დავით ზალკალიანი: სამმხრივმა მინისტერიალმა კიდევ ერთხელ აჩვენა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის მზადყოფნა კავშირების გაღრმავებაზე
თბილისში, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მერვე შეხვედრა გაიმართა. მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას და „2020-2022 წლების სამმხრივი სექტორული თანამშრომლობის ახალ სამოქმედო გეგმას”.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, აღნიშნული ფორმატი რეგიონული თანამშრომლობის ყოვლისმომცველ და წარმატებულ მექანიზმს წარმოადგენს.
“ეს ფორმატი კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, განვიხილოთ სამმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ საკითხთა ფართო სპექტრი სხვადასხვა მიმართულებით,”- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრის მიხედვით, ის ფაქტი რომ დღეს გამართული შეხვედრა რიგით მერვეა, სამმხრივ ფორმატში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის მყარი პოლიტიკური დიალოგის მაჩვენებელია.
„ორმხრივ დონეზე, საქართველოს სამაგალითო ურთიერთობები აქვს აზერბაიჯანთან და თურქეთთან. ეს ორი ქვეყანა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია; ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს პოლიტიკის, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სხვა მრავალ სფეროს, “ – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას და „2020-2022 წლების სამმხრივი სექტორული თანამშრომლობის ახალ სამოქმედო გეგმას“ – სამმხრივი ფორმატის მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს ყველა სფეროში სამი ქვეყნის საერთო ინტერესების კონკრეტულ ქმედებებსა და გეგმებს, ასევე, სამმხრივი სექტორული თანამშრომლობის მექანიზმებს.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივ რეგიონულ სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებზე დისკუსიას. დაფიქსირდა ტრანსკასპიური მილსადენის პროექტის რეალიზაციის მნიშვნელობა და საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის როლი, კასპიის რეგიონიდან ევროპის მიმართულებით ენერგორესურსების ტრანსპორტირების საკითხში და ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ხაზი გაესვა უკვე წარმატებულად განხორციელებულ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზერუმის ენერგეტიკულ პროექტებს. ამავდროულად, მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, რომ გაგრძელდეს კოორდინაცია სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის სრულყოფილად რეალიზაციისათვის. ასევე, აღინიშნა ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის (TANAP) პროექტის მე-2 ეტაპის დასრულების მნიშვნელობა.
„აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სტრატეგიული მდებარეობისა და სატრანსპორტო პოტენციალის გათვალისწინებით, ცხადია, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობის გაღრმავებას ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის. ამ თვალსაზრისით, გამოვხატეთ მზაობა, განვაგრძოთ მჭიდრო ურთიერთობა მაქსიმალურად მიმზიდველი პირობების უზრუნველსაყოფად და ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის საერთაშორისო დონეზე წარმოსაჩენად. გამოვყავით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი, რომელიც საგრძნობლად ამცირებს ტვირთების გადაზიდვის დროს და ხარჯებს და გახდა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი კონკურენტუნარიანი მარშრუტი,”- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეხვედრაზე აღინიშნა სამი ქვეყნის განსაკუთრებული როლი ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის საკითხში, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას და გააძლიერებს ხალხთა შორის კონტაქტებს. ამასთან, დაფიქსირდა ერთობლივი მიდგომა, რომ ხელი უნდა შეეწყოს ბიზნეს-წრეებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას, სამმხრივი ბიზნეს-ფორუმების ჩატარებას, მცირე და საშუალო ბიზნესის გააქტიურებას.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების საკითხებს.
“უდავოა, რომ არსებული კონფლიქტები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას, საერთაშორისო სტაბილურობას და უსაფრთხოებას, ასევე, აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას“, -აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
ამასთან, დაფიქსირდა, რომ აღნიშნული კონფლიქტები და დავები უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპების გათვალისწინებით.
„შეჯამების სახით, კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩინა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის მზადყოფნა კავშირების გაღრმავებაზე, რაც არსებული ურთიერთობების გამორჩეულად მზარდი დინამიური ხასიათის გამოძახილია“ – აღნიშნა პრესკონფერენციის დასასრულს დავით ზალკალიანმა.
მინისტერიალის ფარგლებში, მედიისთვის განცხადებები გააკეთეს აზრებაიჯანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებმაც ასევე მაღალი შეფასება მისცეს, საქართველოში გამართულ მინისტერიალს და ამ ფორმატში სამი ქვეყნის თანამშრომლობას.