გიორგი ალიბეგაშვილი ისნის მოსახლეობას რაიონის სამაჟორიტარო ბიუროში შეხვდა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ზურაბ ნეფარიძის სამაჟორიტარო ბიუროს ესტუმრა. საკრებულოს თავმჯდომარე ოთხშაბათის ტრადიციულ, დეპუტატის მიერ მოქალაქეთა მიღებას დაესწრო.
ზურაბ ნეფარიძე გიორგი ალიბეგაშვილს მის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობასა და მათი საჭიროებების შესახებ ესაუბრა. ასევე გააცნო ინფორმაცია მოკლე პერიოდის განმავლობაში, რაიონის წინაშე მდგარი რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარების შესახებ.
საკრებულოს ინფორმაციით, საუბარი შეეხო რაიონში მდებარე ექვს ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგებას, მიტოვებული სკვერების განახლებას, საცხოვრებელი სახლების გამაგრებასა და გადახურვის სამუშაოებს, რომლებიც სოციალურად დაუცველ ოჯახებში განხორციელდა.
სამაჟორიტარო ბიუროში ასევე ისაუბრეს რაიონის მოსახლეობის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და სირთულეების შესახებ და მათი მოგვარების გზები დასახეს.
ამის შემდეგ, გიორგი ალიბეგაშვილმა მოქალაქეთა მიღება დეპუტატთან ერთად გააგრძელა.
საკრებულოს თავმჯდომარე, შეხვედრაზე, რაიონისა და მოსახლეობის პირად პრობლემებს გაეცნო. მოისმინა ინფორმაცია, მოქალაქეთათვის მაჟორიტარის მიერ გაწეული დახმარების შესახებ, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მედიკამენტებით უზრუნველყოფასა თუ სხვა დახმარების გაწევას ეხებოდა. მაჟორიტარმა დეპუტატმა, საკრებულოს თავმჯდომარეს იმ ღონისძიებათა ნუსხაც გააცნო, რომელთა განხორციელება უახლოეს პერიოდში, მოსახლეობასთან ერთად იგეგმება. განსაკუთრებით აღნიშნა, რომ მალე დეპუტატის ინიციატივით და მოსახლეობის მხარდაჭერით, რაიონში მამა გაბრიელის სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყება.
საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი სასიკეთო საქმეა დაწყებული, რომელთა შორისაც გამოყოფილია როგორც სასწრაფოდ გასაკეთებელი, ასევე ეტაპობრივად დასაძლევი საკითხები.
„ბატონი ზურაბი მხარში უდგას თავის მოსახლეობას, ამომრჩეველს და ცდილობს, რომ მაქსიმალურად შეუმსუბუქოს და მოუგვაროს პრობლემები. მთავარია, ძალიან ბევრი სასიკეთო საქმეა დაწყებული, რომელთა შორისაც გამოყოფილია როგორც სასწრაფოდ გასაკეთებელი, ასევე ეტაპობრივად დასაძლევი საკითხები“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
თავის მხრივ, მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ალიბეგაშვილს სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, საკრებულოსთან და მერიასთან ერთობლივი მუშაობით, ქალაქისთვის ბევრი კარგი საქმის გაკეთებაა შესაძლებელი.