც ადრე ტანკები იყო, დღეს სანქციები აქციეს ამის ინსტრუმენტად

თავდასხმები, სანქციები, შეზღუდვები, სწორედ ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრების ჰიბრიდული ინსტრუმენტებია, ადრე რაც ტანკები იყო, დღეს სანქციები აქციეს ამის ინსტრუმენტად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობენ პოლიტიკური ჯგუფები, გარკვეული ადამიანები, პოლიტიკური აქტორების ქსელი, რომლებიც ჩვენს სუვერენიტეტს ხელყოფენ

„საბჭოთა კავშირის ყოფილმა რესპუბლიკებმა ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავდა მათი და ჩვენი საერთო დამოუკიდებლობა. ძალიან კარგად იციან, მათგან განსხვავებით, რა ფასი გადავიხადეთ ჩვენ ამ დამოუკიდებლობაში. კარგად იციან, რას ნიშნავს სიტყვა სუვერენიტეტი, მაგრამ დღეს ისინი არიან ზუსტად, ვინც ჩვენ სუვერენიტეტს ლახავენ. ჩვენ გვესმის ფორმულირებები, რომელიც ტრადიციულია ხოლმე საქართველოს მიმართ, რომ პატივს სცემენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საქმე საქმეზე რომ მიდგება, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ამ ქვეყნის წარმომადგენელს თურმე არ ესმის, რას ნიშნავს სუვერენიტეტი. როგორ შეიძლება, ისაუბრონ საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემაზე, თუკი არ სცემენ პატივს ქართველი ხალხის უფლებას, პატივს, თავად აირჩიონ საკუთარი ხელისუფლება. როდესაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უნდა, რომ განგვისაზღვროს, ვინ იყოს ჩვენი ხელისუფლება, ეს ხომ არის ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა. ეს ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, ზოგიერთი ხელისუფლება და ჯგუფი ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს. ის, რასაც ჩვენ განვიცდიდით საბჭოთა კავშირში ყოფნის დროს, დღეს ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფისგან ასე ხელის მოსმით, ტვიტით, კომენტარით, ისე უბრალო გახადეს სუვერენიტეტის უარყოფა, როგორც არაფერი. რუსეთს რასაც თავად ედავებიან, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ თავად იმავეს აკეთებენ. დღეს ერთადერთი ტანკით არ შემოდიან აქ თორემ, როგორც ვაკვირდები, უცხოეთში ზოგიერთს თანამდებობა კი აქვთ იმისი, რომ ტანკით შემოვიდეს და ზოგიერთს ჭკუაც არ დაუშლის, ტანკი შემოიტანონ დემოკრატიის აღსადგენად. აბა, სხვა რა არის ეს თავდასხმები, სანქციები, შეზღუდვები, ესენია სწორედ ჰიბრიდული ინსტრუმენტები ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრებისა, ადრე რაც ტანკები იყო, დღეს სანქციები აქციეს ამის ინსტრუმენტად. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არსებობენ პოლიტიკური ჯგუფები, გარკვეული ადამიანები, პოლიტიკური აქტორების ქსელი, რომლებიც ჩვენს სუვერენიტეტს ხელყოფენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები