“Tanap”-ის პროექტის გახსნას სოციალურ ქსელში გამოხმაურება უკვე მოჰყვა
“Tanap”-ის პროექტის გახსნას სოციალურ ქსელში გამოხმაურება უკვე მოჰყვა. მოქალაქე ირა ჭელიძე წერს, რომ პროექტის განხორციელება ქვეყნისთვის უსაფრთხოებას ნიშნავს.
“ნაბუკო რომ ჩაშალეს რუსებმა, ტანაპი გაკეთდა. ბაქო ჯეიხანი, ტანაპის პირველი კომპონენტია. ევროპას ვაწვდით. იცით ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს უ ს ა ფ რ თ ხ ო ე ბ ა ს! რეგიონის მოტამეშეები ვართ. ჩვენზე გადის ევროპის სითბო”,- წერს ჭელიძე.
პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის თქმით, კი მსგავსი ინფორმაციის გაზიარება ბედნიერებაა.
“ბედნიერებაა, როცა ასეთი ინფორმაციის გაზიარება გიწევს”,- წერს ლაგაზიძე.
“TANAP”-ის პროექტის მშენებლობის დასრულებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ბიზნესმენი და კომპანია “მაგთიკომის“ ყოფილი ხელმძღვანელი დევიდ ლი. მისი თქმით, ბიზნეს ინვესტიცია ამ რეგიონებში რამდენიმე დონეზეა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი.
“ბიზნეს ინვესტიცია ამ რეგიონებში არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის რამდენიმე დონეზე. ჩემი პოზიციაა: უფრო მეტი საქართველო ევროპაში და უფრო მეტი ევროპა საქართველოში. მომწონს რომ თურქეთი და აზერბაიჯანი არის ჩვენი კარგი მეგობრები და პარტნიორები. ეს ურთიერთობა არის დიდი უპირატესობა ევროპული ინვესტორებისთვის. რა თქმა უნდა მიხარია. წავიდეთ ევროპისკენ“, – წერს დევიდ ლი.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტით, საქართველო დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორის სტატუსს იმტკიცებს.
“უხმაუროდ ჩავლილი ენერგეტიკული და ეკონომიკური უსაფრთხოების გაძლიერება.
სამწუხაროდ, შესაბამისი აღნიშვნის გარეშე ჩაიარა “TANAP”-ის პროექტის ამუშავებამ, რომელის სრულფასოვანი ამოქმედებისათვის შესაბამის სამუშაოებს ბოლო 7 წლის განმავლობაში ერთობლივი ძალებით: საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ევროკავშირი ახორციელებდნენ, ძირითადად ამ უკანასკნელის ენერგოდივერსიფიცირების კონტექსტში.
თუმცა, ევროკავშირისთვის კარგი სამსახურის გაწევის გარდა, არ უნდა გამოგვრჩეს რომ TANAP-ის ამოქმედებით:
– 2023 წლისთვის საქართველოს მიერ მიღებული უფასო ბუნებრივი აირის მოცემულობა დღევანდელთან შედარებით პრაქტიკულად 5-მაგდება, მათ შორის მხოლოდ TANAP-ის გზით (23 მილიარდი კუბური მეტრის გატარებისთვის) საქართველო მიიღებს – 1.15 მილიარდ კუბურ მეტრს, დღევანდელი მოხმარების დაახლოებით ნახევარს;
– 2026 წლისთვის მაჩვენებელი 1.5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება (31 მილიარდი კუბური მეტრი აირის გატარებისთვის);
– საბოლოოდ კი დაგეგმილია TANAP-ის გამტარუნარიანობის 60 მილიარდ კუბურ მეტრამდე აყვანა, რაც საქართველოსთვის 3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებვირი აირის უსასყიდლოდ გადმოცემას გულისხმობს, საქართველოს დღევანდელ მოხმარებაზე – 1.4-ჯერ მეტს.
ცნობისთვის:
– დღეისთვის საქართველო ტრანზიტის სანაცვლოდ დაახლოებით 300 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს იღებს უსასყიდლოდ, პლიუს მონეტარული ფორმით სომხეთში გატარებული ტრანზიტის 10%-ის ეკვივალენტს (დაახლოებით 130 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ღირებულებას).
– 2018 წლის მონაცემებით საქართველომ 2.2 მილიარდი მეტრკუბი ბუნებრივი აირი მოიხმარა, მათ შორის: საყოფაცხოვრებო დანიშნულების – 851 მილიონი; თბოელექტროსადგურებმა – 489 მილიონი; ავტოგასამართმა სადგურებმა – 229 მილიონი, დანარჩენი კი – არასაყოფაცხოვრებო სექტორის წილია.
– რაც შეეხება მომწოდებლებს: 97% აზერბაიჯანზე მოდის (უსასყიდლო გაზის ჩათვლით), უმნიშვნელოა რუსეთის (1.7%) და ადგილობრივი მოპოვების წილი (0.4%).
დასკვნა:
– საქართველო იღებს გაზრდილ ენერგო-უსაფრთხოებას;
– საქართველო იღებს გაზრდილ ეკონომიკურ უსაფრთხოებას;
– საქართველო იმტკიცებს დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორის სტატუსს”,- წერს ჭარაია.
ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის, ოთარ ანგურიძის შეფასებით, კი საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სატრანზიტო პროექტები ქვეყანას, როგორც ორი კონტინენტის მაკავშირებელ ხიდს უფრო მეტად წარმოაჩენს გლობალურ რუკაზე უფრო მეტად წარმოაჩენს.
“საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სატრანზიტო პროექტები ქვეყანას უფრო მეტად წარმოაჩენს გლობალურ რუკაზე, როგორც ორი კონტინენტის მაკავშირებელ ხიდს.
აღსანიშნავია, რომ TANAP-ის მილსადენის წლიური გამტარულარიანობა დასაწყისში 16 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნება, საიდანაც 1,1 მლრდ კუბურ მეტრ გაზს საქართველო მიიღებს სატრანზიტო წილის სახით. ხოლო საქართველოს გაზის წლიური მოხმარება 2,7 მლრდ კუბურ მეტრამდეა. არსებული მილისადენი პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან, რადგან ამ გაზსადენით ბუნებრივი აირი მიეწოდება ევროკავშირის სამხრეთ ქვეყნებს, რაც ბუნებრივად უწყობს ხელს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის ზრდას.
საერთაშორისო პროექტები ხაზს უსვამს საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობას, რაც საერთაშორისო თანამეგობრობებისა და ინვესტორების თვალში ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს ზრდის.
ამასთან, იმ ფონზე, როცა ქუჩაში მიმდინარეობს დესტრუქციული ძალების მხრიდან პროვოკაციული აქციები და იხსნება ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები დასტურია იმისა, რომ ქვეყანა მიდის წინ და უფრო მეტად აძლიერებს საერთაშორისო კავშირებს”,- წერს ანგურიძე.
აღნიშნულ პროექტს სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი, შოთა გულბანიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის (TANAP) პროექტით, საქართველოს გეოპოლიტიკური როლი და უსაფრთხოების საკითხი კიდევ უფრო მტკიცდება.
“გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის (TANAP) პროექტის დაწყებით ისტორიული მომენტის მომსწრე გავხდით. თავისი ეკონომიკური, ენერგოუსაფრთხოების და გეოპოლიტიკური შინაარის მიხედვით პროექტი საქართველოს ბევრ სარგებელ უქადის. მათ შორისაა გაზრდილი წილი გატარებული ბუნებრივი აირიდან. კერძოდ: აქამდე „შაჰდენიზის“ გაზსადენით, საიდანაც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთს მიეწოდება გაზი, საქართვეო გატარებული გაზის 5%-ს ღებულობს, რაც 300 მილიონი კუბური მეტრი გაზია, ხოლო ტრანს-ანატოლიური მილსადენის მშენებლობით, რომლითაც აზერბაიჯანული გაზი უკვე ევროპას მიეწოდება საქართველოსა და თურქეთის გავლით, 2023 წლისთვის საქართველო წელიწადში 1,1 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს სატრანზიტო წილის სახით მიიღებს. ამ პერიოდისათვის მილსადენის გამტარუნარიანობა 23 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს, ხოლო დასაწყისისთვის ბუნებრივი აირის გამტარუნარიანობა 16 მილიარდი კუბური მეტრი იქნება.
ამ პროექტით კიდევ უფრო მტკიცდება საქართველოს გეოპოლიტიკური როლი და უსაფრთხოების საკითხი, რასაც ინვესტორები დიდ ყურადღებას აქცევენ. კერძოდ, TANAP-ის პროექტის გაგრძელება ტრანს-ადრიატიკული მილსადენია, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთის და ალბანეთის გავლით განახორციელებს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას სამხრეთ იტალიაში. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენთან რაიმე საფრთხე შეექმნა მილსადენს მაგალითად აგრესორი ქვეყნის მხრიდან, პრობლემა შეექმნება ევროპის მნიშვნელოვან ნაწილს ბუნებრივი აირით მომარაგების ნაწილიში, რაც დამატებითი გარანტიაა ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ეხლა უნდა დავჯდეთ და კარგად მოვიფიქრთ, საქართველოში დარჩენილი გაზის წილით როგორ ვისარგებლოთ მაქსიმალურად ეფექტურად”,- წერს გულბანი.
გიორგი გახარიამ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ილჰამ ალიევთან ერთად, თურქეთში სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი – ტრანს ანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) გახსნა. პროექტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივად დააჭირეს ხელი სიმბოლურ ღილაკს, რომლითაც ბუნებრივი აირის ნაკადი აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით ამ პროექტის ფარგლებში პირველად გაეშვა. პროექტის ღირებულება 10 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. “TANAP”-ის მილსადენი წლიურად 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს გაატარებს. მომავალში დაგეგმილია გამტარუნარიანობის გაზრდა, 2023 წლისთვის – 23 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2026 წლამდე – 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე.