ერთხელ რეპეტიციაზე დასასწრებად მისულ ლავრენტი ბერიას ევგენი მიქელაძემ დარბაზი დაატოვებინა სიტყვებით: „თუ შეიძლება, უცხო პირები ნუ შემოდიან.“
ბერია, ისევე როგორც ქეთუსიასთან შეხვედრისას, კვლავ უსიტყვოდ გაეცალა იქაურობას, თუმცა…

1937 წლის 4 ნოემბერს „ლატავრას“ გენერალური რეპეტიცის შემდეგ ევგენი მიქელაძე თბილისის ოპერის თეატრიდან აიყვანეს.
უშიშროების საგამოძიებო საქმეში ვკითხულობთ „ერ. გორდელაძისგან მიღებული დავალების შესრულების მიზნით, ბრალდებული მიქელაძე მავნებლურ მუშაობას ეწეოდა ფალიაშვილის სახელობის თეატრში, რაც გამოიხატებოდა თეატრის მუშაობის დეზორგანიზებაში, ინტრიგებისა და კინკლაობის მოწყობაში თანამშრომლებს შორის და დადგმების მიმართ კრიზისული ვითარების შექმნაში, თეატრის  სამხატვრო გეგმის ჩაშლაში“.
მაშინ უნიჭიერესი მუსიკოსი 35 წლის იყო…
ქეთ­ევანს კი, როგორც სამშობლოს მოღალატის მეუღლეს, შინსახკომის განსაკუთრებული სათათბიროს 1938 წლის 7 იანვრის დადგენილებით, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ასე აღმოჩნდა ქეთევან ორახელაშვილი აკმოლინსკის ბანაკში.

ცნობილი ქართველი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე, რომელსაც ევგენი მიქელაძესთან ნათესაური კავშირი ჰქონდა, იხსენებდა, რომ გადასახლებიდან დაბრუნებული და ნატანჯიც კი ქეთუსია ორახელაშვილი ულამაზესი იყო და ლანა ღოღობერიძემ თავის ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხზე“ ერთ-ერთ როლში გადაიღო.

ევგენი მიქელაძისა და მისი ოჯახის ტრაგედიაზე გიგა ლორთქიფანიძის მეუღლე, მსახიობი ქეთევან კიკნაძე გვესაუბრა:

– ჟენია მიქელაძე და ქეთუსია ორახელაშვილი გიგასთვის ძალიან ახლობელი ადამიანები იყვნენ. ჟენია ქუთაისში დაიბადა. ის საოცრად ნიჭიერი ადამიანი იყო და აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტზე უკრავდა. ძალიან ადრეულ ასაკში გაითქვა სახელი.  მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, მას არა მარტო საქართველოში, მსოფლიოშიც იცნობდნენ. მის კონცერტებს ხშირად ესწრებოდა პროკოფიევი და უდიდეს პროფესიონალად აღიარებდა… ქეთუსიასა და ჟენიას ერთმანეთი მალე შეუყვარდათ, მაგრამ მათი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. როდესაც ჟენიას დასაპატიმრებლად მივიდნენ, იმ ღამეს ქეთუსიაც აიყვანეს სახლიდან… მაშინ მათი უფროსი შვილი 3 წლის იყო, უმცროსი კი წლინახევრის.
– ამბობენ, რომ დახვრეტამდე ევგენი მიქელაძე სასტიკად აწამეს…
– დიახ, საშინლად სცემეს და თვალები დასთხარეს. ამბობენ, რომ თვალებდათხრილმა დირიჟორმა წამების დროს, უბადლო სმენის წყალობით, ბერიას ხმა იცნო. მაშინ ამ უნიკალურ მუსიკოსს ყურებში თოფის საწმენდი „შომპოლი“ გაუყარეს და სასტიკად ნაწამები რამდენიმე დღის შემდეგ დახვრიტეს…
– როგორც ცნობილია, ქეთევან ორახელაშვილის გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, დიდხანს აღარ უცოცხლია…
– გადასახლებიდან დაბრუნებულ ქეთუსიას პირველად ოპერაში შევხვდით. თმები სულ გათეთრებული ჰქონდა, მაგრამ წარმოუდგენლად ლამაზი იყო. იგი მალე გარდაიცვალა, რადგან ამდენმა ტანჯვამ მთლიანად გაანადგურა.
ევგენი მიქელაძისა და ქეთევან ორახელაშვილის შვილების ცხოვრება როგორ განვითარდა?
– ჟენიას დახვრეტის შემდეგ, 1951 წელს, როცა ვახტანგი და თინიკო სრულწლოვნები გახდნენ, ყარაგანდაში გადაასახლეს და მათთან შეხვედრა მოგვიანებით მოხდა. ჩვენ ორივესთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. მე თინასთან ვმეგობრობდი, ვახტანგიც ძალიან ხშირად მოდიოდა ჩვენთან. ამ ადამიანებთან ძალიან ბევრი მოგონება მაკავშირებს. ამჟამად, თინიკო გარდაცვლილია, ვახტანგი კი კინოდოკუმენტალისტიკაში მოღვაწეობს. სამწუხაროა, რომ მათი არაჩვეულებრივი მშობლების სიყვარული და ოჯახური ცხოვრება ასე ტრაგიკულად განვითარდა. მეტს ვეღარაფერს გეტყვით…

წყარო : funtime.ge