მალიკ მურზალინი: მაისის ბოლოს კომპანია „ეარ ასტანას“ მეშვეობით, ატირაუსა და თბილისს შორის პირდაპირი რეისის განხორციელება იგეგმება

“მაისის ბოლოს კომპანია „ეარ ასტანას“ მეშვეობით, ატირაუსა და თბილისს შორის პირდაპირი რეისის განხორციელება იგეგმება”, – ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მალიკ მურზალინიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„საქართველო კეთილგანწყობილ პირობებს უქმნის ძალიან ბევრ ტურისტს, მაგალითად ბევრს ვიზა არ სჭირდება. ყაზახი ყიდულობს ბილეთს და პირდაპირ მოფრინავს და პირდაპირი რეისების არსებობა ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს იმაზე, რომ მაგალითად, დასავლეთ ყაზახეთიდან უფრო ადვილად, შაბათ-კვირას, ჩამოვიდნენ ჩვენი მოქალაქეები თბილისში, ბათუმში. ამიტომ, ეს საკითხი ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ გვაქვს. ტურისტული სეზონის პიკის დროს ყაზახეთიდან საქართველოში, კვირაში 39 რეისი ხორციელდება. ყაზახეთის 5 ქალაქიდან: ალმათი, ასტანა, ჩიმქენთი, ატირაუ და აქთაუ, საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ძალიან ბევრი რეისი გვაქვს.

რაც შეეხება ახალ რეისებს, ჩვენ მაისის ბოლოს ვგეგმავთ კომპანია „ეარ ასტანას“ რეისს. ეს გახლავთ ფლაგმანი, ყველაზე მსხვილი ავიაკომპანია ყაზახეთში. პირდაპირ რეისს ვგეგმავთ ატირაუსა და თბილისს შორის.

ატირაუ გახლავთ საკმაოდ ძლიერი, განვითარებული რეგიონი და ყაზახეთის ნავთობის დედაქალაქი. თუ იქნება პირდაპირი რეისი, ატირაუსა და თბილისს შორის, ერთ-ერთ პირველ რეისზე, როდესაც თვითმფრინავი ატირაუში გამოფრინდება, ჩვენ გვინდა ქართველი ბიზნესმენების დელეგაციის ჩაყვანა ყაზახეთში, რომელთაც აინტერესებთ თანამშრომლობა. ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც ექსპორტში არიან ჩართულები: ღვინის, წყლის, ბიზნესის სხვა სფეროს წარმომადგენლები. თუ ზოგიერთ,ჩვენს მაყურებელ ბიზნესმენს გაქვთ ინტერესი, შეგიძლიათ, მოგვმართოთ. ჩვენ გვაქვს ყაზახურ-ქართული ბიზნეს გაერთიანება, რომელსაც ბატონი გიორგი ჯახუტაშვილი ხელმძღვანელობს. შეგიძლიათ მას მიმართოთ, შეგიძლიათ, მიმართოთ საელჩოს და ჩვენ ჩაგრთავთ დელეგაციის შემადგენლობაში“, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები