საპარლამენტო ორგანოებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები იცვლება

საკანონმდებლო ორგანოს კიდევ უფრო გამართული საქმიანობისა და პროცედურული საკითხების დახვეწის თვალსაზრისით საპარლამენტო ორგანოებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები იცვლება. ამასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე იმსჯელეს დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე.

პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა პირველი მოსმენით წარადგინა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ” პროექტი.
მისი განმარტებით, დღეს მოქმედი რეგულაციის მიხედვით, პროპორციული წარმომადგენლობითი კვოტები განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. მაშინ, როდესაც რეგლამენტის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობაშიც და საპარლამენტო ოპოზიციაშიც შესაძლებელია გაერთიანდეს ერთი ან რამდენიმე ფრაქცია, ანდა უფრაქციო წევრები, რომელთათვისაც შესაბამისი კვოტები უზრუნველყოფილი არ არის. სწორედ პრაქტიკით ნაკარნახევი ამ გამოწვევის გათვალისწინებით იხვეწება რამდენიმე პროცედურული საკითხი, რომლის ამოქმედების შემთხვევაშიც საპარლამენტო ორგანოებში პოლიტიკურ სუბიექტთა წარმომადგენლობის უკეთ უზრუნველსაყოფად კვოტები იცვლება.
„იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნები ჩატარდა ბუნებრივი ბარიერით, მივიღეთ პოლიტიკური პარტიები, ანუ საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც ორი, სამი, ოთხი ადამიანით იყვნენ წარმოდგენილი. ანუ კონსტიტუციასა და მიღებულ საარჩევნო შედეგებს შორის მოხდა კოლიზია. აქედან გამომდინარე, იმის გამო, რომ პარლამენტში შექმნილიყო სამუშაო ვითარება და ყველა საარჩევნო სუბიექტს მისცემოდა გარკვეული სუბიექტის სახე, გადაიდგა ეს ნაბიჯი. ეს იყო პოლიტიკური რეალობისთვის თვალის გასწორება”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
პირველი მოსმენისათვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები