გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ, არცერთ შემთხვევაში, არ შევეცდებით სამხედრო გზით იმ სირთულეების მოგვარებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა

„ჩვენ, არცერთ შემთხვევაში, არ შევეცდებით სამხედრო გზით იმ სირთულეების მოგვარებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა,“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა ყველა მხარეს მოუწოდა, სიტუაციის დარეგულირების პროცესში ჩაერთოს.
„მინდა გამოვხატო აღტაცება იმითი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესია – ტარდება ჩვენთან, ქვეყანაში, რომელმაც 25 წლის წინ გააკეთა უმნიშვნელოვანესი ისტორიული არჩევანი და მტკიცედ, მთელი მსოფლიოს გასაგონად გააჟღერა ქართველი ერის ნება, რომ ააშენოს თანამედროვე, დემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე დამყარებული, ევროპული ტიპის სახელმწიფო. ადამიანის უფლებების დაცვა, თანამშრომლობისა და მოლაპარაკებების გზით სვლა ეს ის ღირებულებებია, რომელმაც ოთხი ათეული წლის წინ გააერთიანა კაცობრიობა და ამ გაერთიანების შედეგად მოგვცა ჰელსინკის პროცესი. საქართველო არის აქტიური მონაწილე ეუთო-ს პროცესის და ჩვენ აქტიურად გვჯერა, რომ ნებისმიერი ტიპის დაძაბულობა შესაძლებელია მოიხსნას ინტენსიური დიალოგით, მსჯელობით იმ საჭიროებებზე, რომლებიც გააჩნიათ დაპირისპირებულ მხარეებს. საქართველომ მტკიცედ განაცხადა და ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არცერთ შემთხვევაში, იმ სირთულეების მოგვარებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა, არ შევეცდებით სამხედრო გზით. მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ ასევე მტკიცედ ჩაერთოს სიტუაციის დარეგულირების პროცესში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები