საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება ძალაში შევიდა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება დღეიდან ძალაში შევიდა.
რატიფიკაციის პროცედურების დასრულების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ 23 მაისს მიიღო.
რატიფიკაციის პროცესი ორ წელზე ნაკლები გაგრძელდა და მასში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტი, ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეთანხმების უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში რატიფიკაცია ცალსახად წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდაჭერას.
“1 ივლისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორიაში, ვინაიდან ასოცირების შეთანხმება უკვე ოფიციალურად გახდა ევროკავშირთან სრულიად ახალი, მაღალი დონის თანამშრომლობის განმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო. დღეიდან, ოფიციალურად ამოქმედდა ხელშეკრულების ყველა დებულება და საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, რომელიც ევროპული პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტების დანერგვას გულისხმობს, შეუქცევადად და სრულმასშტაბიანად წარიმართება”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2014 წლის 27 ივნისს და დროებით ამოქმედდა 2014 წლის 1 სექტემბრიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები