ზრდასრულთა განათლების თემაზე შექმნილი ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი აცხადებს კონკურსს საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის გამოსავლენად ზრდასრულთა განათლების თემაზე. ზრდასრულთა განათლების კონკურსის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ზრდასრულთა განათლების (ფორმალური და არაფორმალური) შესახებ. კონკურსში განსახილველად მიიღება 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის მაისის ჩათვლით ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაცია (სტატია, ესსე) თემაზე: „საქართველოში ზრდასრულთა განათლების რეალობა და პრობლემები“.
საუკეთესო ნაშრომს გამოავლენს ზრდასრულთა განათლების ექსპერტებისა და ჟურნალისტების ჯგუფი. კონკურსში გამარჯვებულისთვის საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა დააწესა ჯილდო – 1000 ლარი. თანდართული შევსებული სააპლიკაციო ფორმა და საკონკურსო მასალები უნდა გაიგზავნოს ელფოსტის შემდეგ მისამართზე: khatiatsiramua@gaen.org.ge და khatiatsiramua@yahoo.com.
საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი 2014 წელს შეიქმნა. მისი მიზანია საქართველოში ზრდასრულთა განათლების პრინციპების პოპულარიზაცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობის შესახებ და ზრდასრულთა განათლების ისეთი სისტემის შექმნის ხელშეწყობა, რომელიც პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და უზრუნველყოფს განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ზრდასრული ადამიანისთვის. აღნიშნული კონკურსი ტარდება სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (DVV International) საქართველოს ოფისის ფინანსური მხარდაჭერით.