პრემიერ-მინისტრი დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე გამოვიდა ინიციატივით, დიასპორის წარმომადგენლებმა, საზღვარგარეთ ქართული პასპორტის აღებისას, იმავე საფასურით ისარგებლონ, რომელიც საქართველოში მოქმედებს და დიასპორის წარმომადგენლებს ქართული პასპორტის აღების პროცესში ხელოვნური ბარიერები მოეხსნათ

ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვხსნით ისე, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს ქართული პასპორტის აღება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე – “ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის დავალებით, იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა და შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს სექტემბერში წარედგინება.

„ძვირფასო დიასპორის წარმომადგენლებო, მოგესალმებით ყველას დიდი პატივისცემით, დიდი სიყვარულით! ყველას მინდა მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე. ჩვენ ყველანი ვართ ვალდებულნი, როგორც სახელმწიფო, როგორც ხელისუფლება, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი, იმისთვის, რომ ის კავშირი, რომელიც არსებობს დიასპორასა და სახელმწიფოს შორის, ეს კავშირი კიდევ უფრო გავაძლიეროთ, მეტად ეფექტური გავხადოთ და რაც მთავარია – ეს ყველაფერი უნდა იყოს შედეგებზე ორიენტირებული.

ძალიან კარგად მესის ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების ემოციები. მეც, როცა ვიყავი სტუდენტი, საფრანგეთში სწავლის დროს, პირადად გამოვცადე ჩვენი დიასპორის ყოფა, ცხოვრება და ძალიან კარგად მესმის ის სირთულეები, რომელიც ჩვენს დიასპორის წარმომადგენლებს აქვთ. მე რამდენიმე აქცენტს გავაკეთებდი, რაც ჩემი დაკვირვებით და შემდეგ უკვე მთავრობაში მუშაობის დროს გამოიკვეთა – არის მთელი რიგი პატარა გადაუწყვეტელი საკითხები, რომელიც ძალიან გაუმარტივებდა პროცედურებს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს. ბატონ რატი ბრეგაძესთან განვიხილეთ ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი, როცა დიასპორის წარმომადგენელი მისი სურვილით ჩამობრძანდა საქართველოში და მოისურვა ქართული პასპორტის აღება, მაგრამ მცირე გრამატიკული შეცდომის გამო, ქართველმა პატრიოტმა კაცმა ვერ შეძლო პასპორტის აღება. მე ამის თაობაზე ვესაუბრე ბატონ რატის. ჩვენ ორივე ვთანხმდებით, რომ ეს არის გამოსასწორებელი. ჩემი დავალებით, იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა, სექტემბერში შესაბამისი კანონპროექტი წარედგინება პარლამენტს და ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს მოვხსნით ისე, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს თავისი ქართული პასპორტის აღება”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაური გამოვიდა ინიციატივით, რომ დიასპორის წარმომადგენლებმა, საზღვარგარეთ ქართული პასპორტის აღებისას, იმავე საფასურით ისარგებლონ, რომელიც საქართველოში მოქმედებს. „რატომ იყო მაგალითად წლების განმავლობაში, რომ უცხოეთში მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლისთვის პასპორტის აღების ღირებულება იყო 130 აშშ დოლარი, თუ არ ვცდები და ამ დროს საქართველოში ორჯერ, სამჯერ უფრო ნაკლები. ამაზეც ვისაუბრეთ და ბატონი რატი ბრეგაძის ინიციატივით, ეს ტარიფებიც, რა თქმა უნდა, გათანაბრდება. ჩვენ არავითარი დაყოფა, არავითარი განსხვავება არ უნდა გვქონდეს საქართველოში მცხოვრებ ადამიანს, მოქალაქესა და უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეს შორის. ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს სხვადასხვა მიზეზის გამო. ვიცი, რომ ჩვენს მოქალაქეებს მოუწიათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ წასვლა, დროებით დატოვება ჩვენი სამშობლოსი, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ თითოეული მათგანის გული არის სამშობლოსთან. წარმოუდგენელია, რომ ქართველ ადამიანს გული არ მიუწევდეს სამშობლოში დაბრუნებისკენ.

ძალიან კარგად მესმის, რომ ბევრ მათგანს ჯერ კიდევ არ შეუძლია დაბრუნება საქართველოში, მაგრამ მათი მთავარი, საბოლოო მიზანი უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში დაბრუნება. ჩვენ არაერთი, ათასობით, შეიძლება ასი ათასობით დიასპორის წარმატებული წარმომადგენელი გვყავს საქართველოს ფარგლებს გარეთ და არა მხოლოდ მე-20 საუკუნეში, არამედ უფრო შორეულ წარსულში რომ გადავიხედოთ, გვყავდა ძალიან წარმატებული, ბრწყინვალე წარმომადგენლები ჩვენი დიასპორისა; რამდენიმე გვარს ალბათ ვერ გამოვყოფდი, ვინაიდან ძალიან ბევრი იყო, ზოგიერთი აშშ-ში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, ჩვენს სამეზობლოში, ყველგან. ისინი წარმატებით მოღვაწეობდნენ, აკეთებდნენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს და იმ ქვეყნებში შექმნეს ძალიან დიდი პროგრესი. ამ ადამიანების გვარები დღეს, სამწუხაროდ, არის დავიწყებული და აუცილებელია, ჩვენს ახალგაზრდებს შევახსენოთ, თუ ვისი გორისანი ვართ, თუ როგორ წარმატებით მოღვაწეობენ ქართველები არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთ. ქალბატონი პრეზიდენტი საუბრობდა ინიციატივაზე, იდეაზე, რომელიც უზრუნველყოფს დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობას ქართულ პოლიტიკაში. მინდა, აქვე აღვნიშნო, რომ ქალბატონი პრეზიდენტი, რომელიც არის დიასპორის ბრწყინვალე წარმომადგენელი, საქართველოში დაბრუნდა და ჩვენ ავირჩიეთ პრეზიდენტად. რა თქმა უნდა, ესეც არის ძალიან სიმბოლური,”- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა უცხოეთში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლობებისა და ქართული სამრევლოების გაძლიერების მნიშვნელობას. „ჩემი პირადი გამოცდილებიდან მინდა ვთქვა, რომ უცხოეთში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი დედა ეკლესიის წარმომადგენლობებს, საპატრიარქოს წარმომადგენლობებს უცხოეთში. მახსოვს, ყოველ კვირას, დიასპორის წარმომადგენლები ვიკრიბებოდით ეკლესიაში. ამას რატომ ვამბობ, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მე, როგორც მთავრობის მეთაური, გაძლევთ პირობას, რომ მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით საპატრიარქოსთან.
ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამრევლოები თითოეულ ქვეყანაში. საჭიროა მეტი ორგანიზება, მეტი კოორდინაცია და ვფიქრობ, ყველა ის სხვა დაწესებულება, როგორიც არის კულტურის წარმომადგენლობები, წრეები, ანსამბლები და ა.შ. ამ ყველაფერს სჭირდება გაძლიერება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვიხარია თქვენი დროებით დაბრუნება საქართველოში, მაგრამ ჩვენი ყველას დიდი ოცნება არის თქვენი საბოლოოდ დაბრუნება საქართველოში. მე მესმის, რომ ამ ყველაფერს სჭირდება მომზადება, შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა, მაგრამ ერთი რამე უნდა ვთქვათ – ჩვენ ყველას გვიმოგზაურია, გვიცხოვრია უცხოეთში და მაინც, როდესაც ცხოვრობ უცხოეთში, თავს ვერ თვლი სრულფასოვნად, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება იყო იმ ქვეყნის მოქალაქეც, ეს მაინც არ არის ჩვენი ბუნებრივი სამშობლო, ჩვენი დედასამშობლო. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე კიდევ და კიდევ ვუერთდები იმ მოწოდებას და იმ ჩვენს დიდ ოცნებას და სურვილს, რომ ყველა ქართველი დაუბრუნდეს ჩვენს მიწას საბოლოო ჯამში და რა თქმა უნდა, მანამდე ჩვენ ყველა ვემსახუროთ ჩვენს საქართველოს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა და ღონისძიების ოფიციალური ნაწილი მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გახსნა. ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ. დიასპორისადმი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა წაიკითხა ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა ვახტანგმა. ფორუმის გახსნას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ფორუმის ფარგლებში იმართება თემატური შეხვედრები განათლების, კულტურის, ეკონომიკის განვითარების და ციფრული დიპლომატიის საკითხებზე. დიასპორის ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები