საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. გიორგი მარგველაშვილისა და ანდრის ბერზინშის საუბრის მთავარი თემა ნატოს სამიტზე განსახილველი საკითხები იყო.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა მნიშვნელოვანია, რომ სამიტზე ერთიანი ძალისხმევით შეიქმნას ახალი მექანიზმები, რომლებიც ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების გაძლიერებას უზრუნველყოფს.
ლიდერებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე სულ უფრო აქტუალური ახალგაზრდა დემოკრატიების სტაბილურობა და მშვიდობიანი განვითარების გარანტიები ხდება.
გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება სამიტის კომუნიკეზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ შემაჯამებელი დოკუმენტი საქართველოს ალიანსში გაწევრების პერსპექტივას უნდა აძლიერებდეს.
საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა ლატვიელ კოლეგას ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის გადაუხადა.
გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ლატვიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი, რომელიც ნოემბერში შედგება, კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყნის ურთიერთობას, მათ შორის, ეკონომიკის, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებით. ეკონომიკის საკითხებზე საუბრისას, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ლატვიელ ბიზნესმენთა დელეგაციაც ესტუმრება.