დავით უსუფაშვილი: „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიიდან ქართველების ეთნიკურ წმენდას თბილისიდან ეუთოს მისიის წმენდაც მოჰყვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ეუთომ არათუ ვერ შეძლო, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის პრევენცია და მისი შეჩერება, არამედ თავადაც კი აღმოჩნდა განდევნილი საქართველოს ტერიტორიიდან.
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეუთოს 25-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ეუთო არის უსაფრთხოების სფეროში მსოფლიოს ყველაზე დიდი და გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ყველაზე უკეთ ახერხებდა ეპოქის მოთხოვნებისთვის ფეხის აწყობას.
„სწორედ ასე მივიღეთ ჰელსინკის პროცესიდან ჯერ კონფერენცია, შემდეგ ორგანიზაცია თავისი საპარლამენტო ასამბლეით. დროა, დავფიქრდეთ, თანამედროვე ეპოქამ ხომ არ მოიტანა ეუთო-ს შემდგომი ტრასფორმაციის აუცილებლობაც, რათა იგი უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს უსაფრთხოების და თანამშრომლობის მზარდ დეფიციტს. ამ მოსაზრებისკენ გვიბიძგებს, მაგალითად, საქართველოს შემთხვევა. ეუთომ არათუ ვერ შეძლო 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის პრევენცია და მისი შეჩერება, არამედ თავადაც კი აღმოჩნდა განდევნილი საქართველოს ტერიტორიიდან. „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიიდან ქართველების ეთნიკურ წმენდას თბილისიდან ეუთოს მისიის წმენდაც მოყვა. ეს დასაფიქრებელი შემთხვევაა, რათა ვიფიქროთ, ორგანიზაციის მისიის შესასრულებლად აუცილებელ ტრანსფორმაციაზე. მოხარული ვიქნებით, თუ საქართველოს ეს გამოცდილება, ეს შემთხვევა იქნება მაგალითი იმისა, რომ საჭიროა წინსვლა და სხვა სტანდარტების დამკვიდრება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები