თამაზ მეჭიაური: „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე პოლიტიკურ ძალად წარმოჩენა სჭირდება

პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი თამაზ მეჭიაური ბოლო დღეებში სახელისუფლებო პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სარეიტინგო კვლევის შედეგების გამოქვეყნებას კრიტიკულად აფასებს და მიიჩნევს, რომ, სხვა საკითხების მსგავსად, აქაც ადგილი აქვს ორი პოლიტიკური ძალის ინტერესების თანხვედრას.
თამაზ მეჭიაურმა აღნიშნულ თემაზე „კვირას“ პრესკლუბში გამართულ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთთან თითქოს დაპირისპირებულნი არიან, მაგრამ მათი ინტერესები ფაქტობრივად ერთმანეთს ემთხვევა.
„ისინი, ერთი მხრივ, თითქოს დაპირისპირებულნი არიან, მაგრამ მათი ინტერესები აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს. ეს აისახება როგორც მათ პოლიტიკურ ორიენტაციაზე, ისე მათ ინტერესზე, რომ მოსახლეობაში წარმოაჩინონ, ისე, თითქოს არსებობს მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მხარს,“ – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე პოლიტიკურ ძალად წარმოჩენა იმისთვის სჭირდება, რომ მმართველი პარტია პოლიტიკურად გაკოტრდა და მას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების შანსი დარჩა.

„ხელისუფლების მიზანი ემსახურება იმას, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად გაკოტრდა და მას დარჩა ერთადერთი შანსი, დაამარცხოს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა.“
სხვა პოლიტიკური ძალების დამარცხება მისთვის პრობლემა იქნება. ამიტომაც მტრის ხატი, – „ნაციონალური მოძრაობა,“ რომელიც იყო და რჩება დანაშაულებრივ ორგანიზაციად და რომლის მსხვერპლთა რიცხვი დღითი დღე მატულობს, მმართველი პარტიისთვის მისი დამარცხება პრობლემას არ წარმოადგენს. მოსახლეობას შეუძლია ნებისმიერი პოლიტიკური ძალა მიიღოს, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მისი აზრით, ყოველივე ამას ემსახურება კვლევების ის შედეგებიც, რომლის დიდი ნაწილი უშუალოდ “ნაციონალური მოძრაობის“ შეკვეთით და პატრონაჟით არის ჩატარებული, ხოლო მეორე, – „ქართული ოცნების“ მიერ შიდა მოხმარებისთვის ე.წ. გამოკვლევები.
„ამ კვლევების შედეგების გაყალბებაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, დახატოს ისეთი სურათი, თითქოს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ თანაბარი ძალისანი არიან, ხოლო მომდევნო პოლიტიკური სუბიექტები ასევე იგივე ორიენტაციის სატელიტები. ამით ფაქტობრივად ისეთ სურათს ქმნიან, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“, ან მის სატელიტ პარტიებს და მეორე ადგილზე არის „ქართული ოცნება“.
„ქართული ოცნება“ კი, ხატავს ისე, რომ თვითონ არის პირველ ადგილზე, მეორეზე – “ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დამარცხება არის ადვილი“, – თქვა თამაზ მეჭიაურმა.
შეკითხვაზე, თუ ვინ არიან დანარჩენი სუბიექტები, რომლებიც სატელიტ პარტიებად მოიაზრებიან, თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ თავად ზუსტად არ იცის, მაგრამ ჩატარებული კვლევებით, ზოგგან ირაკლი ალასანიას პარტიაა, ზოგან – პაატა ბურჭულაძის, ზოგან -„რესპუბლიკელების, „ლეიბორისტების“ და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები