პარლამენტში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილის აღიარების მიზნით გამართული კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილის აღიარების მიზნით გამართულ კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებულები დააჯილდოვა.

პარლამენტის ინფორმაციით, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოები გადაეცათ იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის” დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს იულია ხარაშვილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსს გოგი რევიას და შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში ულრიკ თიდესტრომს. ღონისძიება გახსნა და მის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.

„მიმდინარე წელს, პირველად, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილის აღიარების მიზნით, ღია კონკურსი გამოაცხადა. ყოველწლიური დაჯილდოების მთავარი გზავნილი გენდერული თანასწორობის მიღწევის კუთხით ცნობიერების ამაღლება და ამ მიმართულებით საქმიანობაში აქტიურად ჩართული ადამიანების ღვაწლის დაფასებაა”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, საბჭოს ამ ინიციატივით საფუძველი ჩაეყრება ტრადიციას, რომელიც გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ყოველწლიურად კონკურსში გამარჯვებული ადამიანებისთვის განსაკუთრებული მადლობის გამოცხადებას გულისხმობს. შეკრებილებს მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ.

„საქართველო ერთ-ერთი გამონაკლისი გახლავთ იმ თვალსაზრისით, რომ გვაქვს ისტორიული მემკვიდრეობა, კულტურული ნიშნულები, რომელიც შეგვიძლია სახელმძღვანელოდ გავიხადოთ ამ პროცესში. მჯერა, რომ შევძლებთ ჩვენი გენეტიკური კოდის ან ნაწილის სრულ რეალიზაციას და საქართველოში აღარ იქნება სალაპარაკო გენდერული უთანასწორობის პრობლემა, აღარ იქნება საუბარი არათანაბარ ანაზღაურებაზე, აღარ იქნება საუბარი, რომ არ ავირჩიოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქალია და ა. შ.”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს და შვედეთის სამეფოს ხანგრძლივი, მჭიდრო და სამაგალითო მეგობრობა აკავშირებთ.

„აღსანიშნავია, რომ ორმხრივ ურთიერთობებში დიდი წვლილი აქვს შეტანილი ელჩს, რომელიც არის გენდერული საბჭოს მნიშვნელოვანი პარტნიორი და გულშემატკივარი. ის აქტიურად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის მასშტაბით გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ელჩის წარდგენისას.
გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს სახელით, სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ კონკურსში წარდგენილ კანდიდატებს. გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილის აღიარების მიზნით გამართულ კონკურსში კანდიდატების წარდგენა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრებს, საბჭოს სამდივნოს, სახელმწიფო უწყებებსა და საინიციატივო ჯგუფებს შეეძლოთ.
გამარჯვებული კანდიდატები პარლამენტის წევრების, სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებისგან შემდგარმა სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა, რომელმაც თითოეული მონაწილე წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები