ფოთში 112-ის SMS და ვიდეოზარის სერვისის შესახებ პრეზენტაცია ჩატარდა
ფოთში, 112-ის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია ჩაატარეს.
შსს-ს ინფორმაციით, ყრუ და სმენადაქვეითებულმა პირებმა ახალი სერვისის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. მსურველები ადგილზე დარეგისტრირდნენ.
“30 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით, საქართველოს ყრუთა კავშირის ხელშეწყობით, 112-ის SMS და ვიდეოზარის სერვისის შესახებ პრეზენტაციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება. 112-ის წარმომადგენლებმა ქუთაისსა და ბათუმში უკვე გამართეს პრეზენტაციები და მსურველებიც დაარეგისტრირეს.
საინფორმაციო შეხვედრების განმავლობაში სერვისის მომხმარებელ ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე დარეგისტრირდნენ 112-ის მონაცემთა ბაზაში, დეტალური ინფორმაცია მიიღონ ახალი სერვისის შესახებ და თავად შეამოწმონ ახალი მომსახურების ეფექტურობა.
შეგახსენებთ, რომ SMS და ვიდეოზარი ხელმისაწვდომია მთელ საქართველოში, 24 საათის განმავლობაში. სერვისი უფასოა და განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისათვის!
112-ის უფასო SMS და ვიდეოზარის სერვისი განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის. სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. სარეგისტრაციო ფორმის შევსება შესაძლებელია 112-ის ვებგვერდზე: www.112.ge.
ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს, გადაუდებელ შემთხვევებში, ექნებათ შესაძლებლობა, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეოზარის საშუალებით დამოუკიდებლად დაუკავშირდნენ 112-ს. გადაუდებელი დახმარების შესახებ შემოსული შეტყობინება სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო/სამაშველო სამსახურს გადაეცემა.
ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისგან შემოსულ შეტყობინებებს მიიღებენ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები.
112-ის ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. სერვისის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ყრუთა კავშირი. ხოლო გაეროსა და შვედეთის ელჩებმა მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო კამპანიაში, რომლის მეშვეობითაც ინფორმაცია ახალი სერვისის შესახებ ვრცელდება სატელევიზიო ეთერსა და სოციალურ მედიაში“,-აღნიშნავენ შსს-ში.