ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიაზე დღეს რეზოლუციებს განიხილავენ

თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიამ მუშაობის მეორე დღე დაწყო, სადაც ამ დროისთვის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხთა გენერალური კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს.
დღესვე გაიმართება ეკონომიკური მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის გენერალური კომიტეტისა და დემოკრატიის ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა გენერალური კომიტეტის სხდომები.
როგორც საქართველოს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, კომიტეტებში რეზოლუციების განხილვა დაიწყო. მისივე თქმით, ყველა რეზოლუციაზე, მათ დამატებებზე, შესწორებებზე დებატები მიმდინარეობს, ხოლო ხვალ, ან ზეგ საბოლოო რეზოლუციებზე კენჭისყრა გაიმართება.
„ხვალ ან ზეგ საბოლოო კენჭისყრა იქნება რეზოლუციებზე და შემდეგ ეს ყველაფერი გაერთიანდება ერთ დოკუმენტში, რომელიც იქნება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის საერთო დოკუმენტი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
გია ვოლსკის ინფორმაციით, რეზოლუციები აქვთ სხვადასხვა ქვეყნებს, მათ შორის უკრაინას. ასევე, საქართველოსაც აქვს რეზოლუცია, თავისი შეფასებებით, ანალიზით, ვითარების პოლიტიკური დახასიათებით, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი.
„არც უკრაინის რეზოლუციას და არც საქართველოს რეზოლუციას რუსეთი რასაკვირველია მხარს არ დაუჭერს. არის დელეგაციები, რომლებიც უფრო შერბილებულ შეფასებას მოითხოვენ. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. საერთაშორისო ფორუმი იმით არის საინტერესო, რომ ქვეყნების პოზიციები ყალიბდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები