აეროპორტის გზაზე დიოდური სანათები დაამონტაჟეს

„სინათლის ქალაქმა“ თბილისის აეროპორტის შესასვლელთან კომპანია Philips-ის მიერ წარმოებული დიოდური სანათები დაამონტაჟა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სანათები თბილისში საპილოტე პროექტის ფარგლებში, საცდელი ვადით დამონტაჟდა. გარკვეული დროის განმავლობაში მათ ეფექტურობას სპეციალისტები დააკვირდებიან. დიოდური განათების ჩართვის პროცესს გვიან ღამით „სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელობა და კომპანია Philips-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. „სინათლის ქალაქის“ დირექტორის, ვასილ ხორავას თქმით, მსოფლიო ბაზარზე ცნობილმა კომპანია Philips-ის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს, რომ თბილისის ერთ-ერთ უბანში საპილოტე პროექტი განეხორციელებინათ და მათ მიერ წარმოებული სანათები საცდელი ვადით დაემონტაჟებინათ.
„ადგილი, თუ სად დამონტაჟდებოდა სანათები, მათ თავად აირჩიეს და აეროპორტის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე 6 დიოდური სანათი დამონტაჟდა. დღეიდან სპეციალისტები მათ ეფექტურობას დააკვირდებიან და შესაბამის დასკვნას წარმოადგენენ“, – განაცხადა ვასილ ხორავამ.
კომპანია Philips-ის წარმომადგენლებმა „სინათლის ქალაქთან“ სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს. მიმდინარე წლის მარტში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მოიწონეს თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც თბილისის 100 000 სანათის დიოდური სანათებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. დიოდური სანათები ელექტროენერგიის 60–70 %-იან ეკონომიას გასწევს. 50 დიოდური სანათი უკვე დამონტაჟებულია ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე და სკვერში, ასევე ბარათაშვილის ხიდზე. საპილოტე პროექტები „სინათლის ქალაქმა“ პოლონურ კომპანიებთან „ბიო სულოშენ“ და „ევოლუცია პოლანდ“ ერთობლივად განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები