ანრი ოხანაშვილი: არასერიოზულია მსჯელობა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტი სერიოზულ დოკუმენტად იქცეს

“აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტი არ არის არც კონგრესის და არც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პოზიცია, არასერიოზულია იმაზე მსჯელობა, რომ ეს იდეა რაიმე სერიოზულ დოკუმენტად იქცეს”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო-ამერიკას შორის განსაკუთრებული ურთიერთობა არის ისეთი, როგორიც არასოდეს ყოფილა.

„ამ საკითხს სერიოზულად ვერ მივუდგებით, რადგან წარმოიდგინეთ, რომ პარლამენტის ერთმა წევრმა დააინიციროს პროექტი საქართველოს პარლამენტში და მოითხოვოს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ან სხვა სტრატეგიული პარტნიორის ან მეგობარი სახელმწიფოს მიმართ რაღაც სანქციების დაწესება. ეს ხომ არასერიოზული იქნება? ეს ხომ არ გამოხატავს პარლამენტის პოზიციას? ეს არ არის არც კონგრესის და არც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პოზიცია. მარტივად რომ ავხსნათ, მაგალითად, ემზარ კვიციანმა დააინიცირა ასეთი პროექტი. ეს ხომ არ გამოხატავს პარლამენტისა და, მით უმეტეს, მმართველი პარტიის განწყობას? არასერიოზულია იმაზე მსჯელობა, რომ ეს იდეა რაიმე სერიოზულ დოკუმენტად იქცეს. საქართველო-ამერიკას შორის განსაკუთრებული ურთიერთობა არის ისეთი, როგორიც არასოდეს ყოფილა. ამას მოწმობს არა შეფასება და ჩემი განცხადება, არამედ – ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობა, ორპარტიული მხარდამჭერი აქტი და ა.შ. ოპონენტების დანიშნულება და ფუნქციაა, რაღაც კონკრეტული იდეა აქციოს მნიშვნელოვან წინადადებად, რაც ასე არ არის. ოპონენტებს მოვუწოდებ, დაფიქრდნენ და საკუთარ განცხადებებს დაუკვირდნენ, რადგან ეს არ არის საკითხი, რომელიც შეიძლება, ვინმეს ინტერესებში შედიოდეს და მათ უხაროდეთ მსგავსი სახის იდეები“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი, საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტება დაემატა.
​დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ დახმარების სახით მისაღები 132 025 000 აშშ დოლარის 15 პრეცენტი შესაძლოა, ვერ მიიღოს მანამ, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ განსაზღვრავს და კომიტეტს არ წარუდგენს მოხსენებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება: ეფექტურად ახორციელებს საარჩევნო რეფორმას; იცავს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგანაც; ეფექტურად ახორციელებს აუცილებელ პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალეობა საჯარო ინფორმაციის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის ჩათვლით; იცავს სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებსა და მედიის დამოუკიდებლობას; ზღუდავს ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას როგორც ხელისუფლების ფუნქციებზე, ასევე, კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები