მაიკლ ტერნერი – 2008 წელს რუსეთმა საქართველო ნატოსთან დაახლოების გამო დასაჯა
რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში საქართველო დასაჯა იმის გამო, რომ ქვეყანამ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზა აირჩია. ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე მაიკლ ტერნერი წერს ანგარიშში: „შეკავება დაცვის მიზნით: ნატოს დაპირების შესრულება“.
„რუსეთი იყენებს ძალას, რათა ჩაახშოს საქართველოსა და უკრაინის არჩევანის თავისუფლება. 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში „სამშვიდობო“ ძალებისთვის, ვითომდა, საფრთხის გამო, რუსეთმა პირდაპირი შეიარაღებული აგრესია განახორციელა და საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა. არ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ეს ომი დაგეგმილი იყო, როგორც საქართველოს დასჯის მეთოდი, რადგანაც მან ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზა აირჩია“, – წერს ტერნერი.
მისი თქმით, რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ იყო არაპროპორციული იმ შეტაკებებთან მიმართებაში, რომელიც თავდაპირველად სამხრეთ ოსეთში მოხდა.
„არსებობს ინფორმაცია, რომ რუსეთმა თავისი ბირთვული ძალებიც კი მოიყვანა მზადყოფნაში. ამან მოსკოვს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე სამხედრო კონტროლის გაფართოებისა და გაძლიერების საშუალება მისცა“, – წერს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე.
რუსეთის ქმედებები იყო საერთაშორისო სამართლის და გაეროს უშიშროების საბჭოს 32 რეზოლუციის პირდაპირი დარღვევა, სადაც აფხაზეთი მოხსენიებულია, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი.
მაიკლ ტერნერი აღნიშნავს, რომ რუსეთს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დღემდე ჰყავს განთავსებული რამდენიმე ათასი სამხედრო და ის ისევ განაგრძობს ე.წ. საზღვრის მოწყობის პროცესს.
ანგარიშის თანახმად, უკრაინაში შეჭრით და მისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციით პუტინმა და რუსეთმა დაანახა მსოფლიოს, რომ ის არა მარტო უარს ამბობს თანამშრომლობაზე, არამედ აგრესიული, არაპროგნოზირებადი და მატყუარა ქვეყანაა.
მაიკლ ტერნერი წერს, რომ რუსეთის ქმედებები მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რადგან მანამდეც ამის უამრავი სიგნალი არსებობდა. თუმცა, დასავლურ პოლიტიკას მეტისმეტად დიდხანს ამოძრავებდა მცდარი აზრი, რომ რუსეთმა დასავლური ტიპის დემოკრატიის, ლიბერალიზმისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზა აირჩია. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე წერს, რომ რუსეთმა საერთაშორისო სამართალი და ფუნდამენტური ნორმები უხეშად დაარღვია, რის გამოც უახლოეს მომავალში რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობების აღდგენა მოსალოდნელი არ არის. მაიკლ ტერნერის აზრით, ვარშავის სამიტზე მთავარი პრიორიტეტი ნატოს შემაკავებელი ფუნქციების შემდგომი გაძლიერება უნდა გახდეს, ნატომ უნდა გადადგას შემდგომი ნაბიჯები კოლექტიური თავდაცვის გასაძლიერებლად, უზრუნველყოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის დროული ამოქმედება და აჩვენოს რუსეთს, რომ რჩება ბირთვული ძალების მქონე ალიანსად.
შეგახსენებთ, რომ ვარშავაში ნატოს სამიტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი რუსეთის აგრესიული გეგმების წინააღმდეგ აუცილებელი ზომების შემუშავება გახდება. სამიტი 8-9 ივლისს გაიმართება.