ონის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირება დაიწყო
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორი პარმენ მარგველიძე – ონის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას დაესწრნენ.კახა კალაძე ონში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას” ქალაქ ონის და ონის მუნიციპალიტეტის სოფლების: ხურუთის, ლაჩთას, შეუბანის, ღარის და ნიგვზნარას სრული გაზიფიცირების მიზნით “სორი-ონის” 12 კმ-იანი გაზსადენისა და შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა დაევალა. ჯამში აშენდება 67 კილომეტრის სიგრძის გაზსადენი (მკვებავი გაზსადენის ჩათვლით).
ამ ეტაპზე იწყება “სორი-ონის” 12 კილომეტრი მკვებავი გაზსადენის სამშენებლო სამუშაოები. ასევე მიმდინარეობს ქალაქ ონის და მისი მიმდებარე სოფლების (ხურუთის, ლაჩთას, შეუბანის, ღარის და ნიგვზნარას)გაზიფიცირების საპროექტო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ დაიწყება გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები.
განხორცილებული სამუშოების შედეგად ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 2 366 ოჯახს.
სამინისტროს ცნობით, ქალაქ ონის და მისი მიმდებარე სოფლების სრული გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2015 წლის ოქტომბერში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2015 წელს 14 მუნიციპალიტეტის 75 სოფლის გაზიფიცირების მიზნით ბიუჯეტიდან გამოიყო 20 მლნ ლარი. სოფლად მცხოვრები ათასობით ოჯახის გაზიფიცრების სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება.
შეგახსენებთ: ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ტარიფი 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდა.
ენერეგტიკის სამინისტროსა და გაზგამანაწილებელი კომპანიების შეთანხმებით ისევ შენარჩუნებულია ამ თანხის ეტაპობრვი გადახდის მექანიზმი და მოსახლეობას უკვე შემცირებული ტარიფის გადახდა 25 ლარიანი პორციებით, 16 თვის განმავლობაში შეეძლება. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.