1 სექტემბრიდან უცხოელი მოქალაქეებისთვის ვიზები საქართველოს საკონსულოებში გაიცემა
პირველი სექტემბრიდან უცხოელი მოქალაქეებისთვის მიგრაციის პროცესთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება. მიგრაციის მართვის სფეროში დაგეგმილ ცვლილებებს კონსულარიუმის ფარგლებში განიხილავენ, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმართება. საგარეო უწყების ხელმძღვანელის მაია ფანჯიკიძის განმარტებით, უცხოელ მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადაც შეუმცირდებათ.
“გადავწყვიტეთ მიგრაციის პოლიტიკის შემუშავება, რომლის ერთ-ერთი ნაწილი არის ისიც, რომ უცხოელი მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემა უნდა მოხდეს მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში – ჩვენს საკონსულოებში. ეს გამოიწვევს რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ნაკადს ჩვენს საკონსულოებში, რის გამოც უნდა მოხდეს მათი გადაიარაღება – თანამშრომლების დამატება და მათი არეალის გაფართოება.
გარდა იმისა, რომ ვიზების გაცემა საზღვარზე იქნება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და ძირითადად ის გაიცემა ჩვენს საკონსულოებში, ასევე ერთ-ერთი ცვლილებაა ის, რომ თუკი ადამიანს აქამდე 365 დღის განმავლობაში შეეძლო საქართველოში უვიზოდ ყოფნა, ახლა ეს ვადა შეზღუდულია. კერძოდ, 180 დღიდან ჩვენს ქვეყანაში უვიზოდ ყოფნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ 90 დღე. რაც შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებთანაც ცალმხრივად გვაქვს უვიზო მიმოსვლა, ანუ მათ შეუძლიათ ჩვენთან შემოსვლა და ჩვენ არ შეგვიძლია მათ ქვეყანაში შესვლა, უმეტეს შემთხვევებში, ეს რეგულაციაა დარჩენილი “, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.